ფეხბურთი

19:48 | 12.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

“მიხიჩამ” ტრადიცია არ დაარღვია

 

უმაღლეს ლიგაში გუნდების რაოდენობის გაზრდის თავგამოდებულმა ზოგიერთმა მომხრემ მსგავს თამაშებზე ხშირად უნდა იაროს, რომ იქნება სხვის და საკუთარი თავის მოტყუებას თავი დაანაბოს. თუმცა, ასეთებს საქართველოს ჩემპიონატის მატჩზე დასასწრებად ქუდი რომ შეუგდო, მაინც არ შევლენ. ამ ხალხმა კარგად იცის, რომ თუ გუნდების რიცხვი 16-მდე ან 18-მდე მოიმატებს, არც ფეხბურთის გეოგრაფია გაფართოვდება და არც დონე აიწევს. თუმცა, ზოგადად ჩემპიონატის გაზრდის მომხრეთა უმრავლესობის მიდგომა ასეთია: “სახელმწიფო ფულს გამოდის და ჩვენგან რა მიდის? შევირგოთ”. საკითხისადმი ასეთ დამოკიდებულებას, რომ კარგი არაფერი მოაქვს არახალია.

რაც შეეხება უშუალოდ მატჩს, “ტორპედოს” მთავარმა მწვრთნელმა რეზო ძოძუაშვილმა იძულებითი შეცვლა უკვე მე-7 წუთზე გააკეთა. მარცხენა ფლანგიდან თენგიზ ჩიკვილაძის პასის შემდეგ, მამუკა ღონღაძე კარიდან გამოსულ ჯონი შეროზიას შეეჯახა და მოედნიდან საკაცით გაიყვანეს. ტრავმირებული ღონღაძის მაგივრად თამაშში ლექვთაძე ჩაერთო და როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა, ქუთაისელები მცხეთიდან ქულის წაღებას მას უნდა უმადლოდნენ.

36-ე წუთზე, ნიკა მაისურაძემ “ტორპედოს” საჯარიმოში ლევან საბაძე მოძებნა, რომელმაც ბურთი ხელით გაისწორა, მაგრამ მსაჯმა ამას ყურადღება არ მიაქცია, ხოლო შეტევა არაზუსტი დარტყმით მეკარესთან მარტო დარჩენილმა ნიკა სიჭინავამ დაასრულა და გოლის გატანის რეალური შანსი ვერ გამოიყენა.

მალევე, ქუთაისელთა საჯარიმოში მარცხნიდან გიორგი კორიფაძე შეიჭრა, რომელიც ორ მეტოქეს გასცდა და ბურთი კარის გასწვრივ ჩააწოდა, სადაც ყველას მათე კვირკვიამ დაასწრო და ვარდნაში დარტყმით ანგარიში გახსნა – 1:0.

ტაიმის ბოლო წუთზე, თეიმურაზ მარკოზაშვილის მიერ შორი მანძილიდან დარტყმული ბურთი კარს გადაცდა. აქვე გეტყვით, რომ შესვენებამდე ორი წუთით ადრე, ძოძუაშვილმა, ბოლო პერიოდში დამკვიდრებული ტრადიცია არ დაარღვია და ფეხბურთელი შეცვალა. ერთმა ტრიბუნაზე იხუმრა კიდეც: “მგონი “მიხიჩა” პირველი ტაიმის შეცვლებზე “მაზავსო”. მართლაც, თუ სტატისტიკას გადავხედავთ ქუთაისელთა თავკაცი მსგავს ნაბიჯს აქამდე ჩატარებულ შეხვედრებშიც დგამდა. ალბათ, დაცდილი კარგად აქვს.  

“ვიტ ჯორჯიამ” პირველი ტაიმი კი მოიგო, მაგრამ მეორეში მოედანზე მოვლენები ისე განვითარდა, რომ შესაძლოა უქულოდაც დარჩენილიყო. 59-ე წუთზე, მოწინააღმდეგის საჯარიმოში მარჯვნიდან შესულმა მარკოზაშვილმა ბოლომდე იბრძოლა და კარგი პასი გაუკეთა ლექვთაძეს, რომელმაც ერთი შეხებით გაიტანა – 1:1.

65-ე წუთზე, მაისურაძის პასის მერე, “ტორპედოს” საჯარიმოში მარჯვნიდან შეჭრილმა საბაძემ სახიფათოდ დაარტყა და როინ კვასხვაძემ ბურთი კუთხურზე მოიგერია. 10 წუთში, “ტორპედოს” იერიშისას ლექვთაძემ თბილისელთა კარის ახლოს მყოფი მარკოზაშვილი მოძებნა, რომელმაც დარტყმა დაახანა და აკაკი წყაროზიამ ფეხებში ვარდნით ბურთი აართვა.

79-ე წუთზე, ჩიკვილაძემ საჯარიმო დარტყმა სახიფათოდ შეასრულა და “ვიტ ჯორჯია” გოლის გაშვებას გადარჩა. 85-ე წუთზე, ქუთაისელთა კონტრიერიშის დროს, ლექვთაძე “ვიტ ჯორჯიას” საჯარიმოში ერთობ ხელსაყრელ პოზიციაში აღმოჩნდა და მის მიერ დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა.

ვიტ ჯორჯია (თბილისი) – ტორპედო (ქუთაისი) 1:1 (1:0)

11 აპრილი. მცხეთა. “მცხეთა პარკი”.

ვიტ ჯორჯია: შეროზია, საბაძე, გეთიაშვილი (კ), კალანდია, გიორგი მჭედლიშვილი, ღიბრაძე (წყაროზია, 67), დავლაშელიძე, მაისურაძე, სიჭინავა (ხვისტანი, 87), კორიფაძე, კვირკვია (კურდღელაშვილი, 75).

მთავარი მწვრთნელი: ზურა ბერიძე.

ტორპედო: როისნ კვასხვაძე (კ), გელაშვილი (ბერუაშვილი, 43), სავჩენკოვსი, ადამაძე, ჩიკვილაძე, მამასახლისი, ხარაბაძე (დავით ხურციძე, 59), ჩადუნელი, მარკოზაშვილი, მამუკა ღონღაძე, კვერნაძე.

მთავარი მწვრთნელი: რეზო ძოძუაშვილი.

გოლები: 1:0 კვირკვია (37), 1:1 ლექვთაძე (59).

გაფრთხილება: ჩიკვილაძე (27), ღიბრაძე (31), გეთიაშვილი (85).

მთავარი მსაჯი: თორნიკე გვანცელაძე.

0.233747