საფრანგეთის ღია პირველობის ხუთგზის გამარჯვებულმა რაფა ნადალმა, დღეს, ფილიპ შატრიეს სახელობის კორტზე, უპრობლემოდ დაამარცხა ხორვატი ივან ლუბიჩიჩი 7:5, 6:3, 6:3 და მეოთხედფინალს უწია. ამ ეტაპზე მალიორკელის მოწინააღმდეგე შვედი რობინ სოდერლინგი იქნება. სკანდინავმა მერვედფინალში დამაჯერებლად სძლია ფრანგ ჟილ სიმონს (6:2, 6:3, 7:6) და “როლან გაროსის” რვა უძლიერეს მამაკაც ჩოგბურთელს შორისაა.
ძალიან დაძაბული გამოდგა დღეს ჩატარებული კიდევ ერთი მერვედფინალური პაექრობა, რომელშიც ერთმანეთის პირისპირ სამხრეთ ამერიკელი ჩოგბურთელები, არგენტინელი ხუან-იგნასიო ჩელა და ალეხანდრო ფალია წარსდგნენ. გამარჯვებულის გამოვლენას ხუთი სეტი დასჭირდა. არგენტინელმა მეტი ოსტატობა და ნებისყოფა გამოავლინა, რის შედეგადაც მეოთხედფინალს უწია (4:6, 6:2, 1:6, 7:6, 6:2). საინტერესოა აღინიშნოს, რომ ჩელამ დღეს ზედიზედ მერვე მატჩი მოიგო (დიუსელდორფში გამართული გუნდური მსოფლიოს ჩემპიონატის მატჩების გათვალისწინებით), რაც მის კერიერაში მეორედ მოხდა. 31 წლის არგენტინელმა, მიჯრით რვა შეხვედრა თავის კარიერაში პირველად 2007-ში მოიგო. ალეხანდრო ფალიას რაც შეეხება, კვალიფიკაციამოვლილ კოლუმბიელს ჩელა რომ დაემარცხებინა, თავისი ქვეყნის პირველი წარმომადგენელი გახდებოდა, რომელმაც “როლან გაროსზე” მეოთხედფინალამდე გააღწია...







