საქართველოს ძიუდოისტთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა ბუქარესტში დღეს დაწყებულ ევროპის ჩემპიონატზე ორი ვერცხლის მედალი მოიპოვა. ევროპოდიუმის უმაღლეს საფეხურამდე თითო გამარჯვება თორნიკე ნაგლიაშვილსა (55 კგ) და ივანე ჯავახიშვილს (60 კგ) დააკლდათ.
ნაგლიაშვილმა ფინალის გზაზე ოთხი მეტოქე ჩამოიცილა. ჩემპიონატი რუსეთის ნაკრების წევრ გამზატ ზაირბეკოვის ორწუთნახევარში ძლევით გახსნა. სომეხ ვაჰაგ ჰოვსეპიანს ვაზარით და ორი იუკოთი გასცდა, იტალიერ მანუელ ლომბარდოს ვაზარი აკმარა, ხოლო ნახევარფინალში, აზერბაიჯანელ ნატიგ გურბანლის ორ წუთში შეუსრულა იპონი. გადამწყვეტ ბრძოლაში ქართველი მსუბუქწონოსანი კიდევ ერთ იტალიელს – ანგელო პანტანოს დაუპირისპირდა და საფინალო გონგამდე ნახევარი წუთით ადრე შებოჭვაზე მოჰყვა.
ანგელო პანტანომ ნაგლიაშვილთან დაჭიდებამდე, ნახევარფინალში საქართველოს ნაკრების დროშისვე ქვეშ მოჭიდავე ლერი ჭელიძეს აჯობა და რეპეშაჟის ფინალში გაისტუმრა. ქართველმა ძიუდოისტმა ბრინჯაოს შანსი ფრანგ კამალ ფიკრისთან ერთადერთი გაფრთხილებით წაგებით დაკარგა და საბოლოოდ მეხუთე ადგილს დასჯერდა. ლერი ჭელიძემ ბოლო შეხვედრები ტრავმირებულმა იჭიდავა. იქამდე კი მოლდოველი მიხაილ დონსილა და სლოვენიელი დავიდ სტარკელი იპონ-იპონ ჩამოიშორა, ხოლო უნგრელი რიჩარდ გარდი ოქროს დროში აღებული ვაზარით.
ივანე ჯავახიშვილს პირველი მეტოქე – სერბი დენის ჟურაკიჩი არ გამოუცხადდა. ბრიტანელ სამუელ ჰალს შეხვედრის მიწურულს შესრულებული ვაზარით აჯობა. ებრაელი დანიელ ბენ დავიდი ასევე ბოლო წამებზე დაამარცხა შებოჭვით, ხოლო იტალიელ ფაბიო ბასილეს – ვაზარით.
ფინალში ჯავახიშვილი ესპანელ ფრანსისკო გარიგოს სოსას შეხვდა. ოქროს ბედი ბოლო წუთზე გადაწყდა - ჯავახიშვილი ჯერ იუკოზე დავარდა, შემდეგ კი თავისსავე წამოწყებულ ილეთზე შებოჭვაზე მოჰყვა.
ჩემპიონ-პრიზიორები ვაჟებში 66 და 73 კილოგრამ წონით კატეგორიებშიც გამოვლინდნენ. საქართველოს სახელით ტატამზე გიორგი გუგულაშვილი (66 კგ) და კობა მჭედლიშვილი (73 კგ) გავიდნენ, მაგრამ ორივე საწყის ეტაპზევე დამარცხდნენ. გუგულაშვილმა ავსტრიელი ლუკას რეიტერის იუკოთი ძლევის შემდეგ ებრაელ როდეონ გოლოდთან ვაზარით წააგო. მჭედლიშვილისთვის კი გადაულახავი ზღუდე გერმანელი რობერტ ბარვიგი აღმოჩნდა. გამარჯვებული ერთმა შიდომ გამოავლინა.
დღესვე რუმინულ ტატამზე მედლები 44, 48, 52 და 57 კილოგრამ წონით კატეგორიებში მოჭიდავე გოგონებს შორისაც გათამაშდა, მაგრამ საპრიზო სამეულები საქართველოს ნაკრების წევრების გარეშე შეივსო. ოლგა ალადოშვილი (44 კგ), მზია ბებოშვილმა, მარი მახარაშვილმა (ორივე 52 კგ), სალომე აბაშიძემ და მარიამ ციხელაშვილმაც (ორივე 57 კგ) მეოთხედფინალამდე წააგეს და შესაბამისად, სამივე სინჯის მედლისთვის ბრძოლის გაგრძელების შანსი უმალ დაკარგეს.
ხვალ ვაჟებსა და გოგონებში დარჩენილი ოთხ-ოთხი წონა დაინომრება. საქართველოს დროშის ქვეშ კი იჭიდავებენ: უშანგი მარგიანი, ლევან გუგავა (ორივე 81 კგ), ბექა ღვინიაშვილი (90 კგ), გურამ თუშიშვილი (100 კგ), გუგა კიბორძალიძე (+100 კგ) და ელენე ქებაძე (+78 კგ).
წინასწარი ეტაპის შეხვედრები თბილისის დროით 10:30 საათზე დაიწყება.
ვასილ მშვილდაძე