ფეხბურთი

16:53 | 4.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

ქეცბაიას ნათქვამმა ფიფია გაანაწყენა

თბილისის "დინამო" 10 ივნისს შეიკრიბება, 19-ში კი ავსტრიაში გაემგზავრება შეკრებაზე

&

რამდენიმე დღის წინათ სრულიად საქართველომ დიდი ფეხბურთიდან გააცილა ყველაზე ტიტულოვანი ქართველი ფეხბურთელი, ამჟამად კი ქვეყნის ვიცეპრემიერი და ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე. მატჩის საორგანიზაციო ჯგუფის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ ამ ღონისძიების მაღალ დონეზე ჩატარებაში დიდი დახმარება მათ თბილისის "დინამოს" პრეზიდენტმა რომან ფიფიამ გაუწია, რომელთანაც წარმატებული სეზონის შემდეგ გასაუბრებას ვაპირებდით, თუმცა დიალოგი სწორედ კალაძის მატჩით დავიწყეთ.

რომან ფიფია: - კახა ნამდვილად იმსახურებდა ასეთ დაფასებას და გულით დავუდექით გვერდში. სტადიონი იყო თუ საორგანიზაციო საკითხები, ყველაფერში ვეცით პატივი. მართლაც ფანტასტიკური საღამო გამოვიდა, დაუვიწყარი. არ მგონია, ბევრი გვყავდეს ვინც შეძლოს ამდენი ასეთი დონის ვარსკვლავის ჩამოყვანა. კახა მართლაც დიდებული ფეხბურთელი გახლდათ, თითქმის ყველაფერი მოიგო, რისი მოგებაც შეიძლება. თან შესანიშნავი ადამიანია. ის „დინამოს" და "მილანის" ოჯახის სრულუფლებიანი წევრი იყო და სწორედ ეს ოჯახი გვესტუმრა თბილისში.

- ხომ არ გიფიქრიათ, სხვა ცნობილ ყოფილ დინამოელებსაც დაეხმაროთ გაცილების მატჩების მოწყობაში?

- რატომაც არა. ვისაც ეკუთვნის, ყველას გვერდში დავუდგებით.

- ახლა უფრო პრობლემურ საკითხებზე გადავიდეთ. თუმცა თავდაპირველად მინდა გკითხოთ ჩვენი ნაკრების მთავარი მწვრთნელის ერთ გამონათქვამზე, რომელიც მან ირლანდიაში გამგზავრების წინ უთხრა ჟურნალისტებს. კითხვაზე, ესპანელმა ჩისკომაც გამოთქვა ნაკრებში თამაშის სურვილიო, ქეცბაიამ მიუგო: კარგით რა, ხალხნო. რა ჩისკო... გადახედეთ ქართული ფეხბურთის ისტორიას, როგორი ფეხბურთელები გვყავდა. რომელ ჩისკოზეა ლაპარაკი. თანაც, წესებით, უცხოელი 5 წელი უნდა თამაშობდეს შენს ქვეყანაში, ნაკრებში გამოსვლის უფლება რომ დართონ. ეს დრო რომ გავა, ჩისკო თითქმის ჩემი ტოლი იქნებაო...

- ჩამოწერილი ფეხბურთელიაო - ვიმედოვნებ, ეს ფრაზა არასწორად გამოთქვა და ასე არ ფიქრობს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ნაკრების მწვრთნელის მხრიდან ასეთი საუბარი მიუღებელია ადამიანზე, რომელიც ქვეყნის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს, რომელმაც ყველაზე მეტი გოლი გაიტანა საქართველოს ჩემპიონატში. ბავშვებისთვის ის ლეგენდადაა ქცეული და ნაკრების მწვრთნელი გაიძახის, ჩამოწერილიაო. მაშინ თქვას, რომელი არ არის ჩამოწერილი. ვინ სჯობს მას? ასაკთან დაკავშირებით კი ჩემი გასაცემი პასუხი კვირა საღამოს რობი კინმა გასცა, როცა 2 გოლი გაგვიტანა. კინი ჩისკოსავით 32 წლისაა და არ მგონია, ჩისკოზე ბევრად ტიტულოვანი ფეხბურთელი იყოს.

