საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა თბილისის გრან პრიზე 9 მედალი მოიპოვა და 24 ქვეყნის ნაკრებს შორის საერთო გუნდურ ჩათვლაში გაჩემპიონდა. ირაკლი უზნაძის გაწვრთნილ გუნდზე 4 ოქრო, 1 ვერცხლი და 4 ბრინჯაო მოდის, რაც არა მარტო კაცებში, არამედ კაცთა და ქალთა საერთო შედეგების გათვალისწინებითაც კი საუკეთესო მაჩვენებელი აღმოჩნდა.
შეგახსენებთ, სამდღიანი ტურნირის პირველ ორ დღეს ნუგზარ ტატალაშვილი (73 კგ) და ავთანდილ ჭრიკიშვილი (81 კგ) ჩემპიონები გახდნენ. ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ) ვერცხლს დაეუფლა, ლუხუმ ჩხვიმიანმა (60 კგ), ზებედა რეხვიაშვილმა (73 კგ) და უშანგი მარგიანმა (81 კგ) კი ბრინჯაოები ირგუნეს. დღეს კი სპორტის სასახლის პოდიუმის უმაღლეს საფეხურზე ზვიად გოგოჭური (90 კგ) და ადამ ოქრუაშვილი (+100 კგ) ავიდნენ. ხოლო ლევან მატიაშვილმა (+100 კგ) მესამე ადგილი დაიკავა. თუმცა სჯობს წონების მიხედვით მივყვეთ.
90 კილოგრამი ის ერთადერთი წონითი კატეგორია აღმოჩნდა, რომელშიც საქართველოს ნაკრებმა მასპინძელთათვის დაწესებული ქვოტა სრულად ვერ გამოიყენა. წინასწარ განაცხადს ზედ ტურნირის წინ ვარლამ ლიპარტელიანი გამოაკლდა. შეჯიბრებაზე პირველ ნომრად განთესილმა ძიუდოისტმა ბოლო ვარჯიშზე წელის ტრავმა მიიღო და ნაკრების სამწვრთნელო შტაბის და ექიმების გადაწყვეტილებით, ტატამზე აღარ გავიდა.
დარჩენილი სამი ქართველი სპორტსმენიდან ორი შეჯიბრებაში მეორე წრიდან – მერვედფინალიდან ჩაერთო. წილისყრამ მხოლოდ ბექა ღვინიაშვილი არ დაასვენა, რომელმაც ესტონელ ტაავი ბეკერთან შეხვედრის შუაწელს, დაახლოებით ერთწუთიან მონაკვეთში მეტოქეს იუკო და ვაზარი შეუსრულა და შებოჭვაზეც დაიჭირა.
ახალგაზრდებს შორის ევროპის და მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონს მთავარი ბრძოლა მერვედფინალში ელოდა. მისი და რუსი კირილ დენისოვის მოსალოდნელ დაპირისპირებაზე ძიუდოს წრეებში საუბარი ჯერ კიდევ წილისყრის ჩატარებისთანავე დაიწყეს. ბევრის აზრით, 18 წლის ქართველი უკვე მზადაა, ტიტულოვან უფროს ძიუდოისტებთან ტოლ-სწორად იბრძოლოს, რაც ახლახან ჯარჯი ზვიადაურთან ჭიდაობით დაამტკიცა, მაგრამ დენისოვთან შეხვედრამ გამოაჩინა, რომ უმაღლეს ტიტულებამდე ჯერ კიდევ რთული გზაა გასავლელი.
დენისოვმა ღვინიაშვილს თავისუფალი მოქმედების პატარა შანსიც კი არ მისცა. თავად კი მეხუთე წუთზე ვაზარი აიღო და უპირატესობა მშვიდად შეინარჩუნა.
ღვინიაშვილი გრან პრის გამოეთიშა, კირილ დენისოვმა კი თბილისის სპორტის სასახლის ტატამზე ბოლომდე მაინც ვერ გაიხარა – ნახევარფინალში ზვიად გოგოჭურთან დამარცხდა და “ბრინჯაოს ფინალზე” გადაერთო.
გოგოჭურმა მოწინააღმდეგეს თავიდანვე ისეთი შემართებით შეუტია, მსაჯს სწრაფადვე გააფრთხილებინა. პირველსავე წუთზე დენისოვმა კიდევ ერთი დამსახურებული შიდო მიიღო, მაგრამ ტატამის მსაჯს გადაწყვეტილება მსაჯთა მაგიდიდან შეაცვლევინეს. ქართველი ძიუდოისტი კიდევ უფრო გააქტიურდა და ორი გაფრთხილებით მაინც დაწინაურდა. შეხვედრის ბოლოს კი დაღლა დაეტყო, თუმცა უპირატესობა მაინც შეინარჩუნა და საბოლოოდ, უილეთო ბრძოლაში შიდოებით 3:1 მოიგო.
