ფეხბურთი

14:01 | 7.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

მოლდოვაში “ქართულ დერბიში” სტეფნიაშვილმა იმარჯვა

მოლდოვის საფეხბურთო ნაციონალ დივიზიის (უმაღლესი ლიგა) მე-11 ტურში, “ქართულ დერბიში”, კიშინიოვის “ზიმბრუმ” თავის მოედანზე ბელცის “ოლიმპიას” 4:1 სძლია. თორნიკე სტეფნიაშვილი, რომელსაც ბოლო პერიოდში თამაში არ უწევდა, მასპინძლებში შეუცვლელად გაისარჯა. მის მსგავსად, სტუმრებში ბექა ქართველიშვილმა მოედანზე 90 წუთი დაჰყო. “ზიმბრუს” 19 ქულა აქვს და 12-გუნდიან ჩემპიონატში მეხუთეა, ხოლო “ოლიმპია” 5 ქულით მეთერთმეტე.

სამხრეთ აფრიკის PშL-ის მე-5 ტურში, “მოროკა სვალოუვსი”, სადაც გიორგი ნერგაძე გამოდის, საკუთარ მოედანზე “მარიცბურგ იუნაიტედს” დაუზავდა – 1:1. ქართველმა ფეხბურთელმა მასპინძელთა რიგებში შეუცვლელად ითამაშა. “მოროკას” 11 ქულა აქვს და 16 გუნდში მე-3 პოზიციაზეა.

ბელარუსის პრემიერლიგაში დარჩენისთვის მებრძოლმა ბრესტის “დინამომ”, სადაც უჩა გოგოლაძე ასპარეზობს, სტუმრად “მინსკთან” 1:3 წააგო. გოგოლაძე 18-კაციან განაცხადში იყო, მაგრამ თამაში არ მოუწია. ბრესტელები 27 ქულით 12 გუნდში მე-11 ადგილზე იმყოფებიან.

ესტონეთის მეისტრილიგის (უმაღლესი ლიგა) 32-ე ტურში, ტალინის “ფლორა” გასვლაზე “კალიუს” 2:2 ეთამაშა. ზაქარია ბეგლარიშვილი, რომელიც ტალინურ კლუბში დაბრუნდა, “ფლორას” სამატჩო განაცხადში კვლავ არ იყო. “ფლორა” 62 ქულით 10 გუნდში მესამეა.

ლატვიის ვირსლიგის (უმაღლესი ლიგა) 23-ე ტურის დასკვნით მატჩში, რიგის “დაუგავამ” სტუმრად “იურმალას” 4:0 აჯობა. რიგელებში გიორგი დიაკვნიშვილი თავიდან ბოლომდე გაისარჯა. “დაუგავა” 42 ქულით 10 გუნდში მეოთხეა.

უკრაინის პრემიერლიგის მე-12 ტურში, ლუცკის “ვოლინი” ოდესაში ადგილობრივ “ჩერნომორეცს” უგოლო ფრეზე გაეყარა. თემურ ფარცვანიამ ორივე ტაიმი ლუცკელთა თადარიგში გაატარა. “ვოლინი” 13 ქულით მე-12 ადგილზეა.

პერშა ლიგაში (პირველი ლიგა) “მიკოლაევმა”, რომელშიც გიორგი ჯგერენაია ირიცხება, შინ ჩერნოვცის “ბუკოვინასთან” 1:2 წააგო. ქართველი მცველი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 73-ე წუთზე შეცვალეს. “მიკოლაევი” 12 ქულით 16 გუნდში მეთოთხმეტეა.

ლიტვის A ლიგის (უმაღლესი ლიგა) 32-ე ტურში, “ტაურასმა” სტუმრად კლაიპედას “ატლანტასთან” 0:3 წააგო. დამარცხებულებში ირაკლი თვალავაძემ პირველიდან ბოლო წუთამდე ითამაშა, ხოლო მის მსგავსად სასტარტოში მყოფი გიორგი ჩარგაზია, 72-ე წუთზე შეცვალეს. “ტაურასი” 5 ქულით 9 გუნდში ბოლო ადგილზეა და ლიგაში დარჩენის ყოველგვარი შანსი გადაწურული აქვს.    

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.111574