კალათბურთი

19:24 | 29.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

მიხეილ გაბრიჩიძის აჭარული ვოიაჟი

საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატმა მიხეილ გაბრიჩიძემ კიდევ ერთი წინასაარჩევნო შეხვედრა გამართა, ამჯერად აჭარის საკალათბურთო წარმომადგენლობასთან. ქალაქ ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“, საკმაოდ ხანგრძლივი დისკუსია შედგა მიხეილ გაბრიჩიძეს, ადგილობრივი ფედერაციის პრეზიდენტ გოდერძი კორძაძესა და კლუბი „ბათუმის“ მთავარ მწვრთნელ მიხეილ კობეშავიძეს შორის. კანდიდატმა ადგილობრივ წარმომადგენლობას გააცნო საკუთარი გეგმა.

უამრავი პრობლემა გამოიკვეთა. მათ შორის საუბარი იყო ფინანსურ მხარეებზეც. აჭარის წარმომადგენლობის განსაკუთრებული უკმაყოფილება სუპერლიგის საწევრო გადასახადმა და რეგიონალური გუნდების გასვლითი თამაშების ხარჯიანობამ გამოიწვია. მათ ასევე ისაუბრეს მსაჯებზეც და სამსაჯო პრობლემებზე. ამ თემაზე კომენტარი კლუბ „ბათუმის“ პრეზიდენტმა კახა დევაძემ გააკეთა. მან ასევე გამოკვეთა ტრანსლაციების პრობლემა, რომ არსად არ აჩვენებენ თამაშებს და ეს მოთამაშეების პოპულარიზაციას აბრკოლებს. მან ასევე ისაუბრა მოთამაშეების ტრანსფერის პრობლემებზე და ფედერაციის პასიურ პოზიციაზე სააგენტო სფეროში. დევაძე რეგიონალური ცენტრების ნაკლებ  ჩართულობასაც შეეხო. მან ამ პრობლემის გადაჭრის ალტერნატიულ გზად ტურნირების დოტაცია დაასახელა.

ფინანსურ და რეგიონალურ პრობლემებზე კომენტარი გააკეთა მიხეილ კობეშავიძემაც. მან ხაზი გაუსვა ლეგიონერების ხარჯიანობას და ალტერნატიული ტურნირების არარსებობას, რაც თავისთავად იწვევს რეგულარულ ჩემპიონატში მონაწილეობის აუცილებლობას, შესაბამისად გარდაუვალი ხარჯების გაღებას.

აჭარის წარმომადგენლობაში უკმაყოფილება იყო, თუმცა საბოლოო ჯამში ყველა ფინანსურ პრობლემებთან მიდიოდა. პრეტენზია ბევრ რამეზე გამოითქვა, თუმცა ძირითადად სხვადასხვა ფულად ხარჯებს ეხებოდა.

მხარეებმა ინფორმაცია გაცვალეს. გაბრიჩიძის გეგმა აჭარაში მოიწონეს. თავიანთ პრობლემებზე ყურადღება გაამახვილეს და საბოლოო ჯამში შეჯერდნენ, რომ გაბრიჩიძის გეგმა ძალიან დახვეწილია და კარგადაა ჩამოყალიბებული.

გოდერძი კორძაძე (აჭარის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი): „ჯერჯერობით, მხოლოდ ერთ კანდიდატს მოვუსმინე, ეს მიხეილ გაბრიჩიძეა. წარმოდგენილი გეგმა ძალიან დალაგებულია, ყველა პრობლემა გამოკვეთილია. გეგმა დამაკმაყოფილებელია. ყველა კითხვას არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით ამ კონკრეტული კანდიდატის მიერ გაეცა პასუხი.  ჩვენ ველოდებით წინსვლას და თუ ეს გეგმები, რაც პროგრამაშია გაწერილი შესრულდება, ეს კალათბურთის წინსვლის საწინდარია. მისასალმებელია, რომ ამ კანდიდატს ბავშვთა კალათბურთის განვითარება აქვს პრიორიტედად დასახული, დაწყებული ბაგა-ბაღიდან. ოთხივე კანდიდატს ვიცნობ პირადად. როგორც აღვნიშნე, ჯერ მხოლოდ ერთ კანდიდატს შევხვდი, მოვისმენ დანარჩენი სამი კანდიდატის გეგმებსაც და შემდეგ მოგახსენებთ, რომლისადმი გადაიხრება სიმპათია.”

