საქართველოს 19-წლამდე მორაგბეთა ნაკრები, პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში მიმდინარე ევროპის ახალგაზრდულ პირველობაზე დღეს საღამოს, თბილისის დროით 21 საათზე ესპანეთის ნაკრების დამარცხებას და ფინალის საგზურის მოპოვებას ეცდება.
მეოთხედფინალში “უმცროსმა ბორჯღალოსნებმა” დებიუტანტ ჩეხეთს 11 ლელო გაუტანეს და ძალიან იოლად, 69:8 სძლიეს. ეს კარგი რეპეტიცია იყო მომავალი თამაშისთვის, სადაც ქართველებს რუმინეთს მძლეველი ესპანეთი ელოდება. ის, რომ “ლომებმა” რუმინელებს დამაჯერებლად - 27:3 სძლიეს და ოთხი უპასუხო ლელო გაუტანეს, ამ გუნდის შესაძლებლობებზე მეტყველებს და დღეს დავით ვართანიანის შეგირდებს სრული მობილიზაცია მართებთ, რათა ყოველგვარი მოულოდნელობა გამოირიცხოს.
პირველი მატჩის შემდეგ ქართველთა მწვრთნელი შედეგით და თამაშის ხარისხით კმაყოფილი იყო და საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალურ საიტს განუცხადა: “ბიჭების თამაშით კმაყოფილი ვარ. მათ დავალებები ბოლომდე შეასრულეს და დამსახურებულად გაიმარჯვეს. აღსანიშნავია, რომ შედარებით სუსტ მეტოქესთან კონსტრუქციულად და დალაგებულად თამაში რთულია, მაგრამ ბიჭებმა ბოლომდე შემჭიდროვებულად ითამაშეს, რაც ანგარიშზეც აისახა. ჩეხეთის ეტაპი გადავლახეთ და ახლა მთელი ძალებით ესპანეთისთვის ვემზადებით. მეტოქის თამაშის ვიდეოანალიზის შემდეგ განვსაზღვრეთ, თუ რისთვის უნდა მიგვექცია მეტი ყურადღება”.
19-წლამდელთა გარჯით კმაყოფილი იყო საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანი, ამჟამად საქართველოს რაგბის კავშირის სპორტული დირექტორი ირაკლი აბუსერიძე: “ჩვენი გუნდის თამაშით კმაყოფილი დავრჩი. ისინი გონივრულად თამაშობდნენ, როგორც დაცვაში, ასევე შეტევაში. არ შემიძლია ხაზი არ გავუსვა გუნდის კარგ სათამაშო დისციპლინას და სწორ, პრაგმატულ გადაწყვეტილებებს.“
და მაინც, კიდევ ერთხელ უნდა ვთქვათ, რომ ჩეხეთი საქართველოს ნაკრების ძალისა და თამაშის ხარისხის საზომად ვერ გამოდგება და “ბორჯღალოსნებს” საკუთარი შესაძლებლობების დამტკიცება დღეს საღამოს ესპანელებთან მოუწევთ, რათა ფინალის საგზური მოიპოვონ, მერე კი, იქ გამარჯვებით 20-წლამდე მორაგბეთა მსოფლიო თასის “ალაფაზე” დაბრუნდნენ, რომელსაც 2014 წელს ჰონკონგი უმასპინძლებს.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ესპანეთისთვის: 15. გიორგი აფციაური, 14. მურაზ გიორგაძე, 13. გიორგი თალაკვაძე, 12. რევაზ ბროძელი, 11. დავით გულიტაშვილი, 10. რევაზ ჯინჭველაშვილი, 9. თეიმურაზ თუთბერიძე; 1. ზაურ ხარებავა, 2. გიორგი ტორაძე, 3. გიორგი მარგველანი, 4. როლანდ კვაჭაძე, 5. ბესიკ ბარბაქაძე, 6. ბადრი დანგაძე, 7. საბა შუბითიძე (კაპ), 8. ჟორა მღებრიშვილი.
სათადარიგოები: 16. დავით ფხაკაძე, 17. ბადრი ალხაზაშვილი, 18. ბექა კაკაბაძე, 19. დავით პაპავაძე, 20. თორნიკე ბუბუტეიშვილი, 21. ბადრი ლიპარტელიანი, 22. ანზორ სიჭინავა, 23. ირაკლი სვანიძე.
2013 წლის ევროპის ჩემპიონატი 19-წლამდე მორაგბეთა შორის
პორტუგალია. ლისაბონი. 30 ოქტომბერი. თასის ნახევარფინალები
საქართველო - ესპანეთი
პორტუგალია - ბელგია
ფინალი. 2 ნოემბერი