ფეხბურთში მთავარი მოტივაციაა. ერთია ეროვნული ჩემპიონატი, მეორე და უმთავრესი - ნაკრები. როცა ქვეყნის საუკეთესო გუნდიდან მხოლოდ ორ მოთამაშეს იძახებ, რა მოტივაცია უნდა ჰქონდეთ მათ? ჩემი აზრით, კვარაცხელია, სეთურიძე, ხმალაძე, მერებაშვილი და დვალი ნაკრებში თამაშს იმსახურებენ. მათ ეს მიმდინარე სეზონში ნაჩვენები თამაშით და შედეგით დაამტკიცეს. მერწმუნეთ, სულაც არ მინდა, სიტუაცია დავამძიმო. 5 ივნისს დანიაში გვაქვს თამაში და წარმატებას ვუსურვებ ბიჭებს. კარგი იქნება, თუ სეზონს გამარჯვებით ჩავამთავრებთ, ეს სამომავლოდ დადებით ფსიქოლოგიურ მუხტს მისცემს ფეხბურთელებს. მაგრამ ვფიქრობ, სიტუაცია მისახედია.

- ცოტა განვავრცოთ და საერთოდ ქართული ფეხბურთის შესახებ ვთქვათ. მალე სპორტის მინისტრი ლევან ყიფიანი ახალ პროგრამას წარადგენს, რომლის მიხედვითაც საბიუჯეტო კოლუბები წელიწადში დახლოებით 1,5-მილიონიან დახმარებას მიიღებენ. საუბარია კერძო კლუბების დახმარებაზეც, თუმცა ამ მხრივ, კონკრეტული ჯერ ვერაფერი მოვისმინეთ. საერთოდ, ბოლო დროს მუნიციპალური და კერძო კლუბების თემა ერთობ აქტუალური გახდა და ვენ რას ფიქრობთ ამასთან დაკავშირებით?

- მთავარია სამართლინობის პრინციპი. ამ თემაზე მინსტრთანაც ვისაუბრეთ და ფედერაციაში “12-თა საბჭოზეც”. შევთანხმდით, რომ თუ დახმარება იქნა, ყველას ერთნაირად უნდა მოხმარდეს. მე რომ მკითხოთ, კერძო კლუბებს მეტი დახმარება სჭირდებათ, რათა ის რამდენიმე მართლაც ენთუზიასტი ბიზნესმენი არ დაფრთხეს და ფეხბურთს თავი არ დაანებოს. თორემ რა გამოდის, რახან ადამიანს სახლიდან მოაქვს ფული, დახმარება აღარ სჭირდება?

საერთოდ კი ვიტყვი, ყველას თანაბრად უნდა დაეხმარონ. კარგი იქნება, კერძო კლუბები საშემოსავლო გადასახადისგან რომ გაათავისუფლონ. ჩვენ ვამბობთ: არავინ უნდა იყოს გამორჩეული სახელმწიფოს და ხალხის ხარჯზე. მესაკუთრეს შეუძლია, თავისი პრიორიტეტები დააწესოს, მაგრამ ბიუჯეტიდან ყველა თანაბრად უნდა ფინანსდებოდეს. ახლა მუნიციპალურ გუნდებს წელიწადში დახლოებით 2 მილიონი ლარი სჭირდებათ სტაბილურობისთვის. თანაც აქ ინფრასტრუქტურული ვალდებულებებიც უნდა შედიოდეს. დღეს საქართველოში მხოლოდ 5 ნორმალური სტადიონი გვაქვს - ორი თბილისში, თითოც გორში, ზესტაფონსა და ქუთაისში.

- ბოლო დროს ბევრს საუბრობენ უმაღლეს ლიგაში გუნდების 16-მდე გაზრდის თაობაზე...

- თუ სახელმწიფომ სათანადოდ ვერ დააფინანსა, მაშინ ყველაფერს აზრი ეკარგება. ჩემი მთავარი მიზანი ნორმალურ, კონკურენტუნარიან გარემოში თამაშია. აუცილებლად გვჭირდება ძლიერი კლუბები, რთული სპარინგები, ქართული ფეხბურთი მხოლოდ ასე მიაღწევს ევროპულ დონეს.

