დიდ გასაჭირშია ჩავარდნილი ”მილანის” ბრაზილიელი ფეხბურთელი - ალეშანდრუ პატო, რომელსაც ვერ გადაუწყვეტია, გააგრძელოს თუ არა ურთიერთობა მის ამჟამინდელ გულისსწორთან, ”მილანის” პრეზიდენტის, სილვიო ბერლუსკონის ქალიშვილთან - ბარბარა ბერლუსკონისთან.
პატო და ბარბარა ორთვიანი განშორების შემდეგ ახლახანს შერიგდნენ, თუმცა, ღირდა თუ არა ეს შერიგება, საკითხავი სწორედ ესაა...
როგორც ირკვევა, ალეშანდრუ პატოს ცხოვრებაში კვლავ დაბრუნდა ბრაზილიელი ფეხბურთელის ყოფილი საყვარელი, მოდელი - სტეფანი ბრიტო, რომელიც პატოს, ამ უკანასკნელის ბარბარა ბერლუსკონისთან ჩახუტების შემდეგ დაშორდა. ხოლო როდესაც ალეშანდრუს ცოტა ხნით ბარბარასთან დაშორება მოუხდა, იმ პერიოდში სტეფანის დაბრუნებია და ამ ყველაფერმა ბრაზილიელს გვარიანად აუბნია თავგზა.
ყველა ხვდება, რომ პატოს ბარბარა ბერლუსკონისთან მეგობრობა დიდწილად მაინც მერკანტილური მიზნებითაა განპირობებული და რაკი დონ სილვიო ”მილანის” პრეზიდენტია, მისი ქალიშვილის სატრფოს ამ კლუბში გარკვეული პრივილეგიები მუდამ ექნება. თუმცა, ახლა უკვე ისიც აშკარაა, რომ პატოს, ბერლუსკონის ქალიშვილზე მეტად, რეალურად, სტეფანი ბრიტო უყვარს და არის ასე - ორ ცეცხლშუა. ბარბარა ბერლუსკონის მიტოვება იოლი საქმე ნამდვილად არაა...







