ხვალიდან კვირის ჩათვლით საფრანგეთის ქალაქი მონპელიე ძიუდოში ევროპის 2014 წლის ჩემპიონატს უმასპინძლებს. ოთხდღიანი ტურნირის პირველი სამი დღე ინდივიდუალურ პირველობას დაეთმობა და მამაკაცთა და ქალთა შორის მედლების 7-7 კომპლექტი გათამაშდება. მეოთხე დღეს კი ევროპის ჩემპიონ-პრიზიორები გუნდურში გამოვლინდებიან.
საქართველოს ნაკრები ფრანგულ ტატამზე მხოლოდ მამაკაცთა გუნდით გავა. მთავარმა მწვრთნელმა ირაკლი უზნაძემ გუნდებისთვის დაწესებული ქვოტა მაქსიმალურად გამოიყენა და განაცხადში 9 შეგირდი შეიყვანა. ეს-ესაა, ევროპის ჩემპიონატის ვებ-გვერდმა ორიოდ საათის წინ ჩატარებული წილისყრის შედეგები გამოაქვეყნა და ქართველთა წილზეც აქვე გეტყვით.
60 კილოგრამ წონით კატეგორიაში პირველ ნომრად განთესილი ევროპის მოქმედი ჩემპიონი ამირან პაპინაშვილი შეჯიბრებას ფინელ ვადუდ ბალატხანოვთან შეხვედრით გახსნის. გამარჯვების შემთხვევაში, მერვედფინალში შვეიცარიელი მიჩელ იტენისა და ფრანგი ვინსენტ ლიმარის წყვილიდან გასულს დაეჭიდება, მეოთხედფინალის სავარაუდო მეტოქეთაგან ევროპის ორგზის და მსოფლიოს პრიზიორი, სომეხი ჰოვანეს დავთიანია გამოსარჩევი. ბადის ამავე მხარესაა რუსეთის ნაკრების წევრი, ევროპის 2009 წლის ჩემპიონატისა და ლონდონის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი არსენ გალსტიანი, რომელთანაც პაპინაშვილი ახლახან, თბილისის გრან პრიზე დამარცხდა. ამჯერად ქართულ-რუსული გზები ერთმანეთს ნახევარფინალში კვეთს.
ამირან პაპინაშვილის გარდა პირველ ნომრად საქართველოს ნაკრების კიდევ სამი წევრია განთესილი: ავთანდილ ჭრიკიშვილი (81 კგ), ვარლამ ლიპარტელიანი (90 კგ) და ადამ ოქრუაშვილი (+100 კგ).
66 კილოგრამი ერთადერთი წონითი კატეგორიაა, რომელშიც საქართველოს ნაკრებს მონაწილე არ ეყოლება. 73, 90 და +100 კილოგრამებში კი კიმონოს ორ-ორი ქართველი მოირგებს, თუმცა ორ წონაში შეიძლება საქართველოს ნაკრების წევრები ერთმანეთს ნახევარფინალში დაუპირისპირდნენ. ბადის ერთ მხარეს მოხვდნენ ზებედა რეხვიაშვილი და ნუგზარ ტატალაშვილი (ორივე 73 კგ). ასევე ადამ ოქრუაშვილი და ლევან მატიაშვილი (ორივე +100 კგ).
რეხვიაშვილი ევროპირველობას მეორე წრით – მერვედფინალით გახსნის, სადაც ჩეხ იაკუბ იეჩმინეკს დაეჭიდება. ტატალაშვილს კი ასევე მერვედფინალში შედარებით ძლიერი მეტოქე ეყოლება, რუსეთის ნაკრების წევრის – მსოფლიოს ბრინჯაოს პრიზიორ მუსა მოგუშკოვის სახით.
ევროპის მოქმედი ჩემპიონი ავთანდილ ჭრიკიშვილი საქმეში მეთექვსმეტედფინალიდან ჩაერთვება, გერმანელ ალექსანდრ ვიეზერზაკთან შეხვედრით, ვარლამ ლიპარტელიანი სულაც მერვედფინალით დაიწყებს იქამდე კი მასთან დასაჭიდებლად ერთმანეთს უკრაინელი ვადიმ სინიავსკი და სერბი ალექსანდარ კუკოლი დაუპირისპირდებიან. 90 კილოგრამში მეორე ნომრადაც ქართველი ძიუდოისტია განთესილი – ზვიად გოგოჭურიც მერვედფინალით გახსნის ტურნირს. მის მეტოქეს კი უკრაინელი ქუეჯაუ ნჰაბალისა და ებრაელი პეტერ პალჩიკის შეხვედრა გამოავლენს.
100 კილოგრამში საქართველოს დროშის ქვეშ ნაკრების დებიუტანტი გურამ თუშიშვილი იჭიდავებს. ახალგაზრდებს შორის ევროპის მოქმედ ჩემპიონს კენჭისყრამ პირველ მოწინააღმდეგედ უკრაინელი დმიტრო ლუჩინი არგუნა.
უმძიმეს წონაში ადამ ოქრუაშვილი და ლევან მატიაშვილი საქმეში მერვედფინალიდან ჩაერთვებიან. ოქრუაშვილი ავსტრიელ დანიელ ალერსტორფერსა და უკრაინელ ოლექსანდრ გორდიენკოს შორის მოგებულს დაუპირისპირდება, მატიაშვილი – ესტონელ იუან მეტისს.
ჩამოთვლილი ძიუდოისტების გარდა საქართველოს სახელით მონპელიეს ტატამზე შეიძლება შალვა ქარდავა (66 კგ) და უშანგი მარგიანიც (81 კგ) გავიდნენ, რომლებიც ირაკლი უზნაძემ გუნდური პირველობის განაცხადში შეიყვანა. შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები გუნდურ ჩათვლაში ევროპის და მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონია.
დაბოლოს სტატისტიკის მოყვარულთათვის – ევროპის მომავალ ჩემპიონატში მონაწილეობას 43 ქვეყნის 321 სპორტსმენი მიიღებს.