- "დინამოში" სვლისას ამბობდით, რომ ეტაპობრივად დაახლოებით 40 მილიონი დოლარის ინვესტიციას განახორციელებდით. ამ მხრივ როგორა საქმე?

- 40 მილიონზე მეტი უკვე დახარჯულია და ამაზე შეჩერებას არ ვაპირებთ. ხომ ხედავთ, როგორი საწვრთნელი ბაზა გავაკეთეთ. ბავშვთა აკადემია კი ჩვენი სიამაყეა. ცოტა ხანში ის საბოლოოდ დასრულდება და შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოში შეიქმნება კერა, სადაც უამრავი ნიჭიერი ფეხბურთელი დაფრთიანდება. თუმცა მსგავსი აკადემიები ქვეყნის მასშტაბით კიდევ რამდენიმე გვჭირდება.

- აკადემიის მოსწავლე გადასახადს იხდის?

- არა. გადასახადს არ იხდის. პირიქით, წარჩინებულებს სტიპენდიასაც ვაძლევთ. ბევრი არ არის, მაგრამ მაინც სტიმულია მოზარდებისთვის. მალე აკადემიაში ისეთი პირობები იქნება, ბავშვებს სახლში წასვლა აღარ მოუნდებათ. ასევე რაიონებიდან ჩამოგვყავს ნიჭიერები. ჯერჯერობით რამდენიმე ასეთი ბავშვი გვყავს. მათ ყველა პირობა ექნებათ შექმნილი. ისინი ბაზაზე იცხოვრობენ და ივარჯიშებენ. ეს არის ჩვენი მომავალი და კარგად უნდა მოვუაროთ. ძალიან საამაყო საქმეა და ბედნიერი ვარ, რომ მისი გაკეთების საშუალება მომეცა. თანაც ყველაფერი წელიწად-ნახევარში გაკეთდა. უფრო სწრაფად გვინდოდა, მაგრამ მუშებთან პრობლემები შეგვექმნა და შემდეგ სხვები დავასაქმეთ.

- წლეულს "დინამო" ჩემპიონიც გახდა და ქვეყნის თასიც მოიპოვა. მოკლედ შევაფასოთ განვლილი სეზონი, მით უმეტეს, რომ გარკვეულ ეტაპზე მავანთა კეთილსინდისიერებაში შეიტანეთ ეჭვი.

- საერთოდ, ეს მსოფლიო სენია და ფიფა-უეფა მას მკაცრად ებრძვიან, ჰყავთ საგანგებო აგენტები, ოფიცრები, მაგრამ მაინც ძალიან უჭირთ გარიგებული თამაშების დამტკიცება. ცხადია, ამას ვერც მე დავამტკიცებ, თუმცა ზოგიერთი გუნდის ქცევა ეჭვს იწვევდა. მაგლითად, ჩვენთან სულ სხვა სულისკვეთებით თამაშობდნენ და სხვასთან ხეირიანად კარშიც არ დაურტყამთ. სიმართლე ვთქვი და რატომ უკვირთ? "დინამო" რომ ღირსეულად გახდა ჩემპიონი, ყველამ იცის და პირველ რიგში - ჩემმა კოლეგებმა.

- შესძლოა, ეს იმიტომ ხდება, რომ "დინამოსთან" ყველა გაორმაგებული ენერგიით თამაშობს.

- გეთანხმებით, ესეცაა, მაგრამ ამას უკვე მიჩვეულები ვართ. აქ უბრალოდ რაღაც სიახლეები დაემატა. გაუგონარი არაფერი მითქვამს, ფეხბურთის სამყაროში ბევრი ჭორები დადიოდა, აი, ეს ამას არ მოუგებს, ის რაღაც ვალს დაუბრუნებს და ასე შემდეგ. სამწუხაროდ, უმეტესობა შემდეგ მართლდებოდა. ჩემპიონატს ფედერაცია ატარებს და სწორედ ისაა მსგავს მოვლენებზე პასუხისმგებელი. ჩვენ სხვა მიზნები გვაქვს, გვინდა ნამდვილი სპარინგი და ნამდვილი გამარჯვება, რათა ევროსარბიელზე გაგვიადვილდეს თამაში.

