ჭადრაკი

14:24 | 25.11.2011 | ნანახია [] - ჯერ

ქართული ჰეგემონია ხორვატიაში

სენიორთა შორის საჭადრაკო მსოფლიოს ჩემპიონატის დასრულებამდე ორი ტურით ადრე, ქალთა ტურნირში ქართველთა ჰეგემონია დამყარდა: პირველ ადგილზე ნინო მელაშვილი (2106) იმყოფება, მისი უახლოესი მდევარი კი ნონა გაფრინდაშვილი (2360) გახლავთ.
ქართველთა აქტივში 6.5-6.5 ქულაა და ისინი უმთავრეს მეტოქეებს – გალინა სტრუტინსკაიასა (რუსეთი, 2277) და ლუდმილა საუნინას (რუსეთი, 2274) დამატებითი მაჩვენებლებით ჯობნიან. ტურნირის კიდევ ერთ ქართველ მონაწილე თამარ ხმიადაშვილს (2166) 5.5 ქულა გააჩნია და მე-6 პოზიციაზეა.
ბოლოსწინა მე-10 ტურში გაფრინდაშვილი შავი ფიგურებით რუს ელენა ფატალიბეკოვას (2285) ეთამაშება, მელაშვილი და ხმიადაშვილი კი თეთრებით გაირჯებიან. პირველი რუს ნატალია ტიტორენკოს (2143) დაუპირისპირდება, ხოლო მეორე – ინდოელ სატე ტიპსეის (2152).
ხორვატიის ქალაქ ოპატიაში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატის საპრიზო ფონდი 15 ათასი ევროა, რომელიც ძალიან უცნაურადაა გადანაწილებული: ვაჟთა ტურნირისთვის 12 ათასია გამოყოფილი, ქალებისთვის კი – 3 ათასი. შესაბამისად, თუკი ვაჟებში ჩემპიონი 2 100 ევროთი დაჯილდოვდება, ქალებში უძლიერესს 800 ევროთი დაკმაყოფილება მოუწევს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.16197