ერთი ბავშვობისდროინდელი, ბევრისთვის გაცვეთილი, მაგრამ ბევრისთვის ჭკუისსასწავლი ფილმი გამახსენდა. “მთელი ძალით” – სილვესტერ სტალონეს მონაწილეობით, სადაც ნათლადაა ასახული, როგორ უნდა მიაღწიოს ადამიანმა თავისი შესაძლებლობის მაქსიმუმს. მეტიც, საკუთარ თავს როგორ უნდა გადაახტეს. მოთმინება, პრობლემებთან შეჭიდება და მიზანდასახულობა საოცარი თვისებებია.
ხშირად გაიგონებთ, ქართველი ბავშვები ნიჭიერები არიან (ამ შემთხვევაში, ფეხბურთში), მაგრამ სკოლის ასაკს რომ გადასცდებიან, ზრდას წყვეტენო. რატომ ხორვატი არ წყვეტს? ან სერბი, ან შვედი, ან დანიელი, ან გერმანელი? მგონი, უკვე დამღლელია ამ ლეგენდარული სიტყვების - “ნიჭიერია, მაგრამ ზარმაცი” – გამეორება. ყველაფერში ასე როგორაა? სკოლაში ბოტანიკაში მაგარი იყო, მაგრამ ზარმაცობდა. მათემატიკაში ნიუტონმა დაასწრო, თორემ მის ბინომს დაარქმევდნენ, ახლა კი, ფეხბურთშიც...
ამ შემთხვევაში პროფესიონალ ფეხბურთელებზე გვსურს საუბარი. რატომღაც ისეთი შთაბეჭდილება გვრჩება, რომ მათი უმეტესობა ნაადრევად კმაყოფილდება მიღწეულით. თავად ვიცი ასეთი კატეგორია, 14-15 წლის ბიჭები რომ იყვნენ, მინდორს “ხაზავდნენ”, მაგრამ “ლექსუსი” ან თუნდაც “გოლფ 3” იშოვეს და მორჩა, ტყავის ნაგლეჯით აღარ გაიოფლებიან. ბუნებრივად გიჩნდება კითხვა, ნუთუ, ამ კატეგორიას არ სურს, რომ უფრო მაგრები იყვნენ? მაგრამ პასუხსაც უცებ იღებ – “არ უნდათ, ძმაო, საქართველოში ფეხბურთი და რა ვქნა”...
კი, მაგრამ, ფეხბურთელო, შენ ხომ გინდა. შენ შენი ეცადე, საკუთარ თავს კი ნუ მოატყუებ, სხვასაც დააჯერე შენი სიძლიერე. სუსტია საქართველოს ჩემპიონატი? ამას ნუ შეხედავ, შენ იყავი ძლიერი და გამოჩნდები. არც ლევან ყენიას დროს იყო საქართველოს პირველობა პრიმერა დივიზიონი, მაგრამ 16 წლის ბიჭი მატჩიდან მატჩამდე უმატებდა, ბოლოს ლამის მარტო იგებდა თამაშებს და “მიხეილ მესხზეც” იმატა მაყურებელმა – დარწმუნებით ვიტყვი, რომ ვაკის სარბიელზე პერსონალურად ყენიას სანახავადაც დადიოდნენ.
ბევრი იტყვის, ყენიას გაუმართლაო, პატრონი ჰყავდაო, კლაუს ტოპმიოლერის კალთები ფარავდაო. მათ გასაგონად: არც თბილისის “ლოკომოტივში” და არც საქართველოს ნაკრებში ყენიას ტოპმიოლერის პასით არ გაუტანია. არც კარში მდგარა და ყენიას დარტყმულზე სპეციალურად არ გაუშვია გოლი...
ყენია ბოლო წლების თვალნათელი მაგალითია, თორემ “რეტროში” თუ წავედით, სხვა ბევრის დასახელება შეიძლება, თუნდაც ძმები არველაძეებისა. უნდოდათ, რომ მაგრები ყოფილიყვნენ და გახდნენ კიდეც, ნიჭს გასაქანი მისცეს და დღეს ამაყად შეუძლიათ წარსულისთვის ყურება. “ლექსუსი” და ღამის კლუბები განა ცუდია, განტვირთვა ვის აწყენს, მაგრამ როდესაც საკუთარ პროფესიას აღარ უყურებ და უმოწყალოდ ფეხქვეშ თელავ, ეს უკვე ცოდვაა.
და მერე, როდესაც ძლიერი იქნები, უფრო თავდაჯერებული წახვალ უცხოურ კლუბში გასინჯვაზე და თავს მოაწონებ, დაგიტოვებენ კიდეც. თუ არადა, “ნიჭიერი ვარ, მაგრამ ზარმაცი” ბოლოს ყელში ამოგივა და შენ თვითონვე მიხვდები, რომ ეს ერთი არაფრისმომცემი და ბრტყელი ფრაზაა...
ილია ნანობაშვილი







