ფეხბურთი

20:06 | 9.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

მიქსუ პაატელაინენი: “დაცვიდან ვითამაშებთ, მაგრამ გოლიც საჭიროა”

ფინეთის ეროვნული ნაკრების თავკაცი მიქსუ პაატელაინენი არ მალავს, რომ საქართველოს ეროვნულ გუნდთან ხვალ ჩასატარებელ მატჩში დაცვითი ტაქტიკის არჩევას გეგმავს. მიუხედავად ამისა, სკანდინავიელთა თავკაცი თავისი გუნდისგან გოლსაც მოითხოვს.

დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე, პაატელაინენს განსაკუთრებული ემოცია არ ეტყობოდა. ვერ გაიგებდით, რა განწყობით ხვდებოდა “ჯვაროსნებთან” მოახლოებულ მატჩს. ქართველი ფეხბურთელების შესახებ 46 წლის სპეციალისტი განსაკუთრებული პატივისცემით საუბრობდა, რაც, შესაძლოა, საფრანგეთთან ფრის (0:0) დამსახურებაც იყოს.

პაატელაინენმა ქართველი ჟურნალისტების რამდენიმე კითხვას უპასუხა, შემდეგ კი, ფინელებზე გადაერთო და მათთან მშობლიურ ენაზე ისაუბრა.

- რას ფიქრობთ საქართველოს ნაკრებზე?

- ხვალ მაღალი დონის გუნდის წინააღმდეგ ვითამაშებთ. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია საქართველოს ნაკრების დაცვის ხაზი. ვფიქრობ, მათი საუკეთესო ფეხბურთელი მეკარე გიორგი ლორიაა, რომელიც დისკვალიფიკაციის გამო ვერ ითამაშებს. როგორც გავიგეთ, სხვა ქართველი მეკარეებიც მაღალი დონისანი არიან. ქართველი ფეხბურთელები ინდივიდუალურად კარგად თამაშობენ. შედეგის მისაღწევად, დაცვაში შეცდომები არ უნდა დავუშვათ.

- ანუ, საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ დაცვით ტაქტიკას აირჩევთ?

- ფეხბურთს მარტივი ფილოსოფია აქვს – ან უნდა შეუტიო, ან თავი დაიცვა. ხვალინდელ შეხვედრაში მხოლოდ დაცვაში ყოფნას არ ვაპირებთ. ვფიქრობ, კარგი მატჩი გამოვა. ესპანეთთან მატჩის შემდეგ, სასტარტო შემადგენლობაში რამდენიმე ცვლილების გაკეთება გადავწყვიტე. დაცვიდან ვითამაშებთ, მაგრამ გოლიც უნდა გავიტანოთ.

- რას იტყვით თქვენი ნაკრების ფორვარდ ტეემუ პუკიზე, რომელიც გასულ სატრანსფერო სეზონში გელზენკირხენის “შალკედან” გლაზგოს “სელტიკში” გადაბარგდა?

- პუკი ძალიან ახალგაზრდაა, მაგრამ უკვე დიდი გამოცდილება დაუგროვდა. მისთვის შოტლანდია მშვენიერი ასპარეზია. დარწმუნებული ვარ, მისი ტრანსფერი ფინეთის ნაკრებზეც სასიკეთოდ აისახება. ასეთი დონის კლუბებში ჩვენი ფეხბურთელების ყოფნა უაღრესად მნიშვნელოვანია.

- ექსპერტების აზრით, ევროპული გრანდების წინააღმდეგ, ქართველებს უფრო კარგად გამოსდით თამაში, ვიდრე ფინელებს...

- საქართველოს ნაკრები დაცვითი ტაქტიკით თამაშობს. საფრანგეთის ეროვნულ გუნდთან ამ დავალების წარმატებით შესრულება ურთულესია, მაგრამ ქართველები “მამლების” წინააღმდეგ კარგად გაისარჯნენ.

 

...პრესკონფერენციის დასრულების შემდეგ, მოედნისკენ გადავინაცვლეთ, სადაც ფინეთის ნაკრების ვარჯიში მიმდინარეობდა. საწვრთნელი პროცესი პრესისთვის მხოლოდ 15 წუთის განმავლობაში იყო ღია. ფინელები მსუბუქად დაიტვირთნენ, შემდეგ კი, ბურთთან ერთად ვარჯიში დაიწყეს და მოკლე ზუსტ გადაცემებს ამუშავებდნენ. შეიძლება ითქვას, “დინამო არენას” უშინაურდებოდნენ. საგულისხმოა, რომ მთავარი მწვრთნელისგან განსხვავებით, შეგირდები საკმაოდ კარგ განწყობაზე იყვნენ და არც ხუმრობებზე ამბობდნენ უარს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ფინეთის ნაკრებ გუნდებთა დაპირისპირება სამშაბათს, 21:00-ზე დაიწყება. აღნიშნული მატჩი ჩვენი ჯგუფის მე-3-ადგილოსნის ბედს გადაწყვეტს.

 

0.237442