ფეხბურთი

17:26 | 16.04.2010 | ნანახია [] - ჯერ

“ოლიმპი” - ევროპულ სტანდარტებზე ორიენტირებული სპორტული კლუბი

თბილისური საფეხბურთო სკოლები “საბურთალო” და “ოლიმპი” გაერთიანდნენ, რის შედეგად შეიქმნა სპორტული კლუბი “ოლიმპი”. ახალი სპორტული კლუბის დამფუძნებლები არიან: “იბერია ბიზნეს ჯგუფის” ხელმძღვანელი ტარიელ ხეჩიკაშვილი, “საბურთალოს” სკოლის ყოფილი გენერალური დირექტორი კახა ჭუმბურიძე (ამჟამად ახლადშექმნილი “ოლიმპის” აღმასრულებელი დირექტორი) და სკოლა “ოლიმპის” დამფუძნებელი მამუკა გუგეშაშვილი.
საფეხბურთო სკოლების გაერთიანებასთან დაკავშირებით დღეს, თბილისის “ფოლკსვაგენის” ცენტრში აღნიშნულმა სამეულმა პრესკონფერენცია გამართა.
ტარიელ ხეჩიკაშვილი: “ოლიმპმა” და “საბურთალომ” გადაწყვიტეს მოდერნიზება, რათა ევროპული სტანდარტების სკოლა ჩამოყალიბდეს. ორივე სკოლა საქართველოში წარმატებულია, მითუმეტეს “ოლიმპი” უკვე ათი წელიწადია ფუნქციონირებს. მინდა მადლობა გადავუხადო ამ სკოლას იმ ნაბიჯისთვის, რაც თავის დროზე გადადგა და 1993 წელს დაბადებული ფეხბურთელები გვანდო. აღნიშნულმა საცდელმა პროექტმა კარგი შედეგი გამოიღო და ეს თაობა ერთ-ერთი პერსპექტიულია. თუნდაც, ამის მაგალითად გამოდგება ის, რომ გიორგი ჭანტურია დღეს “ბარსელონაშია”. გვინდა მსგავსი მაგალითები ერთჯერადი არ იყოს და ამიტომ გავერთიანდით. სამწუხაროდ, ქართულ ფეხბურთში გაერთიანება საკმაოდ იშვიათია, ხოლო ჩვენ გვსურს ყოველგვარი ინტრიგებისგან თავისუფალი პროექტი მოვამზადოთ, რომლის მიზანი მხოლოდ ფეხბურთელების გაზრდა და გაყიდვა კი არ იქნება, არამედ საფეხბურთო ინფრასტრუქტურის შექმნა. ფეხბურთელებზე არანაკლებ ნიჭიერი მწვრთნელების თაობა გვყავს, რომლებსაც სათანადო ხელშეწყობა სჭირდებათ განვითარებისთვის. დავაზუსტებ, რომ ეს იქნება დასავლეთევროპული სტანდარტის მქონე სპორტული კლუბი “ოლიმპი”, სადაც ყურადღება სპორტის სხვა სახეობების განვითარებასაც დაეთმობა, მაგრამ პრიორიტეტი ფეხბურთია. კლუბის გენერალური სპონსორი “იბერიაბიზნესჯგუფი” იქნება”.
მამუკა გუგეშაშვილი: ”ორი თვის განმავლობაში ნიუანსებს ვაზუსტებდით და საბოლოოდ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომელიც შესაძლოა ამ ეტაპზე ფინანსურად წამგებიანი იყოს, მაგრამ მომგებიანი იქნება ქართული ფეხბურთისთვის. ჩემთვის მიუღებელია, რომ სკოლაში 100-პროცენტიან წილს ვფლობდე და არ ვვითარდებოდეთ. “საბურთალოსთან” ერთად 1993 წელს ფეხბურთელებთან დაკავშირებით ჩატარებულუ ექსპერიმენტი წარმატებული აღმოჩნდა. გარდა იმისა, რომ ჭანტურია “ბარსელონაში”, გიორგი დევდარიანის გუნდის 5-6 ფეხბურთელს სხვადასხვა ევროპული გუნდები აკვირდებიან. მთავარი პრიორიტეტი საქართველოს ნაკრებისთვის ფეხბურთელების გაზრდაა. იმედია, ჩვენი მეშვეობით ამ სკოლას ბევრი სპონსორი ეყოლება”.
ტარიელ ხეჩიკაშვილი: “მიმდინარე სეზონის ბოლოს გაერთიანება იმიტომ გადავწყვიტეთ, მომავალი სეზონის დაწყებამდე რომ ჩავატაროთ წინასწარი სამუშაოები და სპონსორები მოვიძიოთ. საინტერესო გეგმები გვაქვს და მოლაპარაკებებს ისეთი სასპონსორო პაკეტების თაობაზე ვაწარმოებთ, ზოგიერთი უმაღლესი ლიგის გუნდი რომ ვერ დაიკვეხნის. ჩვენი მიზანი არაა, “თავკომბალის” მსგავსი რამ შევქმნათ და იმედია, ამ მაგალითს სხვებიც მიბაძავენ. ერთობლივი პროექტების გასაკეთებლად ყველასთვის ღია ვართ. ჩაფიქრებული გვაქვს გაცვლითი პროგრამები უცხოურ საფეხბურთო სკოლებთან. გვსურს შევქმნათ კონვეირი, ამ სიტყვის კარგი გაგებით, რომელიც ყველა ბაზარს გაწვდება. ხშირად ხდება, რომ 16-17 წლის ასაკში საფეხბურთო სკოლის დამთავრების შემდეგ, ბავშვი კარიერას ვეღარ აგრძელებს და