ქუთაისის სპორტის სასახლეში დღეს დაიწყო და 12 ივლისამდე გაგრძელდება ჭადრაკში ევროპის თასის გათამაშება, რომელშიც 8, 10 და 12 წლამდე ასაკის გოგონები და ბიჭები მონაწილეობენ. სულ წარმოდგენილია 200-ზე მეტი ნორჩი მოჭადრაკე საქართველოდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, უკრაინიდან, რუსეთიდან, ესტონეთიდან, საბერძნეთიდან, ბელგიიდან, ნორვეგიიდან და ლატვიიდან.
ეს ტურნირი ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტის, სილვიო დანაილოვის პატრონაჟით ტარდება. მან სპეციალური მიმართვაც კი გაავრცელა ევროპის თასის ქუთაისში გამართვის საპატიო მისიასთან დავაკშირებით.
ბიჭებიც და გოგონებიც შვეიცარიული სისტემით, 7 ტურად ითამაშებენ. პირველი ტური დღეს შედგა, მონაწილენი ხვალაც ერთხელ მიუსხდებიან საჭადრაკო დაფებს, 9 ივლისს ორი ტურის გამართვაა გათვალისწინებული, 10 და 11 ივლისს ისევ თითო-თითო ტურია, 12 ივლისის საღამოს კი, გამარჯვებულები დასახელდებიან.
ევროპის თასის საუკეთესო მოჭადრაკეებისთვის მრავალი ჯილდოა დაწესებული -ნოუთბუკებით დაწყებული და ფოტოაპარატებით დამთავრებული. ორგანიზატორებს ნორჩებისთვის სხვადასხვა პრიზებიც აქვთ დაწესებული. მატერიალურად წახალისდებიან საუკეთესო მოჭადრაკეების მწვრთნელები.
იუზა კაციტაძე ქუთაისიდან
ავტორის ფოტოები







