მონღოლეთის დედაქალაქ ულან-ბატორში მიმდინარე ფიდე-ს გრან-პრის მე-5 ეტაპზე მდგომარეობა უკიდურესად დაიძაბა. მე-7 ტურში ექვსი პარტიიდან ყაიმით მხოლოდ ერთი პარტია დასრულდა, შედეგად კი, მოწინავე ექვსეულს შორის, რომელშიც მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი მაია ჩიბურდანიძეც იმყოფება, სხვაობა მხოლოდ ერთი ქულაღაა.
გასულ ტურში ინდოელ ჰუმპი კონერუსთან გადატანილი მარათონული პარტიის შემდეგ, ქართველმა მოჭადრაკემ მობილიზება მოახერხა და აუტსაიდერი ფრანგი მარი სებაგი 42-ე სვლაზე დაამარცხა.
ამგვარად, ჩიბურდანიძეს 4 ქულა მოუგროვდა და მე-6 პოზიცია შეინარჩუნა, თუმცა კი, როგორც აღვნიშნეთ, ლიდერებს სულ მცირედით ჩამორჩება. მაიას წინსვლის კარგი შანსი აქვს, რადგანაც მე-8 ტურში ბოლოსწინა ადგილზე მყოფ თურქ ბეტულ ილდიზს ეთამაშება. ამ უკანასკნელმა პირველი პარტია დღეს, ყატარის სახელით მოთამაშე ჩენ ჟუსთან მოიგო და 2 ქულით მე-11 პოზიციაზეა.
რაც შეეხებათ ლიდერებს. წინ სამი მოჭადრაკეა გაჭრილი, რომელთა აქტივშიც 5-5 ქულაა. ესენი ჩინელები ქსუე ჟაო და იიფან ჰოუ და ბულგარელი ანტუანეტა სტეფანოვა არიან. სხვათა შორის, ჟაომ კიდევ ერთ ფავორიტ რუს ტატიანა კოსინცევასთან (4.5) წააგო, თუმცა, დამატებითი მაჩვენებლებით პირველი ადგილი შეინარჩუნა.
შეგახსენებთ, რომ გასული ეტაპების შედეგებით, გრან-პრის სათავეში 390 ქულით ნანა ძაგნიძე იმყოფება, რომელსაც მონაწილეობა სამ ტურნირში აქვს მიღებული (ჩიბურდანიძის აქტივში მხოლოდ 85 ქულაა). ასევე სამ ეტაპის ჯამში 320 ქულა აქვს ჰოუს, ხოლო კოსინცევამ ორ ტურნირში 290 ქულა მოაგროვა.
ჰოუცა და კოსინცევაც (მან უკანასკნელ ეტაპზე თამაშზე უარი განაცხადა) მონღოლეთში ბოლო ეტაპს თამაშობენ და ძაგნიძის დაწევის უკანასკნელი შანსი აქვთ, ნანას კი მონაგარის გაზრდის საშუალება ჩილეში დაგეგმილ ტურნირში მიეცემა.
გრან-პრის თითოეული მონაწილე 4 ტურნირს თამაშობს და საერთო ჩათვლაში 3 საუკეთესო შედეგს აფიქსირებს. ქულათა საერთო ჯამით გამარჯვებული მოჭადრაკე 2011 წლის ბოლო მეოთხედში მსოფლიო ჩემპიონის ტიტულისათვის ბრძოლის უფლება მიიღებს.
გრან-პრიზე დასვენებისთვის 8 აგვისტოღაა გამოყოფილი, ხოლო დასკვნითი მე-11 ტური 11 აგვისტოს გაიმართება. თითოეული ტურნირის საპრიზო ფონდი 40 000 ევროს შეადგენს, ადგილების მიხედვით ქულები და თანხები კი ასე გადანაწილდება:
I ადგ. 120 + ბონუსი 40 ქულა, 6 500 ევრო
II ადგ. 110 ქულა + ბონუსი 20, 4 750
III ადგ. 100 ქულა + ბონუსი 10, 4 000
IV ადგ. 90 ქულა, 3 750
V ადგ. 80 ქულა, 3 500
VI ადგ. 70 ქულა, 3 250
VII ადგ. 60 ქულა, 3 000
VIII ადგ. 50 ქულა, 2 750
IX ადგ. 40 ქულა, 2 500
X ადგ. 30 ქულა, 2 250
XI ადგ. 20 ქულა, 2 000
XII ადგ. 10 ქულა, 1 750
გრან-პრის ექვსივე გათამაშებაში გამოვლენილი 9 საუკეთესო მონაწილე შემდეგნაირად დაჯილდოვდება:
I ადგ. 15 000 ევრო
II ადგ. 10 000
III ადგ. 8 000
IV ადგ. 7 000
V ადგ. 6 000
VI ადგ. 5 000
VII ადგ. 4 000
VIII ადგ. 3 000
IX ადგ. 2 000
ფიდე-ს ქალთა გრან-პრი. მე-5 ეტაპი. ულანბატორი (მონღოლეთი). 29 ივლისი-12 აგვისტო
მე-7 ტური
იიფან ჰოუ (ჩინეთი, 2577) – შენ იანგი (ჩინეთი, 2435) 0.5:0.5
ჩენ ჟუ (ჩინეთი, 2476) – ბეთულ ილდიზი (თურქეთი, 2235) 0:1
მაია ჩიბურდანიძე (საქართველო, 2514) – მარი სებაგი (საფრანგეთი, 2519) 1:0
ბატხუაგ მუნგუნტუული (მონღოლეთი, 2421) – ჰუმპი კონერუ (ინდოეთი, 2600) 1:0
ანტუანეტა სტეფანოვა (ბულგარეთი, 2560) – იუჰუა ქსუ (ჩინეთი, 2488) 1:0
ტატიანა კოსინცევა (რუსეთი, 2562) – ქსუე ჟაო (ჩინეთი, 2462) 1:0
1. ჟაო – 5; 2. სტეფანოვა – 5; 3. ჰოუ – 5; 4. კოსინცევა – 4.5; 5. კონერუ – 4.5; 6. ჩიბურდანიძე – 4; 7. ქსუ – 3; 8. მუნგუნტაალი – 2.5; 9. ჟუ – 2.5; 10. შენი – 2.5; 11. ილდიზი – 2; 12. სებაგი – 1.5;