ნახევარფინალამდე ზვიად გოგოჭური ორი ულამაზესი სუფთა გდებით მივიდა. პირველი იპონისთვის, ირანელ მოჰამად ჯამალისთან სამწუთნახევარი დასჭირდა. უკრაინის ნაკრების წევრ ქუეჯაუ ნჰაბალის კი მხოლოდ ნახევარი წუთი აკმარა.
ფინალი მხოლოდ 69 წამი გაგრძელდა – ქართველმა ძიუდოისტმა საფირმო ბრუნით მეტოქე ვაზარზე დასცა და იქვე შებოჭა.
ამავე წონაში, პაატა ღვინიაშვილმა ძირითად ბადეში გამოსვლა მეოთხედფინალში, სწორედ ფაცენტესთან მარცხით დაასრულა. საქართველოს ჩემპიონი შეხვედრის დასაწყისშივე ვაზარზე დავარდა და დარჩენილ დროში მხოლოდ ის შეძლო, რომ მსაჯს მეტოქე 3-ჯერ გააფრთხილებინა.
იტალიელთან დაჭიდებამდე პაატა ღვინიაშვილმა ებრაელი ალონ სასონის ძლევა მოასწრო. რეპეშაჟში გადართვის შემდეგ კი ჯერ აზერბაიჯანელ რამინ გურბანოვთან ვაზარით ჩამორჩენა ზედ საფინალო სირენისას შებოჭვით შეატრიალა სათავისოდ, ხოლო “ბრინჯაოს ფინალში” კირილ დენისოვთან ვეღარას გახდა და მეხუთე ადგილს დასჯერდა.
100 კილოგრამის განაცხადში შეყვანილი ოთხი ქართველი ძიუდოისტიდან სამს ფინალის გზა მომავალმა ჩემპიონმა - უკრაინელმა არტიომ ბლოშენკომ გადაუღობა. პირველ წრეში რევაზ ჩიკოიძეს აჯობა და შეჯიბრებასაც გამოთიშა. მეოთხედფინალსა და ნახევარფინალში კი ალექსანდრე მსხალაძესა და დავით ლორიაშვილს მოუგო.
ლორიაშვილმა ბლოშენკოსთან დაჭიდებამდე ორი კარგი შეხვედრა ჩაატარა. ლიტველ მარტინას ვასკოვიჩუსს მხოლოდ 12 წამი აკმარა ეფექტური მოგვერდის შესასრულებლად. მეოთხედფინალში კი ტურნირზე პირველ ნომრად განთესილ ირანელ ჯავად მაჰჯუბს ვაზარით სძლია.
რეპეშაჟის ფინალში ლორიაშვილი აზერბაიჯანელ ელმარ გასიმოვს შეხვდა და თანაბარ ბრძოლაში ტაქტიკური შეცდომის გამო მიღებული გაფრთხილებით დამარცხდა.
ალექსანდრე მსხალაძემ დამამშვიდებელ ეტაპზე გადართვამდე ერთი შეხვედრის მოგება მოასწრო – რუსეთის ნაკრების წევრ ხაიბულა მაგომედოვს იუკოთი აჯობა. ბრინჯაოს გზაზე კი ჯავად მაჰჯუბს რიგიანი წინააღმდეგობა ვერ გაუწია და საბოლოოდ მე-7 ადგილს დასჯერდა.
ჩიკოიძე, ლორიაშვილი და მსხალაძე კენჭისყრამ სატურნირო ბადის ერთ მხარეს მოახვედრა. მეორე მხარეს კი მხოლოდ გურამ თუშიშვილი აღმოჩნდა. ახალგაზრდებს შორის ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა საღამოს პროგრამაში “რეპეშაჟის ფინალში” ჭიდაობის უფლება მოიპოვა, რაც ასაკის გათვალისწინებით ურიგო შედეგი ნამდვილად არ იყო, მაგრამ რომ არა მსაჯის შეცდომა, ეგებ პოდიუმის უმაღლეს საფეხურზე ასასვლელადაც ებრძოლა – ნახევარფინალში თუშიშვილმა არაბეთის გაერთიანებული საემიროების ნაკრების მოლდოველ წევრ ივან რემარენკოსთან გდებით წააგო, რომელსაც მსაჯმა იპონი დაარქვა, მაგრამ რეალურად ვაზარს არ აღემატებოდა.
