მოახლოვდა "დილა"-"ოლბორგის" პირველი დაპირისპირება. როგორც იცით, ევროპის ლიგის II საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩი 18 ივლისს გაიმართება თბილისის "მიხეილ მესხზე", ერთ კვირაში კი "ნორდისკ არენაზე" (ტევადობა – 13800) გაიმართება საპასუხო შეხვედრა. ეს ის "ნორდისკ არენა", სადაც 5 ივნისს საქართველოს ნაკრებმა წააგო დანიასთან (1:2).
128 წლის წინ დაარსებული "ოლბორგი" დანიის 3-გზის (1995, 1999, 2008) ჩემპიონი და თასის 2-გზის (1966, 1970) მფლობელია. დიდი ვერაფერი მიღწევაა, მაგრამ ჩრდილოეთ იუტლანდიის კლუბი დანიურებიდან პირველია, რომელიც ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე... გაიყვანეს. ეს 1995/1996 წლების სეზონში.
სპეციალურად ვწერთ სიტყვა "გაიყვანეს", რადგან ჯგუფში გასასვლელ ბოლო ეტაპზე "ოლბორგმა" კიევის "დინამოსთან" 1:3 და 0:1 წააგო. თუმცა, კიეველებს დისკვალიფიკაცია მისცეს – პირველ შეხვედრაში ესპანელ მსაჯ ლოპეს ნიეტოს მოქრთამვის მცდელობისთვის. ასე იღბლიანად გავიდა დანიური კლუბი ჯგუფურ ეტაპზე, სადაც მოხვდა "პანათინაიკოსთან", "ნანტთან" და "პორტუსთან". ერიკ ანდრეასენის გაწვრთნილები ბოლოზე გავიდნენ, თუმცა 4 ქულა აიღეს: "პანათინაიკოსს" 2:1 სძლიეს, ხოლო "პორტუსთან" 2:2 ითამაშეს.
მაშინდელი "ოლბორგის" სული და გული იყო ფორვარდი ერიკ ბო ანდერსენი, რომელიც დანიის ნაკრებშიც რეგულარულად თამაშობდა. ჯგუფში დანიურმა კლუბმა 5 გოლი გაიტანა და აქედან, 4 ბურთი ანდერსენის ანგარიშზე იყო. გუნდში იყო ჯერაც ძალიან ახალგაზრდა იესპერ გრონკიაერი, რომელიც 1998 წელს "ოლბორგიდან" ამსტერდამის "აიაქსში" გადავიდა და იქ გაითქვა სახელი.
"ოლბორგმა" კიდევ ერთხელ ითამაშა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე, ეს 2008/2009 წლების სეზონში. დანიელებმა ბოსნიური "მოდრიცა" და ლიტვური "კაუნასი" იოლად გამოთიშეს, ჯგუფში კი შეხვდათ "მანჩესტერ იუნაიტედი", "სელტიკი" და "ვილიარეალი". ამჯერად ბოლოზე არ გასულან, 6 ქულა აიღეს და "სელტიკს" გაასწრეს. ისტორიაში დარჩება ფრე "ოლდ ტრაფორდზე" (2:2) და მოგება "სელტიკთან" (2:1). ასევე, მძლავრ "ვილიარეალს" შინ 2:2 ეთამაშნენ.
ევროპის ლიგაზე გადასულებმა, 1/16 ფინალი გადალახეს და თან, საკმაოდ შთამბეჭდავად: ესპანურ "დეპორტივოს" ორი მატჩის ჯამში 6:1 მოიგეს (3:0, 3:1), შემდეგ კი, 1/8 ფინალში დანიელებს ცოტათა დააკლდათ "მანჩესტერ სიტის" გამოთიშვამდე – 2:0, 0:2 და პენალტები დაინიშნა, რომელშიც "სიტიმ" 4:3 იმარჯვა. იმდროინდელი "ოლბორგიდან" 9 ფეხბურთელი კვლავაც გუნდშია.
იუტლანდიის მხარის კლუბი სხვადასხვა დროს გაუწვრთნიათ ლეგენდარულ გერმანელ ზეპ პიონტეკს (80-იან წლებში დანიის ბრწყინვალე ნაკრების თავკაცს), შვედ ერიკ ჰამრინსა და შოტლანდიელ ბრიუს რიოხს.
წინა სეზონში, დანიურ სუპერლიგაში "ოლბორგი" მეხუთე პოზიციაზე გავიდა 47 ქულით. ამდენივე დააგროვეს მეოთხეადგილოსანმა "ესბიერგმა" და მეექვსეზე გასულმა "მიდტიულანდმაც". თასზე კი კენტ ნილსენის გაწვრთნილი "ოლბორგი" მერვედფინალში პენალტებით გავარდა "ესბიერგთან".
ბოლო დროს, "ოლბორგიდან" დანიის ნაკრებში თითქმის ვერავინ ხვდება. ნახევარმცველ რასმუს ვურტცს 9 მატჩი ჩაუტარებია, თუმცა ბოლოს 5 წლის წინ ითამაშა. ბოლო შეხვედრაში ასევე ნახევარმცველი კასპერ კუსკი გამოიძახეს. კენტ ნილსენის გუნდმა ამ ზაფხულს სერიოზული დანაკლისი განიცადა – "ასტონ ვილაში" გადავიდა გუნდის ბომბარდირი ნიკლას ჰელენიუსი, რომელმაც გასულ სეზონში 16 გოლი გაიტანა და მეორე ადგილზე გავიდა სუპერლიგის მეგოლეებს შორის.
თავად მწვრთნელ ნილსენზე: ფეხბურთელობისას, კარგი მცველი გახლდათ და ევროპის ჩემპიონი გახდა დანიის ნაკრებში. სულ, "დინამიტებში" 50 მატჩში 3 გოლი გაუტანია. თამაშობდა "ბრონდბიუში", "ასტონ ვილასა" და "ორჰუსში". რაც შეეხება სამწვრთნელო კარიერას, ნილსენი 7 სეზონის განმავლობაში თავკაცობდა "ჰორსენსს", 2009-2010 წლებში "ბრონდბიუში" იმუშავა და უკვე 3 წელია, რაც "ოლბორგშია". როგორც მწვრთნელი, შედეგებით ვერავის აოცებს...
დღევანდელი "ოლბორგი" შეკრული გუნდია გამოკვეთილი ლიდერის გარეშე. გუნდში ორი ლეგიონერია: ნახევარმცველი ჰალურ ჰანსონი (ფარერები) და ფორვარდი ლუკას შპალვისი (ლიტვა). თუმცა, ისინი ოპტიმალურ თერთმეტეულში არ მოიაზრებიან. ბოლო ტესტ-მატჩი ნილსენის გაწვრთნილებმა "სილკებორგთან" გამართეს და 1:0 მოიგეს. გოლი სიორენ ფრედერიკსენმა გაიტანა 47-ე წუთზე.
შემადგენლობა კი ასეთი იყო: ლარსენი – დალსგორდი, ტელანდერი, ნილსენი, ოლმანი – დიუ (ფრედერიკსენი 46), ვურტცი - კრისტენსენი (ჰანსონი 77), ტომსენი, კუსკი (ვიხმანი 56), - კურტი (სიორენსენი 77).
და ბოლოს, ცოტა რამ ქალაქ ოლბორგზე. ისედაც ცივი დანიის ჩრდილოეთშია დაახლოებით 105000 მაცხოვრებლით. კოპენჰაგენის შემდეგ, სწორედ ოლბორგი ითვლება დანიის N1 სამრეწველო და კომერციულ ქალაქად.