ქართველი სპორტსმენები

14:08 | 7.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

პაპინაშვილის ოქრო ჰავანას გრან-პრიზე

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების უმსუბუქესმა წევრმა ამირან პაპინაშვილმა რიო დე ჟანეიროს 2016 წლის ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ეტაპი რიხიანად დაიწყო. 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ქართველმა ჰავანაში გუშინ დაწყებულ გრან პრიზე ჩემპიონის ტიტული მოიპოვა და 300 სარეიტინგო ქულაც გამოიმუშავა. 

ოქროს გზაზე პაპინაშვილმა ოთხი შეხვედრა ჩაატარა და ოთხივე დამაჯერებლად მოიგო. მსოფლიოს რეიტინგში მეორე ადგილზე მყოფი ძიუდოისტი მიმდინარე ტურნირზე პირველ ნომრად იყო განთესილი და საქმეში მეორე წრიდან – მერვედფინალიდან ჩაერთო, სადაც ამერიკელ აარონ კუნიჰიროს ორწუთნახევარში მოუმთავრა საქმე. შემდეგ მეტოქესთან, შვეიცარიელ ლუდოვიკ ჩამარტინთან შედარებით მძიმედ დაიწყო, თავის წამოწყებულ ილეთზე იუკოზე დავარდა და ნელ-ნელა დაღლაც დაეტყო, მაგრამ ძალები მოიკრიბა და საფინალო სირენამდე მეტოქეს ვაზარი და იუკო შეუსრულა.

ნახევარფინალში ებრაელი არტემ არშანსკი მეოთხე წუთზე დასცა ბეჭებზე. იქამდე ვაზარის ერთი ვაზარიც მოასწრო. გადამწყვეტ ბრძოლაში კი ბრაზილიელ ერიკ ტაკაბატაკეს ერთი წუთი აკმარა.

0.129054