სტატიები

11:16 | 2.08.2010 | ნანახია [] - ჯერ

ნორჩი “ვეტერინარები”

ბევრს გასჩენია კითხვა: “ვიტ ჯორჯიას” ფეხბურთელები სხვა კლუბში გადასვლისას რატომ ვერ პროგრესირებენ? რა თქმა უნდა, გამონაკლისებიცაა (მაგალითად, ოთარ მარცვალაძე), მაგრამ უმეტესად ისე ხდება, რომ ამ ფეხბურთელებმა საუკეთესო წლები “ვეტერინარებში” მოიტოვეს. ძნელად საპასუხოა, მაგრამ ალბათ, ეს იმის ბრალია, რომ “ვიტ ჯორჯია” ძალიან მეგობრული გუნდი იყო... ალბათ, ახლაც მეგობრულია, თორემ ირაკლი კლიმიაშვილი ამ სიტყვებს არ იტყოდა: “საქართველოს სხვა კლუბში თამაში ვერ წარმომიდგენია, “ვიტ ჯორჯიას” წინაამღდეგ ვერ გამოვალ”.
მაგრამ ამ ზაფხულს ვიტელთა გუნდში სამარცხვინო ამბავი მოხდა: უკრაინულ შეკრებაზე იქაურ “კრიმტეპლიცასთან” მატჩში ფეხბურთელმა გიორგი ბერიაშვილმა მწვრთნელ გელა გომელაურს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რის შემდეგაც ბერიაშვილი ტრანსფერზე დააყენეს, გომელაური კი რამდენიმე დღის თავზე გუნდიდან წავიდა: ევროპის ლიგის საკვალიფიკაციოზე, ჩეხურ “ბანიკთან” შინ 0:6 წაგების შემდეგ, თავმოყვარე მწვრთნელი მართლაც ასე უნდა იქცეოდეს...
0:6-ს “ბანიკთანვე” სტუმრად 0:0 მოჰყვა. აბა, ჩეხეთში უგოლო ფრე რომელი ქართული გუნდისთვის იქნება ცუდი შედეგი, მაგრამ გააჩნია რა მოტივაციის მატჩში. გომელაურის წასვლის შემდეგ, ვიტელთა მთავარი მწვრთნელი მერაბ კოჭლაშვილია, მის თანაშემწედ კი, ზურაბ ბერიძე მუშაობს. ისინი უკვე წლების განმავლობაში მუშაობენ ამ გუნდში და რომ იტყვიან, “დაღეჭილს” იცნობენ სიტუაციას.
რა ამბიცია ექნება დამდეგ სეზონში “ვიტ ჯორჯიას”? ალექსანდრე კვახაძე, ლაშა ჯაფარიძე, ლუკა რაზმაძე, გრიგოლ ბედიაშვილი, გიორგი ბერიაშვილი – 5 წამყვანი ფეხბურთელი “ოლიმპში” გაუშვეს. გიორგი დათუნაიშვილი ქუთაისის “ტორპედოში” გადავიდა, რამდენიმე დღის წინათ იქვე წავიდა (იჯარით) ვიტელთა გუნდის ახალგაზრდა შემტევი მიხეილ როსტიაშვილიც.
ნამატი კი ისევ ფარმ-კლუბიდან: სხვაგვარად “ვიტ ჯორჯია” არც იქცევა. ამ კლუბს იშვიათად აუყვანია ფეხბურთელი სხვა გუნდიდან. წლეულს ასეთი მხოლოდ 2 იყო – მეკარე გიორგი ძაძამია და მცველი ირაკლი ჭანკვეტაძე.
დღევანდელი “ვიტ ჯორჯიას” შეტევების ლიდერი კლიმიაშვილია, რომელიც საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებშიც გამორჩეულთაგანია. ასევე საკმაო ძალა (ეროვნული ჩემპიონატის კვალობაზე) იქნება ჯაბა ლიპარტიაც და მათ დავუმატოთ 20 წლის გიორგი ვასაძეც, რომელმაც გასულ სეზონში უცებ დაიმკვიდრა ადგილი ძირითად თერთმეტეულში და კარგი სეზონიც ჩაატარა. ცენტრფორვარდის პოზიციაზე 2 კანდიდატია – წინა სეზონში ტრავმებისგან გატანჯული ვახტანგ კვარაცხელია და ბესიკ ჩიმაკაძე. ტესტ-მატჩებში კარგად ითამაშეს გიორგი ჯანელიძემ და ბექა ზაქრაძემ, რომლებიც ასევე შემტევი ტიპის ფეხბურთელები არიან.
ძირითადი მეკარე, ალბათ, არდალიონ მიქაბერიძე იქნება, დაცვის ცენტრში დავით ლომაია და გურამ ადამაძე დადგებიან, ფლანგებზე კი მარჯვნივ გიგა ბეჭვაია ან დავით ხურცილავა, მარცხნივ - ჭანკვეტაძე.
საკონტროლო მატჩებზეც: ჩეხეთიდან ჩამოსვლის შემდეგ, “ვეტერინარებმა” ჯერ საჩხერის “ჩიხურას” მოუგეს 4:0 (ზაქრაძე – 2, კვარაცხელია, ჩიმაკაძე), ორი დღის წინათ კი, აზერბაიჯანის “თურანს” 2:0 (ბეჭვაია, კორიფაძე) აჯობეს.
და მაინც, ისე ჩანს, “ვიტ ჯორჯიას” ამ სეზონში მაღალი მიზნებისთვის ბრძოლა გაუჭირდება. თუმცა, კლუბის პოლიტიკაში არაფერი შეცვლილა. გუნდი ფიზიკურად კვლავაც მხნე და გამძლეა (ისევ ვიტყვით, საქართველოს ჩემპიონატის კვალობაზე), ყოველთვის გამოარჩევდა. ამის მთავარი მიზეზი ვიტამინირებაა – კლუბის პრეზიდენტი ხომ გურამ რუხაძეა, რომელიც ცნობილი სპეციალისტია და ამასთან, კლუბის მართვაც მშვენივრად ეხერხება. ბევრისგან გაიგებთ, რუხაძე ქართულ საკლუბო ფეხბურთში ერთადერთი პრეზიდენტია, წაგებაში რომ არააო...
ვნახოთ, როგორი იქნება ჩემპიონატში ძალიან (ეგებ ზედმეტედაც კი) გადახალისებული “ვიტ ჯორჯია”.  2004 და 2009 წლების გამეორება ოცნებას უფრო ჰგავს – ამ წლებში ხომ ვიტელები საქართველოს ჩემპიონები გახდნენ...  
 

ილია ნანობაშვილი

 

0.167666