ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში ტურინის „იუვენტუსის“ ადგილი არ მოიძებნა. „ბებერი ქალბატონი“ ჯგუფში მას შემდეგ ჩარჩა, რაც სამშაბათს შეწყვეტილი და ოთხშაბათს გაგრძელებული თამაში „გალათასარაისთან“ წააგო.
უამინდობის გამო ერთი დღით გადადებული მატჩი იდეალურ პირობებში არც დღეს გამართულა. ცუდ მდგომარეობაში მყოფი მინდორი ფეხბურთის თამაშში ხელს ორივე გუნდს უშლიდა და როგორც საბოლოოდ გაირკვა, უფრო მეტად „იუვენტუსს“.
31-ე წუთიდან გაგრძელებულ თამაშში გოლის გატანის შანსი ორივე გუნდს ჰქონდა. უფრო მეტად მეტოქის კარს მასპინძელი ფეხბურთელები ემუქრებოდნენ. თუ ბუფონმა, დროგბას უხერხული დარტყმის შემდეგ, გუნდის გადარჩენა მოახერხა, მან სნეიდერის გასროლას ვერაფერი მოუხერხა. 85-ე წუთზე, საჯარიმოს სიახლოვეს მყოფმა დროგბამ სნეიდერს თავით უპასა, ჰოლანდიელმა ბურთი საჯარიმოში შეიგდო და ის გოლი გაიტანა, რომელმაც „გალათასარაი“ შემდეგ ეტაპზე გაიყვანა.
ვინაიდან „იუვენტუსს“ ხელს ფრეც აძლევდა, ტურინელებმა, რა თქმა უნდა, გოლის გასატანად გაიწიეს, მაგრამ საკუთარ კარში კინაღამ კიდევ 2 ბურთი მიიღეს.
ამ მოგების წყალობით, „გალათასარაი“ გახდა პირველი თურქული კლუბი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ფლეი ოფამდე ზედიზედ ორ სეზონში მიაღწია.
გალათასარაი-იუვენტუსი 1:0 (0:0)
სტამბული, “ტელეკომ არენა”
გალათასარაი (3-4-1-2): მუსლერა, შეჯუ, კაია, ზანი, ებუე (ბულუთი 81), მელო, ინანი, რიერა, სნეიდერი (გულსელამი 90+2), ილმაზი, დროგბა
მწვრთნელი: რობერტო მანჩინი
იუვენტუსი (3-1-4-2): ბუფონი, ბარძალი, ბონუჩი (ჯოვინკო 90+1), კიელინი, პოგბა, ლიხტშტაინერი, ვიდალი, მარკიზიო (კვალიარელა 87), ასამოა, ლიორენტე, ტევესი
მწვრთნელი: ანტონიო კონტე
გოლი: 1:0 სნეიდერი (85)
გაფრთხილებები: სნეიდერი 77, ბულუთი 89, მუსლერა 90+2 - მარკიზიო 18, ტევესი 59
მსაჯი: პედრო პროენსა (პორტუგალია)
ბურთის ფლობა: 52%-48%, დარტყმა: 13 (3)-12 (7), კუთხური: 5-5, თამაშგარე: 1-1, სეივი: 7-2, ჯარიმა: 16-16.
| 1. | რეალი | 6 | 5 | 1 | 0 | 20:5 | 16 |
| 2. | გალათასარაი | 6 | 2 | 1 | 3 | 8:14 | 7 |
| 3. | იუვენტუსი | 6 | 1 | 3 | 2 | 9:9 | 6 |
| 4. | კოპენჰაგენი | 6 | 1 | 1 | 4 | 4:13 | 4 |