18 წლის ქართველმა ძიუდოისტმა დამამშვიდებელ ეტაპზე გადართვამდე ორი შეხვედრის მოგება მოასწრო. ყაზახ ტალგატ არმენოვს მეორე წუთის ბოლოს შეუსრულა სუფთა გდება, ხოლო აზერბაიჯანელ ელმარ გასიმოვს უქულო ძირითადი დროის შემდეგ, დამატებითში შიდოთი სძლია. პოდიუმზე ასასვლელად კი ძალა აღარ ეყო – რეპეშაჟის ფინალში მაჰჯობთან ორჯერ დავარდა იუკოზე და ლორიაშვილის მსგავსად, მეხუთე ადგილი დაიკავა.
მძიმე წონაში პირველ ნომრად განთესილმა ადამ ოქრუაშვილმა დამაჯერებელი ჭიდაობით დაიცვა ფავორიტის სტატუსი. საქმეში მეოთხედფინალიდან ჩაერთო და თანაგუნდელ როსტომ ხახალეიშვილს ოთხი გაფრთხილებით გასცდა. რუმინელი დანიელ ნატეაც ადვილად დაჩაგრა და მასაც უილეთოდ ააკრეფინა ოთხი შიდო. ფინალში კი რუსეთის ახალგაზრდული ნაკრების წევრი, ევროპის და მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ანტონ კრივობოკოვი გაცილებით გახსნილ ჭიდაობაში ვაზარზე დააგდო და შებოჭა.
ლევან მატიაშვილმაც მეოთხედფინალით დაიწყო, მაგრამ ოქრო-ვერცხლის შანსი უმალ დაკარგა, კრივობოკოვთან იპონით წაგებით. დამამშვიდებელ ეტაპზე ესტონელი ხუან მეტისი წუთნახევარში დასცა ბეჭებზე, რუმინელი დანიელ მატეა კი მსაჯს პასიური ჭიდაობის გამო მოახსნევინა.
როსტომ ხახალეიშვილმა ნაკრებს ჩასათვლელი ქულა მეშვიდე ადგილით მოუტანა. ძირითად ბადეში პირველ წრეში რუსეთის ნაკრების წევრ სტეფან სარქისიანს იუკოს გდება შებოჭვით დაუგვირგვინა. ადამ ოქრუაშვილთან წაგების შემდეგ კი მის ძმასთან – ვახტანგთანაც ვერას გახდა. ეს უკანასკნელი საერთაშორისო არენაზე აზერბაიჯანის დროშის ქვეშ, ბიტიევის გვარით ჭიდაობს.
უმძიმეს წონაში კიმონო ონისე ბუღაძემაც მოირგო, მაგრამ მხოლოდ ერთხელ – პირველ წრეში ანტონ კრივობოკოვთან დაძაბულ ბრძოლაში ერთადერთი გაფრთხილებით წააგო. ბუღაძემ ლამის ორჯერ მძიმე მოწინააღმდეგეს საფინალო სირენამდე 4 წამით ადრე იუკო შეუსრულა, რაც ტატამის მსაჯმაც დააფიქსირა, მაგრამ მსაჯთა მაგიდის მოთხოვნით გააუქმა.
დღესვე საქმეში საქართველოს ქალთა ნაკრების სამი წევრიც ჩაერთო. 78 კილოგრამში ნინო ოძელაშვილმა მეოთხედფინალსა და რეპეშაჟის ნახევარფინალში რუს მეტოქეებთან: ანასტასია დმიტრიევასთან და ალიონა კაჩოროვსკაიასთან იპონეთ წააგო. მძიმეწონოსნებმა ელენე ქებაძემ და ირინე ლეონიძემაც მეოთხედფინალით დაიწყეს და მათაც უმალ დამამშვიდებელ ეტაპზე გადაინაცვლეს, სადაც ერთმანეთის პირისპირ დადგნენ. უილეთო შეხვედრაში “ბრინჯაოს ფინალში” ჭიდაობის უფლება ქებაძემ მოწინააღმდეგის ოთხჯერ გაფრთხილების გამო მოიპოვა.
19 წლის ძიუდოისტმა მსოფლიოს რეიტინგის 37-ე ადგილზე მყოფ რუს ქსენია ჩიბისოვასთანაც გაიბრძოლა, მაგრამ საფინალო სირენამდე ნახევარი წუთით ადრე ბეჭებზე დავარდა და საბოლოოდ მეხუთე ადგილზე გავიდა.
28-30 მარტს გრან პრის თურქეთი უმასპინძლებს. სამსუნში ტატამზე სავარაუდოდ საქართველოს ნაკრების წევრებიც გავლენ. კონკრეტული შემადგენლობა უახლოეს დღეებში დაზუსტდება.