პროფესიის გარეშე რჩება. ასეთ მოზარდებს ფეხბურთში დარჩენის შანსი უნდა ჰქონდეთ. ვაპირებთ ხელშეკრულების გაფორმებას ფუტსალის რომელიმე კლუბთან, რომ ასეთმა ბავშვებმა თუნდაც ფუტსალის თამაში გააგრძელონ. გვინდა, მათ კვალიფიკაციის შეცვლის საშუალება ჰქონდეთ და მუშაობა მსაჯებად ან მწვრთნელებად გააგრძელონ. “ოლიმპს” აქვს სამედიცინო ცენტრი, რომლის გაფართოებასაც ვგეგმავთ. დავაფუძნებთ იურიდიულ საკონსულტაციო ფირმას, რომელიც მოემსახურება სპორტსმენებს. საქართველოში სპორტული მენეჯერების დეფიციტია და მუშაობა ამ კუთხითაც გვინდა. ერთი სიტყვით, “ოლიმპის” მიზანი მხოლოდ ერთ ასაკში ერთი ფეხბურთელის აღზრდა არაა. ეს პროექტი დიდი გამოწვევაა ჩვენთვის, ვინაიდან ბევრს ქართული ფეხბურთის მიმართ რწმენა დაკარგული აქვს. მერწმუნეთ, 10 წლის წინ, როდესაც ბიზნეს საქმიანობას ვიწყებდით, უფრო მძიმე ვითარებაში ვიმყოფებოდით, ფეხბურთში შედეგის მიღწევა უფრო ადვილად შესაძლებელია”.
მამუკა გუგეშაშვილი:”ჩვენი მიზანია, რომ უფინანსობის გამო ნიჭიერი ფეხბურთელები არ დაიკარგონ, რაც შეიძლება მეტი ფილიალი გავხსნათ თბილისში და 12 წლის ასაკის ზემოთ ფეხბურთელებისთვის გადასახადები მინიმუმადე დავიყვანოთ. ერთ-ერთი დიდი პრობლემაა ის, რომ ფიზმომზადების მწვრთნელები საქართველოში კანტიკუნტად არიან და ამ კუთხითაც საჭიროა მუშაობა”.
“პრიორიტეტულია, რომ ნიჭიერი ბავშვები გადასახადებისგან გავათავისულოთ და საკონტრაქტო სისტემაზე გადავიყვანოთ, რათა პროფესიონალიზმს მივაჩვიოთ. ამ სკოლაში არ იქნება ყველაფერი ერთ კაცზე დამოკიდებული, არამედ საქმეს გუნდური პასუხისმგებლობის პრინციპით მივუდგებით. იმიტომ ვერთიანდებით, რომ რისკები შემცირდეს” –აღნიშნა ხეჩიკაშვილმა.
“მომავალში შესაძლოა გუნდი საქართველოს ჩემპიონატის პირველ ლიგაშიც გვყავდეს და უმაღლესშიც. იმიტომ გვსურს, 17-წლამდელთა ნაკრების ფეხბურთელებმა რუსთავის “ოლიმპში” ითამაშონ, რომ ამ ასაკში საზღვარგარეთ ყველა ვერ წავა და ამის ილუზია არავის ჰქონდეს. იგივე ჭანტურიასთან დაკავშირებით უამრავი პრობლემა შეგვექმნა და ის რომ “ბარსელონაშია” ეკონომიკის მინისტრის ზურაბ პოლოლიკაშვილის დიდი დამსახურებაა”- თქვა ჭუმბურიძემ.
“ჩვენი ძირითადი დასაყრდენი იქნება რუსთავის “ოლიმპი”, რომლის დუბლშემადგენლობასა და ჭაბუკთა ლიგის გუნდთან შეხება მაქვს. უბრალოდ, ფინანსური შესაძლებლობა არ მქონდა, რომ “ოლიმპი” შემენახა და დიდი მადლობა ყველას, ვინც ამ კლუბს გვერდით დაუდგა. ვეცდებით, რაც შეიძლება მეტი მოთამაშე მივაწოდოთ ამ კლუბს”- დასძინა გუგეშაშვილმა, რომელიც, სხვათა შორის, თბილისის საკრებულოში ნაძალადევის რაიონიდან დეპუტატად კენჭისყრას აპირებს.
“გვსურს, მიმდინარე სეზონის დასრულებამდე, სამედიცინო უნივერსიტეტის ტერიტორიაზე სტანდარტული ხელოვნურსაფარიანი სტადიონი მოვაწყოთ. მომდევნო ეტაპი კლუბისთვის ბაზის აშენებაა. ასევე, ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნება, მწვრთნელების 2-3 თვით სტაჟირებაზე გაშვება და ასევე, უცხოელი სპეციალისტების საქართველოში მოწვევა სემინარების ჩასატარებლად. კარგი იქნება თბილისში საერთაშორისო ტურნირის ჩატარება, სადაც უცხოურ კლუბებს მოვიწვევთ. ასევე, აუცილებელია, წელიწადში ერთხელ მაინც საზღვარგარეთულ ტურნირში მიიღოს მონაწილეობა ჩვენი სკოლის რომელიმე ასაკობრივმა გუნდმა” - ხაზი გაუსვა “იბერიაბიზნესჯგუფის” ხელმძღვანელმა.  
დარბაზში მყოფმა თბილისის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გრიგოლ ცაავამ “ოლიმპის” დამფუძნებლებს წამოწყება მიულოცა და წარმატება უსურვა.

ლაშა თაბაგარი

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.17445