თემურ ქეცბაია 14 ნოემბერს შოტლანდიაში იქნება, სადაც საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების შესარჩევ მატჩს დაესწრება. ეს შეხვედრა სენტ-მირენში გაიმართება და თქმა რად უნდა, ერთ-ერთი გადამწყვეტი შეხვედრა ელით ალექსანდრე ჩივაძის შეგირდებს: შოტლანდია და სლოვაკეთი ხომ ჯგუფში ქართველთა კონკურენტები არიან მეორე ადგილისთვის ბრძოლაში.
მატჩის შემდეგ კი, ქეცბაია თბილისში ჩამოვა და ბევრი რამ გაირკვევა. "მსოფლიო სპორტმა" რევაზ არველაძეს ჰკითხა, თუ რა სიახლეებს უნდა ველოდოთ ნოემბრის შუა რიცხვებში ნაკრების მწვრთნელთან დაკავშირებით:
"ამ ეტაპზე მხოლოდ იმის თქმა შეგვიძლია, რომ ქეცბაია ფედერაციის წარმომადგენლებთან ისაუბრებს განვლილ შესარჩევ ციკლზე, შევაჯამებთ ყველაფერს და გადაწყვეტილებაც იქნება მიღებული".
ქეცბაიას თავად იმედი აქვს, რომ მომდევნო შესარჩევისთვის ახალგაზრდა ფეხბურთელებს გამოცდილება მოემატებათ და შედეგი გაუმჯობესდება. ეს მან კვიპროსულ პრესასთან საუბარშიც განაცხადა – ჯერ მეექვსედან მეხუთე ადგილამდე ავინაცვლეთ, შემდეგ მეხუთედან მეოთხემდე, ასე რომ, გარკვეული პროგრესი არისო. აქედან ჩანს, რომ თავად ქეცბაიას ნაკრებიდან წასვლის სურვილი არ აქვს, თუმცა დაველოდოთ ნოემბრის შუა რიცხვებს.