ინტერვიუები

20:50 | 8.01.2010 | ნანახია [] - ჯერ

ნუგზარ ჭეიშვილი: “თსუ ყველა ტურნირის მოსაგებად იბრძოლებს”

თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვაჟ კალათბურთელთა გუნდმა თსუ-მ, ახალი, 2009-2010 სეზონი კარგად დაიწყო. სტუდენტებმა სეზონის პირველ ტურნირში, დუდუ დადიანის მემორიალზე მეორე ადგილი დაიკავეს, ხოლო მე-19 ეროვნული ჩემპიონატის პირველ წრეში, ერთადერთი შეხვედრა წააგეს და ქვეყნის მოქმედ ჩემპიონ რუსთავის “ენერჯი-ინვესტის” შემდეგ, რომელიც ასპარეზობას დაუმარცხებლად ლიდერობს, მეორე ადგილზე იმყოფებიან.
თსუ-მ, სეონის დაწყების წინ, შეკრება ბათუმში გაიარა. მეორე წრისთვის კი ბაკურიანში ემზადება.
გთავაზობთ ინტერვიუს თსუ-ს მთავარ მწვრთნელ ნუგზარ ჭეიშვილთან, რომელსაც ბაკურიანში დავუკავშირდით.
- თუ შეიძლება გვიამბეთ თსუ-ს ბაკურიანში შეკრების შესახებ.
- ბაკურიანში 3 იანვარს ჩამოვედით და შეკრებას 10 იანვარს დავასრულებთ. დავბინავდით სასტუმრო “თეთრ სახლში”. დღეში ორჯერადი ვარჯიშები გვაქვს და მთლიანად ფიზიკური მომზადებით ვართ დაკავებული. ჩემთან ერთად, შეკრებაზე იმყოფებიან მწვრთნელი ნუგზარ მარკოიშვილი, გუნდის ექიმი გიორგი ბასილაია და მოთამაშეები: შიო ხეცურიანი (კაპიტანი), გიორგი კუჭავა, დავით ბარბაქაძე, ირაკლი კეიდია, დავით ხიზანიშვილი, შალვა კოხრეიძე, ზვიად დეკანოიძე, გიორგი გაფრინდაშვილი, მიხეილ ფანჩულიძე, ვახტანგ ბოლქვაძე, ლაშა ლოსაბერიძე და ირაკლი ივანეიშვილი.
- თქვენ არაფერი გითქვამთ გუნდის კიდევ ერთ წევრ ირაკლი შანიძეზე, რომელიც ტრამვირებული იყო და პირველი წრე გამოტოვა.
- შანიძემ ტრავმა მოირჩინა და მეორე წრისთვის მზადებას თბილისში აგრძელებს. თბილისში რომ დავბრუნდებით, შანიძეც შემოგვიერთდება და მეორე წრისთვის მზადებას ერთად გავაგრძლებთ.
- სეზონის დაწყების წინ გვითხარით, რომ პირველი წრის შემდეგ, თსუ კიდევ უფრო გაძლიერდებაო. რამდენი კალათბურთელის დამატებას აპირებთ?
- ორი კალათბურთელის დამატებას ვაპირებთ. მათგან ერთი, ცენტრალური თავდამსხმელი, ხოლო მეორე კი გამთამაშებელი იქნება.
- ვინ არიან ის კალათბურთელები, თსუ ხომ აპირებს დაიმატოს?
- თსუ-ში თამაშის მსურველი ბევრია. ჯერჯერობით არავინ შემირჩვია და ზუსტად ვერც იმ დროს გეტყვით, როცა შევარჩევ. შეიძლება მათი დამატება მიხეილ ქორქია-ზურაბ საკანდელიძის მემორეიალზე, ან თასის გათამაშების დროს მოხერხდეს.
- რა გეგმები გაქვთ 2009-2010 წლების სეზონში?
- თსუ ყველა იმ ტურნირის მოსაგებად იბრძოლებს, რომელშიც ითამაშებს.
- ვის თვლით ძირითად კონკურენტად?
- რა თქმა უნდა, “ენერჯი-ინვესტს”.
- ჯერჯერობით, ორი შეხვედრა წააგეთ და ორივე “ენერჯი-ინვესტთან” - ერთი დუდუ დადიანის მემორიალზე და მეორე მიმდინარე ჩემპიონატში. რას გვეტყვით ერონულ ჩემპიონატში თსუ – “ენერჯი-ინვესტის” შეხვედრაზე, რომელიც თბილისში ჩატარდა. რატომ ვერ შეძელით მემორიალზე განცდილი მარცხისვის თბილისში რევანშის აღება?
- “ენერჯი-ინვესტი” კარგი გუნდია და მასთან თამაში ყველას უჭირს. რაც შეეხება თსუ – “ენერჯი-ინვესტის” თბილისში ჩატარებულ შეხვედრას, რევანშის არება იმიტომ გაგვიჭირდა, რომ ორი წამყვანი კალათბურთელის, დავით ბარბაქაძისა და გიორგი გაფრინდაშვილის გარეშე ვთამაშობდით, რომლებიც ტრავმირებულები იყვნენ.
- და ბოლოს, ვინ დაეხმარა თსუ-ს ბაკურიანში შეკრების მოწყობაში?
- დიდი მადლობა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორ გიორგი ხუბუას და ამავე უნივერსიტეტის კულტურისა და სპორტის განყოფილების უფროს ლილიკო ნემსაძეს, რმლებმაც დააფინანსეს თსუ-ს შეკრება. ასევე მინდა მადლობა გადავუხადო სასტუმრო “თეთრი სახლის” დირექტორ ინგა გვალიას და აღნიშნული სასტუმროს ტექნიკურ პერსონალს, რომლებმაც კარგი მასპინძლობა გაგვიწიეს და ყველა პირობა შეგვიქმნეს, რათა კარგი მომზადება გაგვევლო.

როლანდ ლაბუჩიძე


სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.159989