დანიის სუპერლიგის 25-ე ტურში, “ორჰუსმა”, სადაც სამი ქართველი ფეხბურთელი, დავით დევდარიანი, მათე ვაწაძე და დავით სხირტლაძე გამოდის, სტუმრად “ბრონდბიუსთან” 2:3 დამარცხდა.
“ორჰუსის” სასტარტოში იყო დევდარიანი, რომელიც 69-ე წუთზე სხირტლაძემ შეცვალა. ვაწაძე 18-კაციან განაცხადში არ იყო. “ორჰუსს” 33 ქულა აქვს და 12-გუნდიან ჩემპიონატში მე-6 ადგილზე იმყოფება.
“ქაისერისფორმა”, სადაც ზურაბ ხიზანიშვილი ირჯება, სტუმრად “ქარაბუქსფორთან” 1:3 წააგო. ქართველმა მცველმა შეუცვლელად ითამაშა. “ქაისერს” 36 ქულა აქვს და 18-გუნდიან ცხრილში მე-9 პოზიციაზეა.
რუსეთის პრემიერლიგის 22-ე ტურში, ვლადიკავკაზის “ალანიამ”, რომლის რიგებშიც გიორგი ჭანტურია და მამუკა კობახიძე თამაშობენ, სახლში მოსკოვის ცსკა-სთან 0:4 წააგო.
ჭანტურია “ალანიას” სასტარტოში იყო და პირველი ტაიმის შემდეგ შეცვალეს. კობახიძე სამატჩო განაცხადში არ ფიგურირებდა. “ალანიას” 12 ქულა აქვს და 16 გუნდში ბოლო ადგილზეა.
გერმანიის მე-2 ბუნდესლიგის 27-ე ტურში, “ზანქტ-პაულიმ” შინ “პადერბორნს” ვერ მოუგო – 2:2. მასპინძელთა სამატჩო განაცხადში აკაკი გოგია არ იყო. “ზანქტ-პაულის” 33 ქულა აქვს და 18 გუნდში მეთორმეტეა.
შვეიცარიის ჩელენჯლიგის (პირველი ლიგა) 25 ტურში, “ბელინცონა” გასვლაზე “ვადუცთან” 1:2 წააგო. დამარცხებულთა სამატჩო განაცხადში იყო გიორგი ივანიშვილი, მაგრამ არ უთამაშია. “ბელინცონას” 48 ქულა აქვს და 10 გუნდში მეორეა.
რუსეთის საფეხბურთო ნაციონალური ლიგის (პირველი ლიგა) 26-ე ტურში, “ნეფტეხიმიკი” გასვლაზე “ხიმკის” უგოლოდ გაეყარა – 0:0. “ნეფტეხიმიკის” რიგებში მერაბ ურიდიამ 90 წუთი ითამაშა.