ამერიკელმა, კონკრეტულად კი, ნებრასკელმა მეცნიერებმა, სამწლიანი კვლევის შედეგად დაასკვნეს, რომ სრულიად არამართებულია მოსაზრება, რომლის მიხედვითაც, სპორტული კარიერადასრულებული სპორტსმენები თითქოს უფრო მალე სუქდებიან, ვიდრე სხვა სპეციალობის ადამიანები. კვლევითი ჯგუფის ხელმძღვანელმა – ლოუ რიშერმა დაკვირვების ობიექტად აირჩია ახლახანს სპორტული კარიერადასრულებული 25 სპორტსმენი (მათ შორის, უმეტესობა მეგოლფე იყო) და მათი მონაცემები შეეფარდა სხვა სპეციალობის ადამიანებს, რომლებიც 35-40 წლის ასაკში სამსახურს ჩამოშორდნენ, ანდა უბრალოდ ფული იშოვეს და მუშაობა არ სურთ.
შედეგები გამაოგნებელი აღმოჩნდა. სხვა სპეციალობის ადამიანები, ადრე არსებული მცდარი მოსაზრების საწინააღმდეგოდ, სპორტსენებზე 2.4-ჯერ უფრო გასუქდნენ და ეს მხოლოდ სამ წელიწადში, ანუ კვლევებისა და დაკვირვებების პერიოდში მოხდა!
“ჩვენი მიზანი იყო, რომ დაგვედგინა, მართლა არის თუ არა ყოფილი სპორტსმენი სიმსუქნისაკენ სხვაზე მეტად მიდრეკილი და ექმნება თუ არა სპორტსმენებს ჯანმრთელობის პრობლემები კარიერის დასრულების შემდეგ, უვარჯიშებლობის გამო. როგორც ხედავთ, მიღებული მინაცემები ცხადყოფს, რომ სპორტსმენი რაც არ უნდა სიმსუქნისაკენ იყოს მიდრეკილი, მაინც არასოდეს სუქდება ისე, როგორც მაგალითად, ყოფილი ფინანსისტი, ანდა ელექტრიკოსი. ჩვენ ამ კვლევით დავამსხვრიეთ მითი, რომელიც სპორტული ცხოვრების საწინააღმდეგოდ მოქმედებდა ადამიანებზე“ – აცხადებს კვლევითი ჯგუფის ხელმძღვანელი და ორგანიზატორი – ლოუ რიშერი. ასე რომ, ყველას თამამად შეგვიძლია, შვილები სპორტის ნებისმიერ სახეობაზე ვატაროთ და რაიმე მითიური “უკუჩვენების” შიში აღარ უნდა გვქონდეს.







