ერთდღიანი შესვენების შემდეგ, განახლდა მოჭადრაკე ქალთა 67-ე ეროვნული ჩემპიონატი, რომელსაც ქუთაისში მდებარე მაია ჩიბურდანიძის სახელობის საჭადრაკო სკოლა მასპინძლობს.
მიმდინარე ჩემპიონატზე მე-7 ტურის პარტიები გათამაშდა და ამით, წრიული სისტემით მიმდინარე ტურნირმა, რომელშიც 14 სპორტსმენი მონაწილეობს, ეკვატორი გადალახა. რა შედეგითაც არ უნდა დასრულდეს 67-ე ეროვნული ჩემპიონატი, ამ ტურნირის აღმოჩენად უკვე შეიძლება ჩაითვალოს ახალგაზრდა სპორტსმენი, ნინო ბაციაშვილი, რომელსაც 7 ტურის შემდეგ 5 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის სათავეში მყოფ ნინო ხურციძესა და სალომე მელიას ერთი ქულით ჩამორჩება.
ბაციაშვილი აღნიშნულ ტურში პერსპექტიულ მოჭადრაკეს, 4 ქულის მქონე თამარ წერეთელს შეხვდა და მიმდინარე ჩემპიონატში პირველად წააგებინა.
ამავე ტურში დიდ ინტერესს იწვევდა დრეზდენის 2008 წლის ოლიმპიადის ჩემპიონების - სოფიკო ხუხაშვილისა და ნანა ძაგნიძის შეხვედრა, რომლებმაც ტურნირი ცუდად დაიწყეს და აუტსაიდერთა შორის აღმოჩნდნენ. გამარჯვების მოპოვება შავებით მოთამაშე ძაგნიძემ შეძლო, 3,5 ქულა დააგროვა და მირანდა მიქაძესთან ერთად, VI-VII ადგილებს იყოფს.
რაც შეეხება ხურციძესა და მელიას, მათ, შესაბამისად, მაკა ფურცელაძესა და ანა გავაშელს მოუგეს და I-II ადგილებს იყოფენ.
მე-8 ტურში გამორჩეულ ინტერესს იწვევს ძაგნიძე-მელიასა და ხურციძე-ბაციაშვილის შეხვედრა.
მე-7 ტურის ტექნიკური შედეგები: მირანდა მიქაძე-მაია ლომინეიშვილი 0:1; მაკა ფურცელაძე-ნინო ხურციძე 0:1; ნინო ბაციაშვილი-თამარ წერეთელი 1:0; სოფიკო ხუხაშვილი-ნანა ძაგნიძე 0:1; სალომე მელია-ანა გავაშელი 1:0; ბელა ხოტენაშვილი-ინგა ხურცილავა 1:0; ქეთი წაწალაშვილი-მერი არაბიძე 0,5-0,5.
სატურნირო მდგომარეობა 7 ტურის შემდეგ: I-II - ხურციძე, მელია (6-6ქულა); III - ბაციაშვილი (5), IV - ლომინეიშვილი (4,5); V- წერეთელი (4); VI-VII - მიქაძე, ძაგნიძე (3,5-3,5); VIII-X - არაბიძე, ხოტენაშვილი, ხუხაშვილი (3); XI-XII - წაწალაშვილი, ფურცელაძე (2,5-2,5); XIII - გავაშელი (1,5); XIV - ხურცილავა (1).
მე-8 ტურის შეხვედრათა განრიგი: ლომინეიშვილი-არაბიძე, ხურცილავა-წაწალაშვილი, გავაშელი-ხოტენაშვილი, ძაგნიძე-მელია, წერეთელი-ხუხაშვილი, ხურციძე-ბაციაშვილი, მიქაძე-ფურცელაძე.
როლანდ ლაბუჩიძე







