შაბათ დღეს თავიანთი მატჩები გამართეს ქართველმა ლეგიონერებმა.
უკრაინის ჩემპიონატის მე-6 ტურში “მეტალისტმა” ხარკოვში “დნიპრო” მიიღო და დიდი ანგარიშით დამარცხდა. სტუმართა ძირითად შემადგენლობაში იყო ჯაბა კანკავა. საქართველოს ნაკრების კაპიტანი 79-ე წუთზე შეცვალეს, როცა ანგარიში 1:3 იყო მარკევიჩის მოთამაშეთა სასარგებლოდ. ქართველმა საყრდენმა 35-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიიღო.
საბოლოოდ მატჩი "დნიპრომ” სამბურთიანი უპირატესობით მოიგო (2:5). აღსანიშნავია, რომ დნეპროპეტროვსკელმა ბრუნო გამამ ჰეთ-თრიქი შეასრულა.
ლუგანსკის “ზარიამ” საშინაო მატჩი ზაპოროჟიეში გამართა კიევის “დინამოს” წინააღმდეგ. ლუგანსკელები ჯერ იგებდნენ, შემდეგ აგებდნენ და საბოლოოდ ქულა მოიპოვეს (2:2).
მატჩში მონაწილეობა არ მიუღია ჯაბა ლიპარტიას, იგი სათადარიგოთა შორის გახლდათ. ქართველი მოთამაშე ბოლო დროს იშვიათად ჩნდება გუნდის სასტარტო შემადგენლობაში. მოედანზე გასვლის შემთხვევაში კი ძირითადად სათადარიგოთა სკამიდან უწევს თამაშში ჩართვა.
ესტონეთის ჩემპიონატში დუბლი შეასრულა ზაქარია ბეგლარიშვილმა. “ფლორამ” საშინაო კედლებში დიდი ანგარიშით დაამარცხა “ლოკომოტივი.” მასპინძელთაგან გოლის გატანა მოახერხა რუსეთის მოქალაქე ირაკლი ლოგუამ, ხოლო “ლოკომოტივის 24 წლის შემტევი ლაშა ნავერიანი სტუმართა ძირითად შემადგენლობაში გახლდათ და შეუცვლელად ითამაშა, 57-ე წუთზე კი ყვითელი ბარათი მიიღო.
მატჩები გაიმართა აზერბაიჯანის ჩემპიონატში. ლაშა კასრაძემ სრულად ითამაშა “აზალის” ძირითად შემადგენლობაში. მისი გუნდი ევროპალიგის ჯგუფური ეტაპის მონაწილე “ყარაბახთან” 0:3 დამარცხდა.
დიმა შარიქაძე