ცინცინატის “მასტერზ1000”-ის მეოთხედფინალური ბარიერი ვერ დაძლიეს მსოფლიო რეიტინგის პირველმა და მეორე ნომრებმა. გასული 5 წლის განმავლობაში ნოვაკ ჯოკოვიჩი ოთხჯერ გავიდა ამ შეჯიბრების ფინალში (ორ-ორჯერ დამარცხდა ფედერერსა და მარეისთან), წლეულს კი მეოთხედფინალში ამერიკელ ჯონ იზნერთან დამარცხდა.
ჯოკოვიჩისა და იზნერის პაექრობა ორსაათნახევარს გაგრძელდა. 28 წლის ამერიკელმა პირველი სეტი ტაიბრეიკით მოიგო, მეორე პარტია 3:6 დათმო, მესამეში კი კვლავ იმძლავრა (7:5) და ნახევარფინალში გავიდა. ჯოკოვიჩთან დაპირისპირებისას იზნერმა ერთი ბრეიკი და 9 ეისი შეასრულა, სერბთან პირად შეხვედრებში ჩამორჩენა კი მინიმუმამდე დაიყვანა – 2:3. ნახევარფინალში იზნერი არგენტინელ ხუან მარტინ დელ პოტროს შეხვდება.
ჯოკოვიჩს “გული არ დაწყვიტა” კლასიფიკაციის მეორე ნომერმა ენდი მარეიმ – უიმბლდონის შოტლანდიელი ჩემპიონი ცინცინატიში ჩეხ ტომაშ ბერდიხთან 3:6, 4:6 დამარცხდა. საათნახევრის განმავლობაში 27 წლის ბერდიხი უპირატესობას ფლობდა და მარეისთან ურთიერთშეხვედრებში 6:4 დაწინაურდა. ნახევარფინალში ბერდიხი როჯერ ფედერერისა და რაფა ნადალის მატჩში მოგებულს შეხვდება.