კატალონიის “ბარსელონას“ მშობლიური სტადიონი – “კამპ ნოუ“ კატალონიელი ქომაგებისათვის რაოდენ მნიშვნელოვან ნაგებობასაც წარმოადგენს, ეს ყველასათვის ცნობილი ამბავია. ბარსელონელებისათვის ეს ნაგებობა ხომ პრაქტიკულად საფეხბურთო ტაძრის ფუნქციას ატარებს. სწორედ ეს ფაქტორი გამოიყენა “ბარსას“ პრეზიდენტმა – სანდრო როსელიმ და გადაწყვიტა, რომ სტადიონი კიდევ უფრო მეტად შემოსავლიანი გახადოს. საამისოდ კი, სტადიონის ტერიტორიაზე ცოტა ხნის წინ მოეწყო სპეციალური კეთილმოწყობილი ფართი, სადაც არც მეტი, არც ნაკლები, საქორწილო რიტუალები გაიმართება.
“ბარსელონას“ ხელმძღვანელებს იმედი აქვთ, რომ კატალონიელების დიდი ნაწილისათვის “კამპ ნოუზე“ დაქორწინება მომავალში ტრადიციის სახეს მიიღებს და ამით კლუბის ბიუჯეტიც გვარიანად შეივსება. როგორც ჩანს, ტყუილად ნამდვილად არ შეგვიდარებია “ბარსას“ არენა ტაძარს და კლუბის პრეზიდენტს - როსელის სურს, რომ ამ შენობამ თავისი “ჭეშმარიტი ფუნქცია” სარიტუალო კუთხითაც იტვირთოს.







