სტატიები

20:12 | 22.07.2011 | ნანახია [] - ჯერ

ქართველების ისტორიული ხუთშაბათი

ევროტურნირების კიდევ ერთი საკვალიფიკაციო ეტაპი მიილია და ჩემპიონთა ლიგისა და ევროპის ლიგის ჯგუფურ ტურნირზე მოსახვედრად ერთბაშად 3 ქართული გუნდი იბრძვის. “ზესტაფონმა” კიშინიოვში წააგო, მაგრამ იმერეთში იმერელთა თავს დამტყდარი კოშმარიც საკმარისი აღმოჩნდა “ყვითელი მგლების” გათამაშებიდან გასაძევებლად. დანარჩენებმა მოიგეს, მაგრამ მათგან “გაგრას” წარმატებას უფრო სიმბოლური ხასიათი ჰქონდა, ვიდრე სატურნირო. “დინამომ” მხოლოდ ლეგიონერთა გოლებით სძლია ფეხბურთით “ჭიის გამხარებელ” უელსელთა უსუსტეს კრებულს, “მეტალურგმა” (არადა, რა კარგი სახელი ერქვათ რუსთაველებს თავის დროზე) კი, როგორც იქნა დაძლია ყაზახური ბარიერი და მორიგ ეტაპზე შემორჩენილ ქართულ გუნდთაგან, ყველაზე ძლიერი მეტოქე ირგუნა.

