ნოვაკ ჯოკოვიჩი ჩინეთის დედაქალაქ პეკინის ტურნირის პირველი მეოთხედფინალისტი გახდა. 27 წლის რეიტინგსიის სერბმა ლიდერმა შეჯიბრებაზე მეორე მატჩი ჩაატარა, ამჯერადაც მეტოქისთვის სეტი არ დაუთმია, თუმცა, სასტარტო შეხვედრისგან განსხვავებით ამჯერად კანადელი ვაშეკ პოსპიშილის დამარცხება საკმაოდ გაუჭირდა 6:3, 7:5. მეოთხედფინალში ჯოკოვიჩის მოწინააღმდეგეს ესპანელი პაბლო ანდუხარისა და ბულგარელი გრიგორ დიმიტროვის დაპირისპირება გამოავლენს.
პოსპიშილთან მატჩისას ნოვაკმა 4 ბრეიკი და 5 ეისი განახორციელა. ეს მეტოქეები კორტის ბადის საპირისპირო მხარეს მეორედ დადგნენ და სერბმა მეორედაც მოახერხა ჩეხი წარმოშობის კანადელის წინააღმდეგობის დაძლევა. შეხვედრა საათსა და 25 წუთს გაგრძელდა.
ნოემბრის დასაწყისში ჯოკოვიჩი მამა გახდება – მისი მეუღლე ელენა რისტიჩი ბიჭს ელოდება. ამ ბედნიერ მოვლენასთან დაკავშირებით “ნოლემ” განაცხადა, რომ ძეობა მის საჩოგბურთო გეგმებს არ შეცვლის და იგი შანხაიში, პარიზსა და წლის შემაჯამებელ ტურნირზე აუცილებლად ითამაშებს.