ჰოლანდიის ჩემპიონატი დაიწყო და არნემის “ვიტესმა” გასვლაზე 1:4 წააგო ამსტერდამის “აიაქსთან”. გურამ კაშიამ შეუცვლელად ითამაშა და სასტარტოში იყო ვაკო ყაზაიშვილიც, რომელიც 66-ე წუთზე შეცვალეს. სხვათა შორის, ვაკო ცენტრფორვარდის პოზიციაზე ირჯებოდა და ერთხელ საგოლე მომენტი გააცუდა, ერთხელაც მისი მშვენიერი პასის შემდეგ ვერ გაიტანა თანაგუნდელმა.
შეცდომები ჰქონდა გურამ კაშიას, თუმცა ვერც მისი თანაგუნდელები ყოჩაღობდნენ.
ჯანო ანანიძე სასტარტოში გახლდათ მოსკოვურ დერბიში, რომელშიც “სპარტაკმა” 2:1 აჯობა “დინამოს”. ჯანო 70-ე წუთზე შეცვალეს, ერთი გოლი კი მის მიერ წამოწყებულ კომბინაციას მოჰყვა. “სპარტაკს” 2 მატჩში 6 ქულა აქვს.
პირველ დივიზიონში “ტოსნომ” შინ 2:0 სძლია “სკა-ენერგიას” და ანგარიში მიხეილ გორელიშვილმა გახსნა 23-ე წუთზე. გორელიშვილმა, ნუკრი რევიშვილმა და გიორგი ნავალოვსკიმაც შეუცვლელად ითამაშეს, ხოლო “სკა-ენერგიაში” ასევე 90 წუთი გაისარჯა კახა ალადაშვილი და ერთი ტაიმი ჩაატარა ახალგაზრდა ფორვარდმა ლაშა იმედაშვილმა, რომელიც რუსეთის მოქალაქეა. გოგიტა გოგუა განაცხადში არ ყოფილა.
“სახალინმა” “სოკოლს” 1:0 სძლია და მოგებულთაგან, გიორგი კახელიშვილმა შეუცვლელად ჩაატარა მატჩი.
დანიის რანგით მეორე ლიგაში “ორჰუსმა” შინ 0:2 წააგო “ვიბორგთან”. მათე ვაწაძემ შეუცვლელად ითამაშა და არაერთი მომენტი ჰქონდა, თუმცა გოლს ვერ ეწია. დავით სხირტლაძე 43-ე წუთზე შეცვალეს – მხრის ტრავმა მიიღო. რამდენად სერიოზულია ტრავმა, ეს ხვალ გაირკვევა. დავით დევდარიანს კი ტრავმა აქვს და არ უთამაშია. “ორჰუსი” 3 ტურის შემდეგ, 4 ქულით მეექვსე ადგილზეა.
აზერბაიჯანის ჩემპიონატზეც: არაზ-მა შინ 3:0 სძლია ბაქოს “ნეფთჩის”. ამ სენსაციის მთავარი შემოქმედი დავით ჯანელიძე გახლდათ, რომელმაც 50-ე წუთზე გახსნა ანგარიში, ხოლო ბოლოს 3:0 გახადა აანთებინა ტაბლოზე. ჯანელიძემ ამ დუბლით ერთგვარი შური იძია “ნეფთჩიზე” – ამ კლუბმა ხომ საჩხერის “ჩიხურა” გამოთიშა ევროპის ლიგის III საკვალიფიკაციოდან.
ჯანელიძე 24 წლის ფორვარდია, საქართველოში ცხინვალის “სპარტაკში”, ქუთაისის “ტორპედოსა” და ‘ზესტაფონში” თამაშობდა. ასევე, საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებში გამოდიოდა.
ბაქოს “ინტერმა” 4:0 გაანადგურა “გაბალა”. პირველი გოლი ალეკო ამისულაშვილმა გაიტანა, რომელმაც მე-8 წუთზე თავური ზუსტად დაარტყა. დუბლი შეასრულა ესპანელმა მიკელ ალვარომ – თბილისის “დინამოს” ყოფილმა ნახევარმცველმა.
კახა ცხადაძემ სამი ქართველი ათამაშა და სამივე სასტარტოში: ლაშა სალუქვაძე, ალეკო ამისულაშვილი და ბაჩანა ცხადაძე, რომელიც ბოლო წუთებზე შეცვალეს.