ძიუდო
გრან პრი
თბილისი
21-23 მარტი
კაცები
60 კგ
1 ორხან საფაროვი (აზერბაიჯანი)
2 იერკებულან კოსაიევი (ყაზახეთი)
3 არსენ გალსტიანი (რუსეთი)
3 ლუხუმ ჩხვიმიანი (საქართველო)
5 ამირან პაპინაშვილი (საქართველო)
7 გიორგი ბროლაშვილი (საქართველო)
7 პაატა მერებაშვილი (საქართველო)
66 კგ
1 ნიჯათ შიხალიზადა (აზერბაიჯანი)
2 გიორგი ზანთარაია (უკრაინა)
3 ბატგერელ ბატსეცეგი (მონღოლეთი)
3 ალიმ გადანოვი (რუსეთი)
7 შალვა ქარდავა (საქართველო)
7 ტრისტან ფეიქრიშვილი (საქართველო)
73 კგ
1 ნუგზარ ტატალაშვილი (საქართველო)
2 ლაშა შავდათუაშვილი (საქართველო)
3 ზებედა რეხვიაშვილი (საქართველო)
3 მუსა მოგუშკოვი (რუსეთი)
81 კგ
1 ავთანდილ ჭრიკიშვილი (საქართველო)
2 ტრევის სტივენსი (აშშ)
3 უშანგი მარგიანი (საქართველო)
3 ასაფ ჩენი (ისრაელი)
90 კგ
1 ზვიად გოგოჭური (საქართველო)
2 ვალტერ ფაცენტე (იტალია)
3 ვადიმ სინიავსკი (უკრაინა)
3 კირილ დენისოვი (რუსეთი)
5 პაატა ღვინიაშვილი (საქართველო)
100 კგ
1 არტიომ ბლოშენკო (უკრაინა)
2 ივან რემარენკო (არაბეთის გაერთიანებული საემიროები)
3 ჯავად მაჰჯუბი (ირანი)
3 ელმარ გასიმოვი (აზერბაიჯანი)
5 დავით ლორიაშვილი (საქართველო)
5 გურამ თუშიშვილი (საქართველო)
7 ალექსანდრე მსხალაძე (საქართველო)
+100 კგ
1 ადამ ოქრუაშვილი (საქართველო)
2 ანტონ კრივობოკოვი (რუსეთი)
3 სტანისლავ ბონდარენკო (უკრაინა)
3 ლევან მატიაშვილი (საქართველო)
7 როსტომ ხახალეიშვილი (საქართველო)
ქალები
48 კგ
1 ნატალია კონდრატიევა (რუსეთი)
2 მარინა ჩერნიაკი (უკრაინა)
3 ამელი როსენო (ისრაელი)
3 დილარა ლოხმანჰეკიმი (თურქეთი)
52 კგ
1 გილი კოენი (ისრაელი)
2 როსალბა ფორჩინიტი (იტალია)
3 ტატიანა ლევიცკა (უკრაინა)
3 ნატალია კუზიუტინა (რუსეთი)
57 კგ
1 ირინა ზაბლუდინა (რუსეთი)
2 იოვანა როგიჩი (სერბეთი)
3 შუშანა გევორქიანი (უკრაინა)
3 კიფაიატ გასიმოვა (აზერბაიჯანი)
63 კგ
1 ედვიგ გვენდი (იტალია)
2 იარდენ გერბი (ისრაელი)
3 პარი სურაკატოვა (რუსეთი)
3 ნინა მილოშევიჩი (სლოვენია)
7 შორენა შარაძე (საქართველო)
70 კგ
1 ბარბარა მატიჩი (ხორვატია)
2 ეკატერინა დენისენკოვა (რუსეთი)
3 ირინა გაზიევა (რუსეთი)
3 ლიორ ვილდიკანი (ისრაელი)
78 კგ
1 ასსუნტა გალეონე (იტალია)
2 ვიქტორია ტურკსი (უკრაინა)
3 ივანა მარანიჩი (ხორვატია)
3 ბრიგიტა მატიჩი (ხორვატია)
7 ნინო ოძელაშვილი (საქართველო)
+78 კგ
1 გულსაჰ კოჩათურქი (თურქეთი)
2 სანდრა იაბლონსკიტე (ლიტვა)
3 მარია შეკეროვა (რუსეთი)
3 ქსენია ჩიბისოვა (რუსეთი)
5 ელენე ქებაძე (საქართველო)
7 ირინე ლეონიძე (საქართველო)
საერთო გუნდური ჩათვლა
1 საქართველო 4 1 4 5 9
2 რუსეთი 2 2 9 5 2
3 იტალია 2 2 0 1 0
4 აზერბაიჯანი 2 0 2 2 3
5 უკრაინა 1 3 4 3 5