ქართველმა მოჭადრაკე ნაზი პაიკიძემ (2416) მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის მეოთხე ტურში პირველი ყაიმი გააფორმა, რაც ლიდერობის დაკარგვად დაუჯდა. პაიკიძე შავი ფიგურებით ინდოელ როუტ პადმინის (2348) დაუზავდა და 3.5 ქულით მეორე ადგილზე გადაინაცვლა, ლიდერობა კი ხელთ რუსმა ოლგა გირიამ (2371) იგდო, რომელმაც ზედიზედ მეოთხე გამარჯვება აზერბაიჯანელ ნარმინ კაზიმოვასთან (2292) იზეიმა.
ინდოეთის ქალაქ ჩენაიში მიმდინარე ტურნირის მეხუთე ტურში, ცენტრალური სწორედ პაიკიძისა და გირიას დაპირისპირება იქნება, რომელშიც თეთრი ფიგურებით ქართველი მოჭადრაკე გაირჯება.
ჯერჯერობით, არადამაჯერებლად გამოიყურება მსოფლიოს ჩემპიონატის კიდევ ერთი ქართველი მონაწილე ქეთი წაწალაშვილი (2318), რომელიც თეთრებით ეკვადორელ ეჩევერია რომეროსთან (2071) სენსაციურად დამარცხდა და 69 მონაწილეს შორის მხოლოდ 52-ე ადგილზეა. წაწალაშვილის მომდევნო მეტოქე ინდოელი კალრა არუნიმაა (1867).







