ფეხბურთი

23:19 | 25.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

“მერანი” ისევ დამსახურებულად იგებს

დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშების ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო შეხვედრა სამტრედიაში გაიმართა, სადაც ეროსი მანჯგალაძის სახელობის ხელოვნურსაფარიან მინდორზე ლანჩხუთის ,,გურია’’ მარტვილის ,,მერანს’’ დაუხვდა. მართალია, 1/8-ფინალურ წყვილში პირობით მასპინძლებად გურულები ითვლებოდნენ, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რომ მიმდინარე ეროვნულ ჩემპიონატში მარტვილელთა გუნდი საშინაო მატჩებს სამტრედიაში ატარებს და 4 გამართულ შეხვედრაში 4 გამარჯვება აქვთ მოპოვებული, ლანჩხუთელებთან შედარებით ისინი უფრო კომფორტულ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ.

შეხვედრა ლანჩხუთელთა უპირატესობით დაიწყო. პირველი სახიფათო მომენტი მათ მე-8 წუთზე შექმნეს. ისიანმა ორ მეტოქეს გვერდი აუარა და საჯარიმოს კუთხიდან ძლიერი დარტყმა განახორციელა. ბურთმა კარის მარჯვენა ძელს ახლოს ჩაუქროლა.

მაშინვე მარტვილელებმა საპასუხო შეტევა განავითარეს, რომლის შემდეგაც კუჭუხიძე ხელსაყრელ პოზიციაში აღმოჩნდა. იგი ოდნავ წინ გადაადგილდა და საჯარიმოს რკალიდან ძლიერი დარტყმით გურულთა კარის ბადე შეარხია – 0:1.

ამის შემდეგ თამაში ჩაწყნარდა და დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში მოედანზე საინტერესო აღარაფერი მომხდარა.

ნახევარი საათის მიწურულს მეტოქეები ისევ გამოცოცხლდნენ და შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით გაგრძელდა. 30-ე წუთზე ლანჩხუთელთა სწრაფი შეტევის დასასრულს ისიანმა ზუსტი პასით კოშკაძე საჯარიმოს წინა ხაზთან ხელსაყრელ პოზიციაში გაიყვანა. მართალია, გურულთა კაპიტანს ხელს არავინ უშლიდა, მაგრამ დარტყმა მისთვის უხერხული მარჯვენა ფეხით სცადა და ბურთი მიზანს ააცილა.

32-ე წუთზე სტუმრებმა თავიანთი საგოლე შეტევის თითქმის ანალოგიური კომბინაცია გაითამაშეს. საბოლოო დარტყმა ისევ კუჭუხიძემ შეასრულა, თუმცა ამჯერად ბურთი ხარიხას ზევიდან გადააცილა.

ხუთ წუთში თავის გამოჩენის შანსი ისევ კუჭუხიძეს მიეცა. სწრაფი კოტრშეტევის შემდეგ თანაგუნდელებმა იგი ბობღიაშვილს პირისპირ შეატოვეს, მაგრამ ამჯერად გურულთა კიპერმა იმარჯვა და სტუმართა შემტევის დარტყმული ბურთი ფეხებით მოიგერია. დამატებაზე ყველას კერძევაძემ დაასწრო, თუმცა მისი ძლიერი გასროლა არაზუსტი გამოდგა.

უკანასკნელი ხუთწუთეული გურულთა უპირატესობით წარიმართა. 43-ე წუთზე შენგელიამ მარჯვენა ფლანგზე რამდენიმე მეტოქე ჩამოიტოვა, საჯარიმოს კუთხისკენ გადაინაცვლა და მარცხენა ფეხით მეკარეს შორეულ კუთხეში დაურტყა. ხარშილაძე აკრობატულ ნახტომში მისწვდა ბურთს და კუთხურზე მოიგერია.

ტაიმის ბოლოს ჩუენსუს ჩაწოდების შემდეგ შალამბერიძე ურტყამდა თავით მეკარის ბაქნიდან, თუმცა სუსტი დარტყმა გამოუვიდა და ხარშილაძეს ბურთის დაუფლება არ გასჭირვებია.

