ჭადრაკი

23:24 | 18.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ნონას” ხუთიდან – ხუთი!

ბათუმის საჭადრაკო კლუბი “ნონა” ევროპის საკლუბო ჩემპიონატის ოქროს მედლებს კიდევ უფრო მიუახლოვდა. ქართველმა მოჭადრაკეებმა ზედიზედ მე-5 მატჩი მოიგეს და 10 ქულით ერთპიროვნულ ლიდერებად რჩებიან.

მე-5 ტურში “ნონამ” რუსული კლუბი “ლადია” 2.5:1.5 დაამარცხა. გუნდს გამარჯვება ნინო ბაციაშვილმა (2426) მოუტანა, რომელმაც ელენა ზაიაცს (2401) სძლია, დანარჩენი 3 პარტია კი ყაიმით დასრულდა: ნანა ძაგნიძე (2566) ალისა გალიამოვას (2472) დაუზავდა, ბელა ხოტენაშვილი (2507) – ანა ზატონსკიხს (2469), სალომე მელია (2464) კი – ეკატერინა ატალიკს (2421).

“ნონას” უახლოესი მდევარი რუსული “ნაშე ნასლედიე” გახლავთ, რომელმაც ებრაული “რიშონ ლეციონი” 4:0 გაანადგურა და თავი 7.0 ქულას მოუყარა. 6.0-6.0 ქულა აქვთ აქტივში “მონტე-კარლოს” და ხსენებულ “ლადიას”. “მონტე-კარლომ” “უგრას” (რუსეთი) 3.5:0.5 მოუგო, დღის კიდევ ერთ შეხვედრაში კი გერმანულმა “ბად კონიგსჰოფენმა” “ჰერცლიას” 4:0 სძლია.

ესპანეთის ქალაქ ბილბაოში მიმდინარე მე-6 ტურში “ნონას” მდგომარეობის განმტკიცების კარგი შანსი აქვს, რადგანაც ერთ-ერთ აუტსაიდერ “რიშონ ლეციონს” ეთამაშება. ამ უკანასკნელს ერთადერთი გამარჯვება ისრაელის კიდევ ერთ წარმომადგენელ “ჰერცლიასთან” აქვს მოპოვებული. “ნაშე ნასლედიე” სწორედ “ჰერცლიას” ეთამაშება, “მონტე კარლო” “ლადიას” დაუპირისპირდება, ხოლო “უგრა” – “ბად კონიგსჰოფენს”.

0.115515