ყაზანის “რუბინში” გატარებული სამი წლის განმავლობაში, ნუკრი რევიშვილმა გუნდში თითზე ჩამოსათვლელი შეხვედრები ჩაატარა. გამომდინარე იქიდან, რომ მას, ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრების შანსი არც მომავალ სეზონში ჰქონდა, 22 წლის მეკარემ პირველი დივიზიონიდან აღზევებულ მაჰაჩყალის “ანჟის” მიაშურა. მართალია, რუსეთის ორგზის ჩემპიონის რიგების დატოვება მისთვის ადვილი არ იყო, მაგრამ რევიშვილმა სათამაშო პრაქტიკა არჩია. “სპორტ-ექსპრესისთვის” მიცემულ ინტერვიუში, მან ყაზანის დატოვებას გამართლებული ნაბიჯი უწოდა.
- მაჰაჩყალაში გადასვლის არ გეშინიათ? რაც უნდა იყოს, დაღესტანი მშვიდი რეგიონი ნამდვილად არა...
- ვფიქრობ, იქ ფეხბურთელებისთვის საშიში არაფერია. ხიფათი უფრო ქალაქიდან მოშორებითაა. ყოველ შემთხვევაში, მე ასე ამიხსნეს. ჩემთვის მთავარი, სათამაშო პრაქტიკაა. იმედი მაქვს, რომ “ანჟიში” ის უფრო მეტი მექნება, ვიდრე ყაზანში მქონდა.
- მაჰაჩყალაში ნამყოფი ხართ?
- ჯერ არა. თუმცა გამიგია, რომ ლამაზი ქალაქია, რომელიც საქართველოს გაგონებს. ორი კვირის შემდეგ, საკუთარი თვალით ვნახავ. მაჰაჩყალაში ზღვა და მთებია, რაც ჩემთვის, როგორც ქართველისთვის, ახლობელი რამაა.
- საქართველოში თქვენი საყვარელი ადგილი რომელია?
- ქუთაისი, სადაც დავიბადე და 18 წლამდე ვცხოვრობდი. საწყენია, რომ იქ ჩასვლა ხშირად არ მიწევს - მხოლოდ სეზონებს შორის შესვენებისას.
- მშობლები ქუთაისში ცხოვრობენ?
- არა, თბილისში. მეუღლე და ბავშვი კი, ჩემთან ერთად ყაზანში იყვნენ.
- ისინი მაჰაჩყალაში ჩამოვლენ?
- დიახ. ოღონდ მაშინ, როდესაც კლუბთან ურთიერთობას ოფიციალურად გავაფორმებ.
- მათი წაყვანა თქვენი გადაწყვეტილებაა?
- მეუღლის, რომელსაც კარგად ესმის, რომ მხარდაჭერა მჭირდება. მისით ვამაყობ.
- ყაზანში ცხოვრება მოგწონდათ?
- ლამაზი ქალაქია, მოსკოვისგან და სანკტ-პეტერბურგისგან განსხვავებით, მშვიდი. ყაზანი მომწონდა და მისი დატოვება მენანება, რადგან მივეჩვიე. მიუხედავად ამისა, მაჰაჩყალაში გადასვლას სწორ გადაწყვეტილებად ვთვლი.
- “ანჟი” პირველ დივიზიონში რომ დარჩენილიყო, მაინც გადახვიდოდით ამ გუნდში?
- დიახ, რადგან თამაში ძალიან მინდა.
- კონკურენტ ილია აბაევის შესახებ რას იტყვით?
- ძალიან კარგი მეკარე და ადამიანია. ჩვენთან ჯანსაღი კონკურენციაა და ერთმანეთის არ გვშურს. თუმცა, კარში ადგილს ვის ანდობენ, მწვრთნელის გადასაწყვეტია.
- “ანჟის” ვარჯიშები, “რუბინის” სამწვრთნელო პროცესისგან ძალიან განსხვავდება?
- “ანჟიში” დატვირთვები უფრო დიდია.
- ალბათ, თქვენთვის “რუბინთან” შეხვედრები პრინციპული იქნება, ახალგაზრდული გუნდების დონეზეც კი?
- ყოფილი გუნდის წინააღმდეგ თამაში ძალიან მინდა. თუმცა, “რუბინზე” ნაწყენი ნამდვილად არ ვარ. ბევრ ფეხბურთელთან ვმეგობრობ. ჩვენ კარგი ტრადიცია გვქონდა - თამაშიდან ორი დღის შემდეგ, თითქმის მთელი გუნდი ოჯახებით კაფეში, ან რესტორანში ვიკრიბებოდით, ვვახშმობდით, ვსაუბრობდით. ეს კოლექტივს აახლოებს. კარგია, თუ “ანჟიშიც” მსგავსი რამ იქნება.
- თქვენი აზრით, “ანჟისთვის” სეზონი როგორ წარიმართება?
- ბუნებრივია, გაგვიჭირდება. გუნდი პრემიერლიგაში ახლა გადავიდა და ზოგიერთ ფეხბურთელს აქამდე იქ არც უთამაშია. მიუხედავად ამისა, თავდაპირველად, ათეულში მოხვედრა მაინც მსურს.
მოამზადა ლაშა თაბაგარმა