შეხვედრის განახლების შემდეგ გურულთა უპირატესობა გამოიკვეთა. თუ პირველ ტაიმში ბურთს უმეტესად ,,მერანის’’ ფეხბურთელები ფლობდნენ, მეორე ნახევარში პირობითმა მასპინძლებმა სამტრედიის ხელოვნურსაფარიან მინდორს ალღო აუღეს და მათ შეტევებს უფრო გააზრებული სახე მიეცა.

54-ე წუთზე გურულთა სწრაფი იერიშის შემდეგ შალამბერიძემ ერთი შეხებით ბურთი ჯიშკარიანს შეუგდო. შეტევაში ჩართულმა ლანჩხუთელმა ფეხბურთელმა თავისი ვიზავი სისწრაფეში დაჩაგრა და საჯარიმოში შეიჭრა, სადაც მისი შეჩერება შეცვლაზე შესულმა გეგეჭკორმა მხოლოდ აკრძალული ილეთის ხარჯზე მოახერხა. არბიტრმა ნინუამ წესის დამრღვევი ფეხბურთელი ყვითელი ბარათით დასაჯა და ხელი 11-მეტრიანი ნიშნულისკენ გაიშვირა. პენალტის შესრულება ჩიკვილაძემ ითავა. მართალია მისი დარტყმა ბობღიაშვილმა მოიგერია, მაგრამ ბურთთან ყველას ისევ ჩიკვილაძემ მიასწრო და განმეორებითი დარტყმით წონასწორობა აღადგინა – 1:1.

ამ გოლის შემდეგ თამაში ისევ ლანჩხუთელთა უპირატესობით გაგრძელდა. 63-ე წუთზე ჩუენსუმ შენგელიასთან კუთხური გაითამაშა, რის შემდეგაც ამ უკანასკნელმა საჯარიმოში შევარდნილი ისიანისკენ გამჭოლი გადაცემა განახორციელა. გურულთა ფორვარდი თანაგუნდელის პასს საჭირო ადგილზე დაუხვდა და შეუჩერებელი დარტყმით ბურთი მარტვილელთა კარისკენ ტყვიასავით გაისროლა. სტუმართა სასიხარულოდ ბურთმა ხარშილაძის დასაცავ ობიექტს ზევიდან გადაუფრინა.

5 წუთის შემდეგ ,,მასპინძლებმა’’ კუთხურის ალმის სიახლოვეს საჯარიმო დარტყმის უფლება მოიპოვეს. ჯარიმის შესასრულებლად ჩიკვილაძე გაემზადა. ყველას ეგონა, რომ იგი ბურთს საჯარიმო მოედანში ჩააწოდებდა, ის კი სხვაგვარად გაისარჯა და ძლიერი მოჭრილი დარტყმა განახორციელა. ბურთი მარტვილელთა კარის ხარიხას მიენარცხა და მოედანს დაუბრუნდა. დამატებაზე გურულებმა ვეღარ იყოჩაღეს.

ამის შემდეგ სტუმრებიც გამოცოცხლდნენ და 10 წუთის ინტერვალში ზედიზედ სამი სახიფათო მომენტი შექმნეს. პირველად თავის გამოჩენა ბაბუნაშვილს შეეძლო, თუმცა ახლო მანძილიდან მისი დარტყმული საჯარიმო ოდნავ არაზუსტი გამოდგა. შემდეგ კერძევაძესაც ჰქონდა შანსი, მაგრამ მის დარტყმულსაც იგივე ბედი ეწია. მარტვილელთა მესამე შეტევამ კი შედეგი გამოიღო. 82-ე წუთზე სტუმრებმა მრავალსვლიანი კომბინაცია გაითამაშეს, რის შემდეგაც ფონიავა ხელსაყრელ პოზიციაში აღმოჩნდა. მან თანაგუნდელებს ამაგი დაუფასა და ზუსტი დარტყმით ბურთი გურულთა კარის “ცხრიანში” მოათავსა – 1:2.

