იტალიის სერია A-ში, "ემპოლიმ" გასვლაზე 1:1 ითამაშა "კიევოსთან" და 5 ტურის შემდეგ 3 ქულა აქვს. ტრავმის შემდეგ გამოჯანმრთელებული ლევან მჭედლიძე სათადარიგოებში იყო და მინდორზე გასვლა არ მოუწია. ირაკლი შეყილაძე კი განაცხადში არ იყო.
პორტუგალიაში, ავთო ებრალიძის "ჟილ ვისენტეს" ძალიან უჭირს, კვლავ წააგო და 6 ტურის შემდეგ, მხოლოდ ერთი ქულა აქვს. "ჟილ ვისენტე" ამჯერად "ბოავიშტასთან" დამარცხდა გასვლაზე – 2:3. ქართველი ნახევარმცველი სასტარტოში იყო და 66-ე წუთზე შეცვალეს, როცა ანგარიში 2:2 იყო.
აზერბაიჯანში, გიორგი ჩიხრაძის გაწვრთნილმა "სიმურგმა" "სუმგაითს" 3:2 აჯობა და მე-6 საფეხურზეა. ჩიხრაძის გუნდს ზედიზედ 3 წაგება ჰქონდა და მოგებით შეანაცვლა.
კვიპროსზე, "ომონიამ" გასვლაზე 0:1 წააგო "ეთნიკოსთან" და მე-6 პოზიციაზეა. შოთა გრიგალაშვილმა და უჩა ლობჟანიძემაც შეუცვლელად ითამაშეს.
ფინეთში, ირაკლი სირბილაძის "ინტერი" სტუმრად 0:1 დამარცხდა "ვაასასთან" და ბოლოდან მე-3 პოზიციაზეა. სირბილაძემ 90 წუთი გაატარა მინდორზე.
ნორვეგიაში "სტაბეკი"-"ლილესტრიომი" 2:0 დასრულდა. "სტაბეკში" მინდორზე კვლავ არ გამოჩენილა 19 წლის ნახევარმცველი გიორგი გოროზია – სათადარიგო გახლდათ.