ფეხბურთი

18:52 | 30.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

ნოდარ აკობია: “გაფართოებულ სიაში 27 ჭაბუკი გვყავს”

 

საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების მწვრთნელმა ნოდარ აკობიამ მინსკში გამართული 12-გუნდიანი საერთაშორისო ტურნირი შეაჯამა. როგორც იცით, ქართველებმა მე-5 ადგილი დაიკავეს: მეოთხედფინალი პენალტებში წააგეს ლიტვასთან (ძირითადი დრო 0:0), დანარჩენი ყველა შეხვედრა კი მოიგეს. ისე გამოვიდა, რომ აკობიას გუნდს ერთი გოლიც კი არ გაუშვია ტურნირზე.

აკობიამ “მიხეილ მესხის” სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა. მასთან ერთად გახლდათ ნაკრების მეკარე ოთო გოშაძე (“საბურთალო”), რომელიც მინსკის ტურნირის საუკეთესო გოლკიპერად აღიარეს:

-       მინსკში წასვლამდე ერთი კვირა ვემზადებოდით თბილისში. 17 თებერვალს ჩავფრინდით და 20-დან უკვე თამაშებიც დაიწყო. ჯგუფში ირანსა და ყაზახეთს მოვუგეთ, მეოთხედფინალში კი ლიტვასთან ისე წავაგეთ, საცოდაობა იყო. მეტოქე ჩვენს ნახევარზე სულ ორჯერ გადმოვიდა, სულ დაცვაში იდგნენ, დრო გაჰყავდათ და პენალტებამდე სურდათ საქმის მიყვანა, რაც მოახერხეს კიდეც. საწყენია, რომ მომენტები ვერ გამოვიყენეთ. საბოლოოდ, წავაგეთ, თუმცა მეხუთე ადგილისთვის ბრძოლა გავაგრძელეთ და ირანს მეორეჯერაც მოვუგეთ. საერთოდ, უცნაური შედეგები ფიქსირდებოდა. მაგალითად, ირანს 8:0 მოვუგეთ, თავად ირანელებმა კი ლატვიას სძლიეს და ლატვიამ, თავის მხრივ, რუსეთს მოუგო. ფინეთმა, რომელიც ჩემი აზრით, საუკეთესო იყო ტურნირზე, ფინალისტ ბელარუსს ჯგუფში 4:0 სძლია. სასიამოვნოა, რომ ფინეთს 2:0 მოვუგეთ: მათი ფეხბურთელები ჰოლანდიის ლიგაშიც კი თამაშობენ. ერთ-ერთი მათგანი “ტვენტეშია”. კარგად ორგანიზებული ტურნირი იყო, ყოველმხრივ საინტერესო გამოდგა. აქვე ვიტყვი რუსეთის ნაკრებში მოთამაშე ქართველ ფეხბურთელებზე: მელქაძეც და ყიფიანიც გამორჩეულები იყვნენ. განსაკუთრებით, მელქაძე მომეწონა, რომელიც მოსკოვის “სპარტაკის” აკადემიაშია და იქ გუნდის კაპიტანიც გახლავთ.

-       ირანი, რომელიც 8:0 დაამარცხეთ, 1997 წელს დაბადებულებით იყო დაკომპლექტებული?

-       არა, პასპორტში ეწერათ 1998 და 1999 წელს დაბადებულები, მაგრამ რატომღაც არ მჯერა, რომ პატარები ყოფილიყვნენ. საერთოდ, ირანელთა ასაკს ვერ გაიგებ.

-       ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პირველი ციკლის შემდეგ (რომელიც თბილისში გაიმართა), რამდენიმე ახალი ფეხბურთელი გყავდათ...

-       თბილისში ჩატარებულ შესარჩევის შეხვედრებში არ გყავდა ტრავმირებული ოთო გოშაძე და გურამ გოშთელიანი (ორივე - “საბურთალო”). ასევე, ახლები იყვნენ მეკარე კულუა (“დინამო 2”), ლებანიძე (“ვიტ ჯორჯია”), ალთუნაშვილი (“საბურთალო”) და კამლაძე (“ლოკომოტივი”).

-       ელიტ-რაუნდამდე კიდევ გექნებათ უცხოური ტურნირი, ან თბილისში ჩამოვა რომელიმე ნაკრები?

