ფეხბურთი

1:48 | 11.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

ქართველთა “ინტერი” მომდევნო ეტაპზე გავიდა

უეფა-ს თასის პირველი საკვალიფიკაციო რაუნდი დასძლია ბაქოს “ინტერმა”, რომელსაც ქართველთა სიმრავლე არ აკლია. მოგეხსენებათ, ამ გუნდს კახაბერ ცხადაძე ავარჯიშებს, თუმცა, მოლდოვურ “ტირასპოლთან” განმეორებით შეხვედრაზე “ინტერი” მისმა თანაშემწე ზაურ სვანაძემ გაიყვანა.

აზერბაიჯანულ კლუბს გასვლითი მატჩი 3:2 ჰქონდა მოგებული, შინ კი მეტოქეს 3:1 სძლია. მასპინძელთა რიგებში გიორგი ლომაიამ, ლაშა სალუქვაძემ და ალექსანდრე ამისულაშვილმა შეუცვლელად ითამაშეს, ბაჩანა ცხადაძე კი მინდორზე 41-ე წუთზე კაპიტნის ასიფ მამადოვის ნაცვლად გამოჩნდა.

აღსანიშნავია, რომ “ინტერმა” პირველი ტაიმი წააგო, დასკვნით 11 წუთში კი ერთბაშად 3 გოლი შეაგდო. ერთხელ თავი ცხადაძემ გამოიჩინა, რომელმაც 83-ე წუთზე პენალტი გაიტანა, თუმცა, ისიც სათქმელია, რომ ხუთიოდ წუთით ადრე ქართველ გოლკიპერს თერთმეტმეტრიანი მოლდოველთა მეკარემ აუღო.

საინტერესოა, რომ “ტირასპოლის” კარში მე-2 პენალტი მას შემდეგ დაინიშნა, რაც სტუმართა ქართველი მცველი ლაშა ჯაფარიძე იქნა გაძევებული.

17-24 ივლისს II საკვალიფიკაციო რაუნდში “ინტერი” შვედურ “ელფსბორგს” ეთამაშება.

მიზნამდე ცოტა დააკლდა ლატვიურ “დაუგავას”, რომელსაც ფარერებზე “ვიკინგურთან” 1:2 ჰქონდა წაგებული, შინ კი მეტოქეს 88-ე წუთამდე 1:0 ამარცხებდა, თუმცა, გოლი გაუშვა და შემდეგი ეტაპის მიღმა დარჩა.

დაუგავპილსური გუნდის მაისურით გიორგი ჩიხრაძემ შეუცვლელად ითამაშა, ხოლო ჯემალ ჯალიაშვილი და გიორგი ხუმარაშვილი სათადარიგოთა სკამიდან არ წამომდგარან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.593143