მალევე ჩიკვილაძე მეორე გაფრთხილების გამო მოედნიდან გააძევეს და ლაჩხუთელთა მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა. მიუხედავად ამისა, გურულებმა უკანასკნელი ღონე მოიკრიბეს და მთელი გუნდით შეტევაზე გადავიდნენ, თუმცა ამით სახეიროს ვერაფერს მიაღწიეს. პირიქით, შეხვედრის ბოლოს მათ მეტოქის კონტრშეტევა გაეპარათ და მეკარესთან პირისპირ გასულ კერძევაძეს ოდნავ მეტი სიზუსტე რომ გამოეჩინა, მარტვილელები ანგარიშში სხვაობას კიდევ უფრო გაზრდიდნენ.

არბიტრის საფინალო სასტვენმა მარტვილელთა დამსახურებული გამარჯვება დააფიქსირა.

მატჩის შემდეგ ,,მსოფლიო სპორტმა’’ ორივე გუნდის მწვრთნელებს კომენტარი ჩამოართვა:

მალხაზ ჟვანია (,,მერანი”): ,,ჩემთვის თავიდანვე ცხადი იყო, რომ მძიმე ბრძოლა გველოდა. საგოლე მომენტები ორივე გუნდს საკმარისად ჰქონდა, თუმცა რეალიზაცია ჩვენ უფრო მოვახერეთ. ვფიქრობ დამსახურებული გამარჯვება მოვიპოვეთ.” 

დავით მახარაძე (,,გურია”): ,,პრაქტიკულად მე უკვე აღარ ვარ გუნდის მთავარი მწვრთნელი, გუნდის ვარჯიშსაც სხვა ატარებს, ამიტომ კომენტარისგან თავს შევიკავებ.”

 

საქართველოს თასი. მერვედფინალი. პირველი მატჩი

,,გურია” (ლანჩხუთი) - ,,მერანი” (მარტვილი) 1:2 (0:1)
25 სექტემბერი
. 16:00 სთ. სამტრედია. ,,ეროსი მანჯგალაძე’’. 500 მაყურებელი                                      

,,გურია”: ბობღიაშვილი, ჩუენსუ, იობაშვილი, ჩიკვილაძე, ჯიშკარიანი, ჯოჯუა, შენგელია, გაჩეჩილაძე (დარჩიძე 75), შალამბერიძე, კოშკაძე (კ), ისიანი (ტორონჯაძე 83);

მთავარი მწვრთნელი: დავით მახარაძე

,,მერანი”: ხარშილაძე, მელიავა, ქარქუზაშვილი, ფარულავა, ხუბუა (გეგეჭკორი 20), ფონიავა, კერძევაძე, კვანტალიანი, კუჭუხიძე, ბაბუნაშვილი (კ) (ქათამაძე 86), ციკოლია (შულაია 59);

მთავარი მწვრთნელი: მალხაზ ჟვანია

გოლები: 0:1 კუჭუხიძე (9), 1:1 ჩიკვილაძე (55), 1:2 ფონიავა (82);

გამოუყენებელი პენალტი: ჩიკვილაძე (55);

გაფრთხილება: კერძევაძე (25), გეგეჭკორი (54), ჩიკვილაძე (57), ჩუენსუ (74), ჩიკვილაძე (85), ქათამაძე (90+2);

გაძევება: ჩიკვილაძე (85);

მსაჯი: ბაკურ ნინუა;

 

სიონი (ბოლნისი) _ ზესტაფონი 1:0 (0:0)

დილა (გორი) _ დინამო (ბათუმი) 1:0 (0:0)

კოლხეთი (ხობი) _ დინამო (თბილისი) 0:9 (0:6)

ლოკომოტივი (თბილისი) _ ჩიხურა (საჩხერე) 0:3 (0:1)

მეტალურგი (რუსთავი) _ კოლხეთი (ფოთი) 2:0 (1:0)

ტორპედო (ქუთაისი) _ სპარტაკი (ცხინვალი) 2:2 (0:1)

მერვედფინალური ეტაპის განმეორებითი მატჩები 30 სექტემბერს ჩატარდება.

      

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117793