მიხეილ კობეშავიძე (საკალათბურთო კლუბი „ბათუმის“ მთავარი მწვრთნელი): „ვერ ვიტყვი რომელი კანდიდატისადმი იხრება ჩემი სიმპათია, რადგან კალათბურთის სამყარო ისეთი პატარა წრეა, რომ ჩემი მეგობრებით არის სავსე. მე მოვისმენ ყველა კანდიდატის პროგრამას და შემდეგ მივიღებ გადაწყვეტილებას. ისე მე მწვრთნელი ვარ და ხმის უფლება არ მაქვს, მაგრამ სიმპათიაზეც ვერაფერს გეტყვით, სანამ ყველა კანდიდატს არ მოვუსმენ. მე მაქვს 30-წლიანი ურთიერთობა ბესიკ ლიპარტელიანთან. მიშა ახვლედიანი ჩემი ბავშვობის მეგობარია. მე და მიხეილ გაბრიჩიძე ერთად ვთამაშობდით, იგივე ბოისაც. კახა შენგელიაც ჩემი ბავშვობის მეგობარია. ამიტომ თავს შევიკავებ სიმპათიის გამოხატვაზე. ძალიან მომეწონა მიშა გაბრიჩიძის პროგრამა. ვეთანხმები ბევრ რამეში. ჩვენს შორის კომუნიკაცია შედგა, ჩემი პრობლემებიც ვუთხარი და ალბათ ყველაფერს გაითვალისწინებს  გამარჯვების შემთხვევაში. პრობლემები, რაც ჩვენ შეგვხვედრია სუპერლიგაში, თითქმის უცნობი იყო მიშასთვის და გავუზიარე, როგორიცაა ფინანსური ხარჯების და სხვა ყოფადი პრობლემები. მან ყველაფერი ჩაინიშნა და დარწმუნებული ვარ გაითვალისწინებს. ვინც ჩამოვა ყველა კანდიდატს გავაცნობ ამ პრობლემებს. კახა შენგელიასთან უკვე ნალაპარაკები მქონდა და ვიცი, რომ აპირებს ჩამოსვლას. დანარჩენი კანდიდატები ჯერ არ დაგვკავშირებიან, თუმცა დარწმუნებული ვარ, ისინიც ჩამოვლენ.

მიხეილ გაბრიჩიძე (კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატი): ”აჭარაში კალათბურთი ვითარდება, ყოველწლიურად სულ უფრო მეტი ბავშვი შედის საკალათბურთო სექციაში და მჯერა, რომ კალათბურთით დაინტერესებული ბავშვების რაოდენობა მხოლოდ გაიზრდება. ბათუმში ძალიან საინტერესო, ინფორმაციულად დატვირთული შეხვედრა გვქონდა. რაღაცეები გამოსასწორებელია, რაღაცეებზე შევთანხმდით და მჯერა, რომ  საერთო ძალებით ბევრ პრობლემას მოვაგვარებთ. ბათუმში კარგი კლუბია, რომელიც წელს ლეგიონერებით გაძლიერდა და აქვს ამბიციები. ეს კარგია. გულშემატკივრები მიდიან კარგი გუნდის სანახავად და ეს არა მხოლოდ ამ კლუბის, რეგიონის და მთლიანობაში, საქართველოში კალათბურთის პოპულარიზაციას ზრდის. გაქვს შედეგი? გულშემატკივარი მეტ ნდობას გიცხადებს. მსურს, რომ ყველამ იცოდეს - ბათუმში, აჭარაში კალათბურთის განვითარებისთვის მაქსიმუმს გავაკეთებთ. საკალათბურთო თემა ამოუწურავია. ჩვენ ხელს შევუწყობთ რეგიონს, ბათუმს პოტენციალის რეალიზებაში და მჯერა, რომ შედეგიც სათანადო იქნება. გამოსასწორებელს გამოვასწორებთ და ამ რთულ, დამღლელ პროცესს ბოლომდე მივიყვანთ. იცით, როგორ მსიამოვნებს, როდესაც მესმის, რომ ამა თუ იმ რეგიონიდან ქვეყანას კიდევ ერთი, კიდევ ორი, სამი, ოთხი ან მეტი ნიჭიერი ახალგაზრდა მოთამაშე შეემატა? ეს ხომ მშვენიერია. ადგილობრივი მოსახლეობის ლტოლვა და კალათბურთის სიყვარული დასაფასებელია. და ჩვენ ამას დავაფასებთ.”

0.120973