- გუნდის დღევანდელი მდგომარეობით კმაყიფილი ხართ?

- ცხადია, კმაყოფილი ვარ. ჩემპიონებიც გახდნენ, თასიც მოიგეს. ძალიან კარგი ბიჭები არიან. თუმცა ჩვენი მიზანი ევროპაში წარმატებული გამოსვლაა. ადრეც მითქვამს, ძალიან სერიოზული, მრავალწლიანი გეგმები გვაქვს და მიზანმიმართულად ვმოქმედებთ. ხომ გახსოვთ, შარშან ევროთასებზე საერთოდ ვერ მოვხვდით, მაგრამ ამისგან ტრაგედია არ შეგვიქმნია. სწორი დასკვნები გამოვიტანეთ და წლეულს საქართველოში შედეგი უკვე მივიღეთ. მაგრამ ეს საკმარისი არაა, ზაფხულში აუცილებლად დავიმატებთ რამდენიმე ფეხბურთელს.

- ამბობენ, თითქოს "დინამო" დათო კვირკველიას, ალეკო ამისულაშვილის, გიორგი ლომაიასა და რაც ყველაზე საინტერესოა, ლეგენდარული ჩეხისმილან ბაროშის დამატებას აპირებსო. ბაროშის ტრანსფერს მის თანამემამულე დუშან უჰრინს მიაწერენ...

- არ ვიცი, ვინ მოიგონა ეს ჭორი, აბსოლუტურად უსაფუძვლო საუბრებია. ჩვენ საკუთარი ხედვა გვაქვს. რამდენიმე ფეხბურთელს ვაკვირდებით, მათ შორის საქართველოს ჩემპიონატიდანაც. ვნახოთ, მათ ვინაობას ცოტა ხანში გაიგებთ.

- დუშან უჰრინზე რას იტყვით?

- უჰრინი სავსებით აკმაყოფილებს ჩვენს დღევანდელ მოთხოვნებს. მას საკუთარი მოტივაცია გააჩნია და სანამ ასე იქნება, "დინამოს" მწვრთნელად დარჩება. მთავარია პროგრესი. გუნდი ყოველწლიურად უნდა პროგრესირებდეს. ადამიანიც ღირსეულია, კარგი ურთიერთობა აქვს ფეხბურთელებთან. მკაცრი დისციპლინის მომხრეა, რაც ჩვენს ბიჭებს ძალიან სჭირდებათ (იცინის). ვფიქრობ, დუშანი "დინამოში" თავის ადგილზეა.

- თავის დროზე თქვენ სარატოვის "სოკოლის" მფლობელი იყავით. ახლა რატომ საქართველოში და არა, ვთქვათ, ინგლისში ან ჰოლანდიაში? იქაურ კლუბებში მუშაობა ხომ გაცილებით მომგებიანია ბიზნესის თავალსაზრისით...

- ალბათ იმიტომ, რომ "დინამო" ჩემთვის მართლაც იმაზე გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ საფეხბურთო კლუბი. "დინამო" ბავშვივითაა - უნდა დაბანო, აჭამო, გაზარდო, ყველანაირად ხელი შეუწყო. ბიჭებსაც ვეუბნები, ჯერ "დინამოში" კლუბის წინაშე ვალი მოიხადეთ და მერე ხელს არავინ შეგიშლით, წადით, სადაც გინდათ, ოღონდ ღირსეულ გუნდებში. ასე არ არის? რამდენ ბავშვს აქვს ფეხბურთის წყალობით ნორმალური ცხოვრების მოწყობის პერსპექტივა? ამდენი ახალგაზრდა ვარჯიშობს აკადემიაში და ყველა ხომ ვერ მოხვდება "დინამოში"? მოკლედ, "დინამო" ერთი დიდი ოჯახია, უამრავი კარგი ბავშვია და სხვათა შორის, მშობლებიც კარგები ჰყავთ (იცინის).

