რუსეთის მე-60 ჩემპიონატი ჭადრაკში, რომელსაც სანკტ-პეტერბურგი მასპინძლობდა, ქართველი ნაზი პაიკიძის (რეიტინგი 2346) ტრიუმფალური გამარჯვებით დასრულდა.
პაიკიძემ 9 ტურის განმავლობაში 6 პარტიის მოგება მოგება მოახერხა, ორი ყაიმით დაასრულა, ერთადერთი მარცხი კი გამოცდილ სვეტლანა მატვეევასთან (2379) განიცადა, რომელიც საბოლოოდ მე-5 ადგილზე გავიდა.
ჩემპიონის გამოვლენის ამბავში გადამწყვეტი მე-8 ტური გამოდგა, რომელშიც ნაზიმ შავი ფიგურებით მასპინძელ ელენა ზაიაცს (2398) მოუგო, ბოლო ტურში კი ქართველ გოგონას პირველობისთვის ყაიმიც ჰყოფნიდა, ამდენად კიდევ ერთ მასპინძელ ტატიანა შადრინას (2374) უკვე მე-12 სვლაზე დაუზავდა.
საბოლოოდ, პაიკიძემ 7.0 ქულა მოაგროვა და ხსენებულ შადრინასა და ასევე რუს ოლგა გირიას ნახევარო ქულით გაასწრო.
ცნობისთვის, ჩემპიონატში რუსების ექვსი უძლიერესი მოჭადრაკე არ ასპარეზობდა, რომლებიც პირდაპირ სუპერფინალში არიან დაშვებულნი. დართავენ თუ არა გადამწყვეტ რაუნდში ასპარეზობის უფლებას ქართველ პაიკიძეს, ჯერჯერობით, გაურკვეველია.







