ჩოგბურთი

15:50 | 13.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

ნოვაკ ჯოკოვიჩი: „მადრიდში რომ მეთამაშა, შესაძლოა ტრავმა ქრონიკული გამხდარიყო“

 მსოფლიო რეიტინგსიის მეორე ნომერი ნოვაკ ჯოკოვიჩი დღეს რომის „მასტერზ1000“-ზე ჩაებმება. „ნოლეს“ პირველი მოწინააღმდეგე ჩეხი ვეტარანი რადეკ შტეპანეკი იქნება. შეჯიბრების სტარტის წინ სერბმა ჩოგბურთელმა ჟურნალისტთა რამდენიმე კითხვას უპასუხა.

- მადრიდის ტურნირზე გამოსვლაზე უარის თქმა რეალურად ტრავმით თუ ტაიმ აუტის აღების მიზნით იყო გამოწვეული?

- მნიშვნელოვანი შეჯიბრებების გამოტოვება არ მიყვარს. მადრიდის „მასტერზ1000“-ის წინ მართალია, მაჯის არეში ტკივილს არ ვგრძნობდი, მაგრამ ექიმებმა პროფილაქტიკის მიზნით თამაშისგან თავის შეკავება მირჩიეს. მეც მათ ნებას დავყევი. თანაც მესმოდა, რომ ესპანეთის დედაქალაქში ასპარეზობით გარკვეულწილად ვრისკავდი. ლამის ერთმანეთის მიყოლებით მადრიდში, რომში, „როლან გაროსსა“ და უიმბლდონზე უნდა გამოვსულიყავი. მადრიდში ასპარეზობით ტრავმა რომ გამერთულებინა, ქრონიკულში გადამეზრდებოდა. საამისო მაგალითი დელ პოტრო და დავიდენკოა. მათ ოპერაციის გაკეთება დასჭირდათ და 9 თვის გამოტოვება უწევთ.

- ამჯერად თავს როგორ გრძნობთ?

- ინტენსიურად ვარჯიშობ, ჩემ ჯანმრთელობაზე კი მედიკოსთა მთელი ჯგუფი ზრუნავს. ამ ჯგუფის შემადგენლობაში გამოცდილი ფიზიოთერაპევტები და ექიმები შედიან. რომის ტურნირის მოახლოებასთან ერთად წვრთნათა ინტენსივობას მოვუმატე. სადღეისოდ საგრძნობლად უკეთ ვარ მზად, ვიდრე მადრიდის ტურნირის სტარტის წინ.

- თქვენ გვერდით ვერ ვხედავთ პირად მწვრთნელ მარიან ვაიდას. იქნებ საამისო მიზეზი აგვიხსნათ?

- რომში ბორის ბეკერის დამრიგებლობით ვვარჯიშობ, შესაძლოა მალე ვაიდაც შემოგვიერთდეს, პარიზში კი მარიანი ჩვენთან ერთად აუცილებლად იქნება. ვაიდა ძალიან კარგად მიცნობს და ბეკერთან უფრო მწიდრო ურთიერთობის დამყარებაში დამეხმარება.

- რომში ჩამოსული ტრადიციას არ ღალატობთ და „ბავშვთა დღეში“ ამჯერადაც მიიღეთ მონაწილეობა...

- ამ ღონისძიებაში მონაწილეობის მიღებას საკუთარ ვალდებულებად ვთვლი. აუცილებელია ყველა ცნობილმა და მეტნაკლებად შეძლებულმა ადამიანმა მოზარდების კეთილდღეობაზე იზრუნოს.

0.117244