ახლა რაღაცას გეტყვით, რაც აქამდე არსად მითქვამს. 1996 წელს ვიყავი ჩამოსული საქართველოში და პატრიარქს შევხვდი. უწმინდესმა მითხრა, მსმენია, ბევრ კარგ საქმეს აკეთებ, უამრავ ადამიანს ეხმარები და გირჩევ ჩამოხვიდე საქართველოში, აქ აკეთო შენი საქმე და ყველაფერი მეტად დაგიფასდებაო. პატრიარქის ნათქვამმა ძალიან დამაფიქრა. თუმცა საქართველოში 2004 წელს ჩამოვედი, "ვარდების რევოლუციის" შემდეგ. ის კრიზისებიც განვიცადე, რაც 2008 წლის აგვისტოს ომს მოჰყვა. ძალიან მძიმე დარტყმა გადავიტანე მაშინ პარტნიორებთან ერთად. "დინამო" რომ არ იყოს, შესაძლოა, საქართველოში არც გავჩერებულიყავი, მოგეხსენებათ, ბიზნესის მართვა სხვა ქვეყნებიდანაც შეიძლება. კიდევ გავიმეორებ, "დინამო" ჩემთვის ბავშვივითაა, ახლა შევცქერი და მიხარია, მისი დავაჟკაცების პერსპექტივას რომ ვხედავ.

- გავიგეთ, სამების ტაძრის გვერდით რომ პატრა მთავარანგელოზის ეკლესიაა, თქვენი აშენებული ყოფილა...

- გარკვეული წვლილი მიმიძღვის. ბევრ სხვა საქველმოქმედო პროექტშიც მიმიღია მონაწილეობა, მაგრამ ამის აფიშირებას ნამდვილად ვერ დავიწყებ. ჯერ ერთი, ლამაზი არაა. მეორეც, მგონია, რომ როცა ადამიანი თავისი გაკეთებულით სხვებთან ტრაბახობს, ყველაფერს ფასი ეკარგება. ეს მხოლოდ ჩემში რჩება და ამით ვარ ბედნიერი. შესაძლოა, ვინმეს გულით უნდა კიდეც კეთილი საქმეების კეთება, მაგრამ ამის საშუალება არ აქვს. საერთოდ, ვფიქრობ, რომ ეს ნამდვილად არ არის საგაზეთო თემა.

- ცოტა ხნის წინათ მოსკოვის "დინამოს" პრეზიდენტმა გენადი სოლოვიოვმა ბოდიში მოგიხადათ ქართველების აუგად ხსენების გამო.

- სოლოვიოვი კარგი ადამიანია. თბილისში ბაზაზეც გვსტუმრობდა. როცა ეს ამბავი გავიგე, დავურეკე და ვუთხარი, ასეთი რამ ქართველებზე რატომ თქვი-მეთქი (მკითხველს შევახსნებთ, რომ რუსეთის ჩემპიონატის "ალანია" – "დინამოს" მატჩში ალექსანდრ კოკორინსა და გიორგი ჭანტურიას შორის მომხდარი ჩხუბის გამო დინამოელთა პრეზიდენტმა თქვა: "ამ ქართველს მოვკლავდიო" – ს.გ.), რაზეც მიპასუხა, ეპიზოდის გამო ძალიან აღელვებული ვიყავი, ჭანტურიას გვარი ვერ გავიხსენე და ქართველი ვთქვი, თუ რამე გაწყენინეთ, ბოდიშს გიხდითო. კაცს აზრადაც არ მოსვლია ქართველების შეურაცხყოფა და გულწრფელი ბოდიში მოიხადა. გაუგებრობა ამოწურულია. 7 ივლისს მოსკოვის "დინამო" თბილისში გვეწვევა ამხანაგური მატჩის ჩასატარებლად. იმედია, ბევრი ხალხი მოვა სტადიონზე, "დინამო" საკმაოდ კარგი გუნდია.

- უახლოეს გეგმებზეც მოგვიყევით. 

- გუნდი 10 ივნისს შეიკრიბება. 19-ში კი ავსტრიაში გაემგზავრება შეკრებაზე. ძალიან მნიშვნელოვანი შეკრება იქნება. იმედია, ამ დროისთვის ახალწვეულებიც შემოგვიერთდებიან. 24 ივნისს კი ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრაა.

- ძალიან საინტერესო ინტრიგას გვიტოვებთ...

- კარგია საინტერესო ინტრიგა (იცინის).

0.122685