რუსეთის პრემიერლიგის მე-14 ტურში, სამარას “კრილია სოვეტოვი”, რომელსაც ალექსანდრე ამისულაშვილი კაპიტნობს, საკუთარ მოედანზე ნიჟნი ნოვგოროდის “ვოლგას” დაუზავდა – 2:2.
სამარელთა ქართველმა ცენტრალურმა მცველმა შეუცვლელად ითამაშა. “კრილიამ” ანგარიში მე-10 წუთზე პავლენკოს დარტყმის შემდეგ გახსნა, ხოლო 29-ე წუთზე საპასუხო გოლი ბიბილოვმა გაიტანა. 56-ე წუთზე პავლენკომ მასპინძლები დააწინაურა, 75-ე წუთზე კი, დანილენკომ “ვოლგას” ქულა მოუტანა. “კრილია სოვეტოვს” 14 ქულა აქვს და 16-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-12 ადგილზეა.
პოლონეთის ექსტრაკლასას (უმაღლესი ლიგა) მე-13 ტურში, ბიალისტოკის “იაგელონია” საკუთარ მოედანზე ზაბჟეს “გურნიკთან” 0:1 დამარცხდა. სამწუხაროდ, ნიკა ძალამიძემ მოედანზე მხოლოდ 24 წუთი დაჰყო. ქართველმა შემტევმა ნახევარმცველმა პირველი ყვითელი ბარათი მე-18 წუთზე მიიღო, ხოლო მეორედ 24-ე წუთზე გააფრთხილეს და თამაში ნაადრევად დაასრულა. “იაგელონიას” სასტარტოში იყო კიდევ ერთი ქართველი ლეგიონერი გიორგი ფოფხაძე, რომელმაც თავიდან ბოლომდე ითამაშა. ბიალისტოკელებმა ერთადერთი გოლი 66-ე წუთზე გაუშვეს. “იაგელონიას” 15 ქულა აქვს და 16 გუნდში მერვეა.
ლატვიის ვირსლიგის (უმაღლესი ლიგა) 25-ე ტურში, რიგის “სკონტომ”, რომელსაც თამაზ პერტია წვრთნის, საკუთარ მოედანზე ლიეპაიას “მეტალურგსი” 2:1 დაამარცხა. მასპინძლებში ირაკლი კლიმიაშვილმა სრულად ითამაშა, ხოლო ლადო დათუნაშვილი სათადარიგოთა სკამზე ჯდომით შემოიფარგლა. ლევან ჭაჭიაშვილი 18-კაციან განაცხადში არ იყო. “სკონტო” 10-გუნდიან ვირსლიგას 59 ქულით ლიდერობს.
სამხრეთ აფრიკის PSL-ის (უმაღლესი ლიგა) მე-8 ტურში “მოროკა სვალოუვსმა”, სადაც გიორგი ნერგაძე გამოდის, შინ “პლატინიუმ სტარსს” 2:0 მოუგო. ნერგაძე სასტარტოში იყო და 57-ე წუთზე შეცვალეს. “მოროკას” 15 ქულა აქვს და 16-გუნდიან ჩემპიონატს ლიდერობს.