მოვყვეთ თავიდან. ჯერ კიდევ ზესტაფონში გამართული მატჩიდან ჩანდა, რომ საქართველოს ჩემპიონს იოლი მეტოქე არ ჰყავდა. მართალია, 3:0 სერიოზული ფორა გახლავთ, მაგრამ “დაჩიაც” არ ჩანდა რიხინ-რიხინით გადასაბიჯებელი მოწინააღმდეგე. ზესტაფონურ მატჩში იგორ დობროვოლსკი კლუბის ჩეჩენი სპორტული დირექტორის, მუხანჟირ პოლონკოევის არჩევანს დაჰყვა და გუნდის ძირითადში ერთბაშად 7 ლეგიონერი დააყენა. კატასტროფული შედეგის მიღების შემდეგ, ისედაც მწარე ენის პატრონ იგორ ივანიჩს, როგორც ჩანს, ხასიათიც მთლად გაუმწარდა და ერთბაშად 5 ცვლილება განახორციელა.
დანარჩენი რაც მოხდა, ალბათ, ყველა მსურველმა საკუთარი თვალით იხილა. დაჩიელებმა მთლიანად გაამართლეს თიკუნი და ისე იქცეოდნენ ნახევრადსავსე “ზიმბრუზე” მისულთა თვალსასეიროდ, ვერც საკუთარ გულშემატკივრებში დაიტოვეს კარგი სახელი. ზესტაფონელებს “მგლების ხროვასთან” გამკლავება უფრო უწევდათ, ვიდრე ფეხბურთის თამაში. საბედნიეროდ, ყველაფერი ამერიკული “ჰეფი ენდივით” დასრულდა - “ზესტაფონმა” 0:2 წააგო, მაგრამ შემდეგ ეტაპზე, რომელშიც ავსტრიის ჩემპიონი “შტურმი” დაუპირისპირდება, გავიდა.
ეს ოთხშაბათს მოხდა. ხუთშაბათის მატჩებში ქართველებმა 3-ვე მოიგეს. მათგან განსაკუთრებით გამოსარჩევი რუსთაველთა გამარჯვება იყო. არმაზ ჯელაძის გუნდმა, პავლოდარში შეძლო აქედან ქულით (1:1) “ხელდამშვენებული” “ირტიშის” ძლევა. ჯერ ზუგდიდის “ბაიადან” ნათხოვარმა ირაკლი ქობალიამ დააყენა ყაზახთა ევროპული ავტორიტეტი კითხვის ნიშნის ქვეშ, მერე კი სეხნია მოდებაძემ მოუთავა პავლოდარელებს ხელი - 2:0.
გასახარია, რომ ჩვენი მესამეადგილოსანი ყაზახებს არ დაეჩაგვრინა. კიდევ უფრო სასიხარულო ისაა, რომ რუსთაველებმა მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპი პირველადგადალახეს. ქვემოქართლელებთან დაკავშირებულ კიდევ ერთ სასიხარულო გარემოებას რაც შეეხება, იგი უფრო მათ მომავალ მეტოქეზე ითქმის. ფრანგული “რენის” რეპუტაციის გუნდებთან ქართველებს ხშირად არ უწევთ პაექრობა. ჰოდა, ამაზე ითქმის - დასაკარგი არაფერი აქვთ “მეტალურგებს”.             
ასევე ისტორიული მოგება იზეიმა საქართველოს ყველაზე ტიტულოვანმა გუნდმა. თბილისის “დინამომ” ევროტურნირებზე საკუთარი გამოსვლის 27-ე სეზონში, პირველად შეძლო მეტოქის ხუთბურთიანი სხვაობით დამარცხება. საამისოდ, 9 ქართველსა და ხუთ უცხოელს შესაფერისი მეტოქე ჰყავდა. ერთადერთი, რაც გაკვირვებას იწვევს, ესაა - უელსელებისაგან, რომლებიც ფეხბურთს მხოლოდ სიამოვნების მისაღებად თამაშობენ, როგორ მოახერხა “დინამომ” გოლის გაშვება - წაგებაზე რომ არაფერი ვთქვათ (ლანელში მასპინძლებმა 2:1 მოიგეს).
ცნობილი ამბავია, ევროტურნირს შემორჩენილი სამივე ქართული გუნდი, საშინაო შეხვედრას თბილისში, კერძოდ კი, ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე გამართავს. “ეროვნულის” გაზონს სავალალო მდგომარეობაში მყოფი არ ეთქმის, მაგრამ არც ისეთია, ზესტაფონელები გააკვირვოს, რომლებსაც ამ ეტაპზე დატვირთული სტადიონებიდან, ქვეყანაში საუკეთესო ბალახის საფარი აქვთ. ამას ხაზს იმიტომ ვუსვამთ, რომ მცირე პაუზებით დატვირთულ გაზონს, მალე ალბათ “არაქათი გამოეცლება” და თუ დროზეარ აღადგინეს, თბილისის “დინამოს” (რომელიც ეროვნული ჩემპიონატის შეხვედრების აქ ჩატარებას აპირებს) საშინაო მატჩებისთვის სხვა სტადიონის ძებნა მოუწევს.
ეს ერთი, ქართულ საევროტურნირო არენასთან დაკავშირებული ცოტათი შორეული “უბედურება”. ძალიან ახლოს რაც შეეხება, ამ ჭირმა თავი “დინამოს” “ლანელისთან” მატჩის მიწურულს კიდევ ერთხელ შეგვახსენა. სტადიონზე განათების უზრუნველმყოფელი ნათურების ნაწილი ჩაქრა და მატჩის შვედ არბიტრს შეხვედრის შეჩერების საბაბი მიეცა. ანალოგიური ფაქტები საქართველოში იშვიათად, მაგრამ რომ ხდება (“მიხეილ მესხზე” საქართველო-რუსეთის გახსენებაც შეიძლება და “დავით აბაშიძეზე” “ზესტაფონი”-“კარპატისაც”), ფაქტია. იქნებ, ღირდეს ნახსენებ ლაფსუსებზე დაფიქრება და რეალური, ოპერატიული მზრუნველობა.
ხუთშაბათს კიდევ ერთმა ქართულმა გუნდმა - ევროტურნირების დებიუტანტმა “გაგრამ” მოიგო. “ანორთოსისმა” ქართველებს კვიპროსზე შანსი არ დაუტოვა (3:0), ზესტაფონში კი უსახელოდ წააგო (0:2). ამ გარემოებით ნამეტნავად აღფრთოვანებაში მოსულებს ერთი რამ ნუ დაავიწყდებათ. თემურ ქეცბაიამ “ანორთოსისი” პირველად და უკანასკნელად კვიპროსული ფეხბურთის ისტორიაში, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ტურნირზე გაიყვანა, მაგრამ იგი ახლა ქართული ფეხბურთის სამსახურშია. იმ ფეხბურთისა, რომელიც დაკარგულ რეპუტაციას ნელ-ნელა იბრუნებს. ჰოდა, ამ დაბრუნების ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი გახლავთ სარეიტინგო ქულების დაგროვება, რაც ევროპის ლიგისთვის ხელის დამქნევმა “გაგრამ” პირნათლად შეასრულა.                      
 
ფრიდონ კერვალიშვილი
 
სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.09104