სხვა

16:52 | 30.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

ქართველი მთამსვლელი ბიძინა გუჯაბიძე საერთაშორისო ექსპედიციაში მიემგზავრება

30 ივლისს, სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში, ქართველმა მთამსვლელმა ბიძინა გუჯაბიძემ პრესკონფერენცია გამართა და მომავალი ექსპედიციის შესახებ ისაუბრა. გუჯაბიძესთან ერთად ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა სპორტის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე გოგა ასათიანმა.

31 ივლისს, ქართველი მთამსვლელი ბიძინა გუჯაბიძე მორიგ საერთაშორისო ექსპედიციაში მიემგზავრება. თავდაპირველად ექსპედიციის სამიზნე ტიან შანში, სამხრეთ ენილჩეკის რეგიონში მდებარე მწვერვალი ხან-ტენგრია. 7010 მეტრის სიმაღლის მწვერვალზე,  ქართველი მთამსვლელი 10-ჯერ არის ასული, მათ შორის ერთ-ერთ ასვლა-ჩამოსვლას მან, მხოლოდ 15 საათი მოანდომა. ბოლოს ხან-ტენგრი გუჯაბიძემ 2005 წელს დალაშქრა.

ამჯერად, კი ხან-ტენგრის ექსპედიცია, ერთგვარად მოსამზადებელი ასვლაც იქნება იმ ჰიმალაური ექსპედიციის წინ, რომელსაც ქართველი მთამსვლელი 5 სექტემბრიდან დაიწყებს.  სწორედ, ამ ექსპედიციის წარმატებულად დასრულებისთვის ბიძინა გუჯაბიძე ტიან შანში ინგლისელ, ყირგიზ და აზერბაიჯანელ კოლეგებთან ერთად (შესაძლოა მონაწილეთა რაოდენობა და ქვეყნების რაოდენობა გაიზარდოს) ხან-ტენგრის მწვერვალზე სააკლიმატიზაციო ღამის თევასაც გეგმავს.

ექსპედიცია ტიანშანში სექტემბრის დასაწყისამდე გასტანს, 5 სექტემბერს კი ბიძიან გუჯაბიძე, ბიშკეკიდან ჰიმალაიში გადაფრინდება, სადაც მწვერვალ მანასლუს დალაშქვრას შეეცდება. დღემდე, 8156 მეტრი სიმაღლის მწვერვალზე ასვლის მცდელობა, ბიძინა გუჯაბიძეს 1998 და 2009 წლებში ჰქონდა, თუმცა წარუმატებლად.

2014 წელს ბიძინა გუჯაბიძის ტიან შანისა და ჰიმალაის ექსპედიციებს ჰელიქსირი აფინანსებს.

მოკლე ბიოგრაფიული მონაცემები

დაბადების თარიღი: 20.01.1960

პროფესია: ინჟინერ-გეოლოგი

ოჯახური მდგომარეობა: ჰყავს მეუღლე, 5 შვილი და 2 შვილიშვილი.

ბიძინა გუჯაბიძეს დღემდე, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში დალაშქრული აქვს 300-მდე მწვერვალი, აქედან 6 რვაათასიანი, მათ შორის – 2 წარმატებული ევერესტული ექსპედიციაა.

2013 წელს გუჯაბიძე პაკისტანში ნანგა-პარბატის ექსპედიციაში, კიდევ ერთ ქართველ მთამსვლელ აფი გიგანთან ერთად იმყოფებოდა. მაშინ, როდესაც ქართველები 6100 მეტრის სიმაღლეზე იყვნენ ასულები, ექსედიციის საბაზო ბანაკში ტერორისტებმა 11 სპორტსმენი ჩაცხრილეს.

პაკისტანის ხელისუფლებამ ტრაგედიის შემდეგ რეგიონში ყველა ექსპედიცია შეაჩერა, ქართველი მთამსვლელები კი სამხედრო ვერტმფრენებით სამშვიდობოს გამოიყვანეს.

სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120208