ჭადრაკი

0:25 | 6.12.2010 | ნანახია [] - ჯერ

ქართული სამაია მეორე წრეშია

თურქეთის ქალაქ ანტაკიაში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატში ჩართულმა ქართულმა კვარტეტმა მეორე რაუნდს მინიმალური დანაკლისით უწია. საწყისი წრის დაძლევა ნანა ძაგნიძემ (2551), მაია ჩიბურდანიძემა (2502) და ხოფიკო ხუხაშვილმა (2430) მოახერხეს, მაია ლომინეიშვილმა (2347) კი მარცხი განიცადა.
როგორც მოსალოდნელი გახლდათ, პირველ რაუნდი ყველაზე იოლად ტურნირის ფავორიტთა შორის მყოფმა ძაგნიძემა და ჩიბურდანიძემ “გაიარეს”, რომელთაც მეტოქეებს ორ-ორი პარტია მოუგეს. ნანამ კანადელ დინა კაგრამანოვას (2101) აჯობა, მაიამ კი – ინდოელ სუბბარამან მეენაკშის (2328).
გამოსარჩევია ხუხაშვილის გარჯაც, რომელმაც რეიტინგით მცირედით აღმატებულ რუს ირინა ტუროვასთან (2439) თეთრი ფიგურებით ყაიმი გააფორმა, შავებით კი 37-ე სვლაზე მოიგო და საბოლოოდ, 1.5:0.5 იმარჯვა.
სამწუხაროდ, დასაკვეხნი არაფერი აქვს ლომინეიშვილს, რომელიც აშშ-ს სახელი მოთამაშე ანა ზატონსკიხთან (2478) ფავორიტად არ მოიაზრებოდა და აკი, 0:2-იც დამარცხდა.
უკვე ცნობილია, რომ მე-2 რაუნდში ჩიბურდანიძის მეტოქე ჩინელი ქსუე ჟაო (2474) იქნება, რომელმაც ეკვადორელი მარტა ფიერო ბაკერო (2363) 1.5:0.5 დაამარცხა. გაცილებით მძიმე ბრძოლა ელის ხუხაშვილს, რომლის მეტოქეც მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ალექსანდრა კოსტენიუკი იქნება. როგორც მოსალოდნელი გახლდათ, რუსმა მოჭადრაკემ საწყის წრეში ალჟირელ ამინა მეზიოუდს (2029) ორივე პარტიაში სძლია.
ფრანგი ალმირა სკრიპჩენკოსა (2460) და რუმინელი კრისტინა-ადელა ფოისორის (2403) დაპირისპირებაში ირკვევა ძაგნიძის მოწინააღმდეგე. ამ მოჭადრაკეებმა ორივე პარტია ფრედ დაასრულეს და დღეს, ერთმანეთს ტაი-ბრეიკში გაეჯიბრებიან.
საწყის რაუნდში რამდენიმე მოულოდნელი შედეგი დაფიქსირდა, რომელთაგან ყველაზე სენსაციურად თურქი ბეტულ ჩემრე ილდიზის (2225) მიერ ცნობილი შვედი პია კრამლინგის (2526) დაჯაბვნა უნდა ვაღიაროთ. სათქმელია ისიც, რომ ილდიზმა გადამწყვეტი ქულა შავი ფიგურებით მოიპოვა.
ნაკლებად სავარაუდო იყო რუსი ბაირა კოვანოვას (2380) მიერ თანამემამულე ნატალია პოგონინას (2472) ძლევა, ისევე როგორც რუსი ტატიანა შადრინას (2384) მიერ – სომეხი ელინა დანიელიანის (2466), ხოლო კიდევ ერთი რუსი ევგენია ოვოდის (2387) მიერ ჩინელი იანგ შენის (2461) დამარცხება.
მსოფლიოს ჩემპიონატის საპრიზო ფონდი 450 ათასი დოლარია, საიდანაც გამარჯვებული 60 ათასს მიიღებს, პირველი წრეში დამარცხებულ მოჭადრაკეს გარანტირებული 3 750 დოლარი გადაეცემა, შემდეგ კი თანხები ასე გადანაწილდება: II  წრე – 5.500, III წრე – 8.000, IV წრე – 12.000, V წრე – 20.000, VI წრე – 30.000;
მე-2 რაუნდის პარტიები 7 დეკემბერს აიღებს სტარტს და პირველის იდენტური სისტემით წარიმართება. თუკი ორი პარტიის შემდეგ ანგარიში თანაბარი იქნება, მეტოქეები უძლიერესის ვინაობას ტაი-ბრეიკზე გაარკვევენ.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 7
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
120 x 600
0.094454