ყაზახეთის “ქაირათის” მოთამაშეებმა დინმუხამბეტ სულეიმენოვმა და ვიტალი ხალიავინმა უეფას ვებგვერდთან საუბარში აღნიშნეს, რომ მათი გუნდისთვის უეფას ფუტსალის თასზე გარდამტეხი თბილისში გასამართი ფინალური ტურნირი უნდა გახდეს.
- რას ნიშნავს თქვენთვის და “ქაირათისთვის” უეფას ფუტსალის თასზე თამაში?
დინმუხამბეტ სულეიმენოვი: - როგორც გუნდისთვის, ასევე ყაზახეთისთვის, ეს დიდი პატივია. ფინალურ ტურნირზე პირველად არ ვმონაწილეობთ და კლუბისა და ქვეყნის ღირსებას ამაყად ვიცავთ.
ვიტალი ხალიავინი: - პირველ ყოვლისა, უეფას თასზე ასპარეზობა პრესტიჟულია, რადგან მასში თავისი ქვეყნის ჩემპიონები თამაშობენ. “ქაირათისთვის” და მთელი ყაზახეთისთვის ასეთ ტურნირში მონაწილეობა ნამდვილად საპატიოა.
- რამდენად შოკისმომგვრელი აღმოჩნდა გუნდისთვის მთავარი მწვრთნელის, ჟოაო ბარბოზას წასვლა?
ხალიავინი: - რა თქმა უნდა, ძალიან მოულოდნელი იყო იმის გაგება, რომ მწვრთნელი გუნდიდან უეფას თასის ფინალური ტურნირის დაწებამდე 2 თვით ადრე წავიდა. თუმცა, ეს მისი გადაწყვეტილება იყო. ბარბოზას ნაცვლად ახალი მწვრთნელი მოვიდა და მუშაობას ვაგრძელებთ.
სულეიმენოვი: - მცირე შოკი მივიღეთ, რადგან გვეგონა, რომ მწვრთნელი ბოლომდე ჩვენთან იქნებოდა. თუმცა, ის წავიდა და თავისი საქციელი პროფესიული მიზეზით ახსნა. ჩვენ ახალი მწვრთნელი გვყავს, რომელიც ადრე “ქაირათში” თამაშობდა. ის მოთამაშეებს კარგად იცნობს და გუნდში ატმოსფერო ნელ-ნელა ლაგდება.
- როგორ მუშაობთ ახალი მთავარი მწვრთნელის, კაკაუს ხელმძღვანელობით?
ხალიავინი: - საკმაოდ კომფორტულად. ის გუნდს ფსიქოლოგიურად არ ტვირთავს და ურთიერთობისთვის ყოველთვის ღიაა. ბევრ მოთამაშეს იცნობს, რადგან ამ კლუბის ღირსებას იცავდა. მასთან ერთად მეც მითამაშია.
სულეიმენოვი: - როგორც უკვე ვთქვი, კაკაუ ყველას იცნობს და ზოგიერთთან ერთად უთამაშია კიდეც. მან მოთამაშეებთან საერთო ენა ადვილად გამონახა და გარდა ამისა, ბევრი ახალი რამ შეგვძინა ტაქტიკისა და “სტანდარტულების” შესრულების მხრივ.
- ფინალურ ტურნირზე მოხვედრის შემდეგ, შემადგენლობაში ცვლილებები მოხდა. როგორ მიდის ბეტაოსა და ეულერის ადაპტაციის პროცესი?
სულეიმენოვი: - ნორმალურად. ისინი კოლექტივს შეერწყნენ და ახლა ვარჯიშებზე ბოლომდე იხარჯებიან.
- ბეტაომ 2009 წელს ტურნირი “ინტერის მოვისტარის” შემადგენლობაში მოიგო. რამდენად გამოგადგებათ მისი გამოცდილება თბილისში?
ხალიავინი: - ის მართლაც ძალიან გამოცდილი მოთამაშეა, რომელსაც მსოფლიოსა და ევროპის საუკეთესო გუნდებში უთამაშია. ბეტაო ბრაზილიის ნაკრების შემადგენლობაში მსოფლიო ჩემპიონი გახდა. ის ძალიან დაგვეხმარება როგორც უშუალოდ თამაშის დროს, ასევე თუ რაიმე საკარნახო იქნება.
- რას იტყვით თბილისური ტურნირის სხვა მონაწილეებზე – “ბარსელონაზე”, “დინამოსა” და “იბერია სტარზე”?
სულეიმენოვი: - ყველა გუნდი ძალიან ძლიერია. “ბარსელონა” უეფას თასის მოქმედი მფლობელია, ხოლო “დინამოს” თასი ადრე მოუპოვებია. როგორც ვიცი, “იბერია” ყველა გათამაშებაში მონაწილეობდა და ფინალურ ტურნირში პირველად გააღწია. ეს გუნდი შინ თამაშობს და მას ქომაგები ძალიან დაეხმარებიან.
- “ქაირათი” უეფას თასის ნახევარფინალში ოთხჯერ დამარცხდა. ეს წელიწადი შეიძლება გარდამტეხი აღმოჩნდეს?
ხალიავინი: - ვფიქრობ, შეიძლება აღმოჩნდეს. სერიოზული სასელექციო სამუშაო ჩავატარეთ და კონცენტრირებულნი ვართ, რომ უფრო წარმატებით გამოვიდეთ, ვიდრე გასულ წლებში.
სულეიმენოვი: - კლუბის ხელმძღვანელობა და სამწვრთნელო შტაბი ყველაფერს აკეთებს, რომ გარდამტეხი სწორედ ეს წელიწადი აღმოჩნდეს და ბოლოს და ბოლოს უეფას თასი მოვიპოვოთ.