სპორტული კლუბი “მორკინალი 2011”-ის ორგანიზებით, ორიოდ კვირის წინ თბილისის საჯარო სკოლებს შორის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ მებრძოლთა სახელობის ტურნირს ჩაეყარა საფუძველი. პარალელურად, სპორტული კლუბი სასკოლო ლიგის შეხვედრებსაც ატარებს ფეხბურთსა და კალათბურთში. უახლოეს მომავალში კი საქმიანობის კიდევ უფრო გაღრმავების გეგმავს.
“სპორტული კლუბი “მორკინალი 2011” საჯარო სკოლის მასწავლებლებმა 2001 წლის ბოლოს ჩამოვაყალიბეთ და უკვე მეორე სეზონია, სკოლებს შორის ტურნირებს ვატარებთ. შარშან თბილისის 25-მდე საჯარი სკოლას შორის ფეხბურთში, კალათბურთში, ფრენბურთში, მაგიდის ჩოგბურთსა და ქართულ ჭიდაობაში გამოვავლინეთ ჩემპიონ-პრიზიორები. წლეულს კი, ძირითადი აქცენტი ფეხბურთსა და კალათბურთზე გავაკეთეთ. ფეხბურთში სულაც ორი ჯგუფი ჩამოვაყალიბეთ. პირველში საჯარო სკოლების გუნდები გამოდიან, ხოლო მეორეში – სპორტული სკოლები. თამაშები სკოლების მოედნებსა და დარბაზებში ყოველ შაბათ-კვირას ტარდება. გამარჯვებულების ვინაობა კი ცნობილი 1 ივნისს გახდება”, – უთხრა “მსოფლიო სპორტს” “მორკინალი 2011”-ის დამფუძნებელმა გია ბეგიაშვილმა.
რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, უახლოეს დღეებში “მორკინალი 2011”-ის რაიონული ფილიალები ქალაქ თბილისის ექვს რიონში დაფუძნდება, რომლებიც უკვე თავიანთ საჯარო სკოლებში ჩაატარებენ შეჯიბრებს და იმ საუკეთესოებს გამოავლენენ, რომლებიც შემდეგ ერთმანეთს დაუპირისპირდებიან. ფინალური ტურნირის ჩატარების შემდეგ კი გამორჩეული მოთამაშეებით სასკოლო ლიგის ნაკრები ჩამოყალიბდება, რომელიც სხვადასხვა ტურნირებში მიიღებს მონაწილეობას.
“მორკინალი 2011” უახლოეს მომავალში მაგიდის ჩოგბურთში ერთკვირიანი ტურნირის ჩატარებას გეგმავს. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ მებრძოლთა სახელობის ტურნირი კი ტრადიციულ სახეს მიიღებს და ყოველწლიურად გაიმართება.
“ამ ყველაფერს ჩვენივე სახსრებით ვახერხებთ. ვფიქრობ, კარგ საქმეს ვაკეთებთ და იგი კიდევ უფრო მეტად უნდა გავაფართოვოთ. ვგეგმავთ სპორტულ ფედერაციებთან და განათლებისა და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროებთან თანამშრომლობას”, – დასძინა ბეგიაშვილმა.







