ფეხბურთი

23:58 | 4.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

ქართული ლეგიონი: მხოლოდ "სკონტომ" მოიგო

 

ევროპის ლიგის I საკვალიფიკაციო ეტაპის I მატჩებში ქართულმა გუნდებმა ვერ გაგვახარეს. აქვე, ქართველ ლეგიონერებზეც ვთქვათ: კახა ცხადაძის გაწვრთნილმა ბაქოს "ინტერმა" შინ ვერ მოუგო ფინურ "მარიეჰამნს" - 1:1. შეუცვლელად ითამაშეს გიორგი ლომაიამ და ალექსანდრე იაშვილმა, ხოლო ბაჩანა ცხადაძე ასევე სასტარტოში იყო და 84-ე წუთზე შეცვალეს. ლაშა სალუქვაძე განაცხადში არ ყოფილა. თბილისის "დინამოდან" "ინტერში" გადასული ესპანელი მიკელ ალვარო კი შესვენების შემდეგ გამოჩნდა მინდორზე და მეორე ნახევარი სრულად ჩაატარა. ბაქოელები მე-7 წუთზე დაწინაურდნენ და 73-ეზე გაუშვეს გოლი. მატჩის დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე კი, ალვარომ ძელს მოარტყა ბურთი.

ბაჩანა ცხადაძე: "შესაძლოა, სწრაფმა გოლმა უარყოფითად იმოქმედა ჩვენზე. ამის შემდეგ ცოტა ჩავიკეტეთ. ჩვენ ჯერ ბოლომდე კარგად ვერ ვუგებთ ერთმანეთს. ვფიქრობ, ფინეთში მოვიგებთ და შემდეგ ეტაპზე გავალთ".

ტალინის "ფლორამ" შინ ასევე 1:1 ითამაშა ალბანურ "კუკესისთან". მასპინძელთაგან შეუცვლელად ითამაშა ახალწვეულმა მცველმა გურამ მიქაძემ, რომელიც 24 წლის გახლავთ.

თამაზ პერტიას გაწვრთნილმა "სკონტომ" გასვლაზე 1:0 სძლია მოლდოვურ "ტირასპოლს". "სკონტოდან" 18 წლის მცველმა ლაშა დვალმა შეუცვლელად ითამაშა, ხოლო ირაკლი კლიმიაშვილი 85-ე წუთზე შევიდა მინდორზე - გოლის ავტორი მინგაზოვი შეცვალა. ლუკა ჭაჭიაშვილი და ლადო დათუნაშვილი სათადარიგონი იყვნენ.

სომხურმა "განძასარმა" შინ 1;2 წააგო ყაზახურ "აკტობესთან". სომხური კლუბის ქართველი შემტევი შოთა ჯიქია სასტარტოში იყო და 86-ე წუთზე შეცვალეს.

ლატვიურმა "ვენტსპილსმა" სტუმრად 1:1 ითამაშა უელსურ "ბრაუთონთან". ბალტიისპირული კლუბის სასტარტოში იყო თორნიკე თარხნიშვილი, თუმცა 43-ე წუთზე შეცვალეს.

ფინეთის "ინტერმა" ფარერის კუნძულებზე ვერ მოიგო "ვიკინგურთან" - 1:1. "ინტერის" ფორვარდმა ირაკლი სირბილაძემ შეუცვლელად ითამაშა, თუმცა გოლი არ გაუტანია. საერთოდაც, ეს ფინური კლუბი შარშან ჩემპიონობისთვის რომ იბრძოდა, წლეულს ფინეთში ცხრილის ქვედა ნაწილშია.

0.116321