ქართული საჭადრაკო კლუბი “სამაია” ევროპის საკლუბო ჩემპიონატის ერთ-ერთ ლიდერად რჩება. ბულგარეთის ქალაქ პლოვდივში მიმდინარე ტურნირის მე-4 ტურში ქართველი ქალები უშუალო კონკურენტ AVS-ს დაუზავდნენ და რუსულ გუნდთან ერთად, ჩემპიონატის სათავეში დარჩნენ.
ქართულ-რუსული დაპირისპირების ოთხივე პარტია ყაიმით დასრულდა. მაია ჩიბურდანიძე და სალომე მელია თეთრი ფიგურებით, შესაბამისად, ბულგარელ ანტუანეტა სტეფანოვასა და რუს ნატალია პოგონინას დაუზავდნენ, ლელა ჯავახიშვილმა და ნინო ხურციძემ კი ყაიმები უკრაინელებთან – კატერინა ლაჰნოსთანა და მარია მუზიჩუკთან გააფორმეს.
“სამაიასა” და AVS-ს 7-7 ქულა მოუგროვდათ და ევროპირველობის სათავეში იმყოფებიან, სომხურ “მიკას”, რომელმაც სერბული BAS-ი დაამარცხა, 6 ქულა აქვს, ხოლო ფავორიტად შერაცხულ “მონტე კარლოსა” და “სანკტ პეტერბურგის” აქტივში 5-5 ქულაა.
მე-4 ნომრად განთესილ ქართულ კლუბს ტურნირზე პირველ და მეორე გუნდებად მიჩნეულ “მონტე კარლოსთანა” და AVS-თან ჭიდილი მოლეული აქვს, მე-3 რეიტინგის მქონე კიდევ ერთ რუსულ კლუბ “სანკტ პეტერბურგს” კი მე-5 ტურში დაუპირისპირდება.
ნევისპირელთა ღირსებას ლიტველი ვიკტორია ჩმილიტე (2513), პოლონელი მონიკა სოცკო (2486), ქართველი აწ კი შოტლანდიის სახელით მოთამაშე ქეთევან არახამია-გრანტი (2451), თურქი ეკატერინა ატალიკი (2447) და რუსი ანასტასია ბოდნარუკი (2399) იცავენ.
გასულ ტურებში “სანკტ პეტერბურგმა” იტალიურ “ფიშერ ჩიეტისა” (3:1) და ებრაულ “ჰერცლიას” (3.5:0.5) მოუგო, “მონტე კარლოს” დაუზავდა, ხოლო სომხურ “მიკასთან” 1:3 დამარცხდა. სხვათა შორის, აღნიშნულ შეხვედრებში თითო პარტია მხოლოდ სოცკოსა და არახამია-გრანტს აქვთ წაგებული.
ვაჟთა ჩემპიონატში 8-8 ქულით აზერბაიჯანული “სოკარი”, სომხური ”მიკა” და რუსული ”ეკონომისტი” ლიდერობენ. უკრაინული ”ჩერნიგივი”, რომლის პირველ დაფაზეც ქართველი ბაადურ ჯობავა (2710) თამაშობს, 6 ქულით მე-8 ადგილზეა. მე-4 ტურში უკრაინელებმა ესპანური “გროს ხაკე ტალდეა” 4.5:1.5 გაანადგურეს, ჯობავამ კი თეთრი ფიგურებით ფრანგ კრისტიან ბაუერს (2622) მოუგო.
4 ქულით 49 კლუბს შორის 32-ე პოზიცია უკავია ლუქსემბურგის წარმომადგენელ “დიფერდანჟს”, რომლის ლიდერიც თორნიკე სანიკიძეა (2564). გასულ ტურში ლუქსემბურგელებმა იტალიური “პადოვა” 3.5:2.5 დაამარცხეს, სანიკიძემ კი თეთრებით რეიტინგით გაცილებით მაღლა მდგარ ბულგარელ კირილ გეორგიევს (2685) სძლია.
დასასრულ შეგახსენებთ, რომ ევროპის საკლუბო პირველობა შვეიცარიული სისტემით 7 ტურად მიმდინარეობს და 23 ოქტომბერს დასრულდება.
ევროპის მე-15 საკლუბო ჩემპიონატი ჭადრაკში ქალთა შორის. პლოვდივი (ბულგარეთი). 16-24 ოქტომბერი
მე-4 ტური
“სამაია” (საქართველო, 4) – AVS (რუსეთი, 2) 2:2
მაია ჩიბურდანიძე (2500) – ანტუანეტა სტეფანოვა (2551) 0.5:0.5
კატერინა ლაჰნო (2539) – ლელა ჯავახიშვილი (2451) 0.5:0.5
სალომე მელია (2439) – ნატალია პოგონინა (2491) 0.5:0.5
მარია მუზიჩუკი (2464) – ნინო ხურციძე (2435) 0.5:0.5
“სანკტ პეტერბურგი” (რუსეთი, 3) – “მონტე კარლო” (მონაკო, 1) 2:2
“მიკა” (სომხეთი, 5) – BAS (სერბეთი, 7) 3:1
“გიპრორეჩტრანსი” (რუსეთი, 6) – “ვოლკსბან ჰალე” (გერმანია, 8) 1.5:2.5
“ფიშერ ჩიეტი” (იტალია, 10) – “ლოკომოტივ 2000” (ბულგარეთი, 11) 1.5:2.5
“აშდოდი” (ისრაელი, 9) – “ჰერცლია” (12) 1.5:2.5
“კომარნო” (სლოვაკეთი, 13) – “ოსლო” (ნორვეგია) 1.5:2.5
სატურნირო მდგომარეობა
7 – AVS, ”სამაია”;
6 – ”მიკა”;
5 – ”მონტე კარლო”, ”სანკტ-პეტერბურგი”;
4 – ”გიპრორეჩტრანსი”, BAS, ”ლოკომოტივ 2000”, ”ვოლკსბანკ ჰალე”;
3 – “ჰერცლია”;
2 – “აშდოდი”, “ფიშერ ჩიეტი”, “ოსლო”;
1 – “კომარნო”;
მე-5 ტური
”სანკტ პეტერბურგი” – ”სამაია”
AVS – ”მიკა”
”მონტე კარლო” – BAS
”ვოლკსბანკ ჰალე” – “ლოკომოტივ 2000”
“ჰერცლია” – “გიპრორეჩტრანსი”
“ოსლო” – “ფიშერ ჩიეტი”
“კომარნო” – “აშდოდი”







