კალათბურთი

14:44 | 30.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

ქართველ 18-წლამდელთა პირველი გამარჯვება

საქართველოს 18-წლამდე კალათბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის “ბ” დივიზიონში პირველი გამარჯვება იზეიმა. ჯგუფურ ეტაპზე განცდილი 5 მარცხის კვალად, არჩილ ჟღენტის შეგირდებმა შვეიცარია “გამოიჭირეს” და 89:63 დაამარცხეს.

სხვაობა კიდევ უფრო დიდი იქნებოდა, ქართველებს უცნაური ამბავი რომ არ შემთხვეოდათ. მატჩის მიმდინარეობისას ჩვენი 18-წლამდელების უპირატესობამ 47 (!) ქულასაც კი უწია, თუმცა, ბოლო მეოთხედში ბიჭები აშკარად მოდუნდნენ და უპირატესობა გაანიავეს.

მოკლედ, რომ ვთქვათ, მატჩის დასკვნითი 04:36 წუთი შვეიცარიელებმა 21:0 (!) მოიგეს და ცხადია, ამან გამარჯვებულის ვინაობაზე ზეგავლენა ვერ იქონია, ნაკრების მწვრთნელებისთვის უდავოდ ყურადსაღები ფაქტი უნდა იყოს.

გასულ შეხვედრაში საქართველოს ნაკრებში 3 კალათბურთელი გამოირჩა, რომელთაც ჯამში 59 ქულა მიითვალეს. ყველაზე შედეგიანი ვილი ისიანი იყო 21 ქულით (მან 6-დან 5 სამქულიანი გამოიყენა), ლუკა ზაქრაძემ და ლევან მასხულიამ კი 19-19 ქულა ჩააგდეს.

ფარზე კარგად გაისარჯა ვასილ კუტალაძე, რომელმაც მეტოქის ფარზე ბურთი 8-ჯერ მოხსნა, სულ კი 15 მოხსნა მოუგროვდა. მის ანგარიშზე 6 ქულა და 3 ჩაჭრაცაა. ისიც ვთქვათ, რომ ქართველებმა ჩაჭრებში მეტოქე აშკარად დაჯაბნეს – 21:9. მოხსნებში კი 52:45 აჯობეს.

ამ გამარჯვების წყალობით, 18-წლამდელთა ნაკრებმა “ბ” დივიზიონის ბოლო ოცდამეერთე-ოცდამეორე ადგილებისთვის თამაშს თავი აარიდა და მეცხრამეტე-მეოცე პოზიციებისთვის იბრძოლებს. ქართველთა მორიგი მეტოქე ამ სამეულიდან (შოტლანდია, ირლანდია, რუმინეთი) ერთ-ერთი იქნება.

სრული სტატისტიკა 

http://u18men.fibaeurope.com/enDivB/cid_vxfp6gWIJ5oSOkc7ox4BA3.gameID_10089-J-1-1.compID_8aYeHlfuGF-mF5IqO8aFH1.season_2014.roundID_10068.teamID_.html

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.1115