ბრაზილიაში ჩატარებული ძიუდოისტთა მსოფლიოს ჩემპიონატი საქართველოს ჰიმნით დაგვირგვინდა. საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. ირაკლი უზნაძის გაწვრთნილმა გუნდმა რიო დე ჟანეიროს ტატამზე ოთხი შეხვედრა ჩაატარა და ოთხივე დამაჯერებლად მოიგო.გადამწყვეტ შეხვედრაში კი ქართული ხუთეული რუსეთს დაუპირისპირდა და დრამატულ ბრძოლაში მოუგო. 66 და 73 კილოგრამი წონითი კატეგორიების ჭიდაობის შემდეგ უზნაძის გუნდი 0:2-ს აგებდა, მაგრამ ჭრიკიშვილმა და ლიპარტელიანმა წონასწორობა აღადგინეს. ხოლო ოქრუაშვილმა ოქროს წერტილი მსოფლიოსა და ევროპის მრავალგზის ჩემპიონ ალექსანდრ მიხაილინის შებოჭვით დასვა.