-       თავიდან ვვარაუდობდით, თურქეთში ხომ არ წავსულიყავით, მაგრამ იქ სპარინგ-მეტოქეების მოძიება გართულდებოდა. თბილისში, “ბასაზე” მოვემზადებით, სადაც იდეალური პირობებია. 13 და 15 თებერვალს ყაზახეთის 1996 წელს დაბადებულთა ნაკრებს ორჯერ ვეთამაშებით თბილისში, შემდეგ კი, როცა დასკვნით შეკრებაზე გადავალთ, ადგილობრივ ქართულ კლუბებთან გავახერხებთ საკონტროლო მატჩებს. ელიტ-რაუნდი კი, როგორც იცით, 26-31 მარტს გაიმართება. ყაზახებთან არ გვეყოლებიან “საბურთალოს” ჭაბუკები, რომლებიც ანთალიაში მიდიან 20-დღიან შეკრებაზე.

-       მეტოქეები არიან გერმანია, სერბეთი და ირლანდია. თამაშები სერბეთში გაიმართება. საკმაოდ ძლიერი ჯგუფია და რეალურად, რას უნდა ველოდოთ?

-       სამივე მეტოქე ძლიერია. ჩანაწერები მაქვს და გერმანია ამ ასაკში  ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესოა. ძლიერია სერბეთიც. მათთან შედარებით სუსტი ჩანს ირლანდია, მაგრამ ეს პირობითად. იმედიანად ვარ და ვნახოთ. კარგი შეფასება გვქონდა ბელარუსში და დავრწმუნდი, რომ ამ ნაკრებს შეუძლია, ძლიერ გუნდებთან ბრძოლისუნარიანობა გამოაჩინოს.

-       “ოსერის” სარეზერვო გუნდში თამაშობს ფორვარდი გიორგი ჯობავა. რას იტყვით მასზე, რამდენად კარგ ფორმაშია?

-       მას საკმაო პერიოდი გაუცდა და ამიტომაც ვერ ვიტყვი, რომ საუკეთესო ფორმაშია. თუმცა კარგად წარმოაჩინა თავი ბელარუსში, 5 გოლი გაიტანა და 1 ბურთით ჩამორჩა ტურნირის საუკეთესო ბომბარდირს. ასევე, გვსურდა გერმანულ “ბვ 04 დიუსელდორფში” მოთამაშე ვატო მურჯიკნელის საქმეში ნახვა, მოწვევაც გავუგზავნეთ, მაგრამ მინსკში ვერ ჩამოვიდა.   

-       რატომ?

-       მას ლტოლვილის სტატუსი აქვს და გერმანიიდან არაევროკავშირულ ქვეყნებში ჩასვლას ვერ ახერხებს. აპრილში მიიღებს იმ საბუთს, რომლითაც შეეძლება ჩამოსვლა. ბელარუსში ვერ ვნახეთ, თბილისში შეკრებაზეც ვერ იქნება და შესაბამისად, ელიტ-რაუნდზე ვერ წავიყვანთ ფეხბურთელს, რომელიც უშუალოდ საქმეში არ გვინახავს.

-       სულ რამდენი კანდიდატი გყავდათ, როცა ამ ნაკრების მწვრთნელად დაინიშნეთ?

-       თავიდან 150 ბავშვის გარშემო ვტრიალებდით, შემდეგ ნელ-ნელა მცირდებოდა რიცხვი და დღეს 27 ჭაბუკია გაფართოებულ სიაში. უპირატესობას მაინც მათ ვანიჭებთ, რომლებიც პირველ ლიგაში თამაშობენ. რაც უნდა იყოს, ჭაბუკთა ლიგაში თამაშის დონე დაბალია, ვიდრე პირველ ლიგაში.

-       გასაგებია, მაგრამ პირველ ლიგაში ბევრს უწევს თამაში? მეტწილად “საბურთალოს” ჭაბუკები არიან ასეთები...

-       “საბურთალოს” გარდა, “დინამო2”, “ლოკომოტივი”, ქობულეთის “შუქურაშიც” გვყავს ფეხბურთელი და თამაშობს პირველ ლიგაში. 12-13 ფეხბურთელი გროვდება პირველი ლიგიდან, რაც ძალიან ცოტა არაა.  

ოთო გოშაძეზეც: ის ვასილ მაისურაძის 19-წლამდელთა ნაკრებშიც კი ძირითადი მეკარეა, ანუ ორი წლით უფროსებშიც თამაშობს. ფაქტობრივად, ისე გამოდის, რომ სამ სხვადასხვა ნაკრებში (1995, 1996 და 1997 წელს დაბადებულები) უწევს გამოსვლა. სწორედ ამაზე ვკითხეთ, დამღლელი ხომ არ იქნება მისთვის:

“არა, დაღლილობას არ ვუჩივი. საერთაშორისო გამოცდილებას ვიღებ, რაც მომავალში აუცილებლად წამადგება. რაც შეეხება მინსკში აღებულ საუკეთესო მეკარის პრიზს, რა თქმა უნდა, ძალიან გამიხარდა და ვეცდები, მომავალში უკეთ და უკეთ ვითამაშო”.

 

0.167991