ბრაზილიის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრებისა და “სანტოსის” ახალგაზრდა თავდამსხმელმა ნეიმარმა საბოლოო არჩევანი გააკეთა და უახლოეს დღეებში კატალონიურ “ბარსელონასთან” კონტრაქტს ოფიციალურად გააფორმებს.
მიღებული გადაწყვეტილება 21 წლის ფეხბურთელმა სოციალური ქსელების მეშვეობით თავად გაავრცელა. მოგვიანებით, ეს ინფორმაცია ორივე კლუბმა დაადასტურა. “ბარსელონას” ოფიციალური საიტის ცნობით, კონტრაქტი ხუთ წელიწადზე იქნება გათვლილი.
ფინანსურ მხარეებს კლუბები არ ახმაურებენ, მაგრამ ესპანურმა გამოცემა Marca-მ საკუთარ წყაროზე დაყრდნობით დაწერა, რომ ტრასფერის ღირებულება 50 მილიონი ევროა, ხოლო ნეიმარის ყოველწლიური ანაზღაურება 7 მილიონი ევრო იქნება. აღსანიშნავია, რომ მადრიდის “რეალი” ნეიმარს და მის კლუბს უკეთეს ფინანსურ პირობებს სთავაზობდა, მაგრამ თავად ფეხბურთელმა განაცხადა, რომ “ბარსელონაში” თამაშზე ოცნებობს.